Accessibility links

logo-print
შავი და ბალტიის ზღვების მახლობლად მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები განგაშით ხვდებიან რუსეთის მცდელობას, საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებისგან აღჭურვილობა შეისყიდოს. ექსპერტთა უმრავლესობას არ ჰგონია, რომ ახლო მომავალში მოსალოდნელი იყოს რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმა, თუმცა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ქმედებებს მაინც შეშფოთებით ადევნებენ თვალს საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რუსეთისთვის დასავლური იარაღის მიყიდვის პერსპექტივამ ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის არსებული სოლიდარობაც ეჭვქვეშ დააყენა.

ექსპერტების თანახმად, მოსკოვმა, სულ მცირე, ექვს დასავლეთევროპულ სახელმწიფოს მიმართა მათგან მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის თხოვნით.

თუმცა რუსეთის „საყიდლების სიაში“ ყველაზე საკამათო საგანი, ალბათ, მაინც ფრანგული „მისტრალის“ კლასის ვერტმფრენმზიდია - 200 მეტრის სიგრძის ხომალდი, რომელიც საზღვაო ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი.

შვეციაში განთავსებული საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პოლ ჰოლტომმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ხომალდის გამოყენება რამდენიმე განსხვავებული მიზნით არის შესაძლებელი:

„საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპორტისა და გაყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა ამ ხომალდს „შვეიცარიული ჯაყვა“ უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება რამდენიმე განსხვავებული ფორმით არის შესაძლებელი. მას შეუძლია ზიდოს ვერტმფრენები, ქვეითი ჯარი, საავადმყოფოები, ლტოლვილები“, - ამბობს ექსპერტი.

„მისტრალის“ კლასის ხომალდს შეუძლია გადაიყვანოს 900-მდე ჯარისკაცი, ზიდოს 4 სადესანტო ნავი, 35 ვერტმფრენი და 70 სახმელეთო მანქანა, მათ შორის, 13 ტანკი. საფრანგეთს ამჟამად „მისტრალის“ კლასის ორი ხომალდი აქვს - ერთს „მისტრალი“ ეწოდება, მეორეს „ტონერი“.

ჰოლტომის თქმით, ეს ორივე ხომალდი გამოყენებული იყო სამშვიდობო კამპანიებსა და ნარკოტიკების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ისინი განსაკუთრებით საჭირო იყო ჰუმანიტარული კრიზისების დროს - გამოიყენეს 2006 წელს, ლიბანისა და ისრაელის კონფლიქტის დროს, ლიბანიდან საფრანგეთის მოქალაქეების გასაყვანად და 2008 წელს - ციკლონით დაზარალებული ბირმისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოსაჩენად.

გემის აღწერილობა ცვალებადია - როგორც ჩანს, ეს მისი მესაკუთრე მთავრობის მისწრაფებებზეა დამოკიდებული. 2008 წელს გემი ციკლონით დაზარალებული ბირმისთვის დახმარების აღმოსაჩენად გამოიყენეს. ამ ქვეყნის ავტორიტარული და იზოლირებული მთავრობის გასაგონად, როგორც იუწყებოდნენ, გაეროში საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ „მისტრალი“ საბრძოლო გემი არ იყო.

რუსეთი კი გემს სულ სხვაგვარად აღწერს. საქართველოში კარგად ახსოვთ, როგორ განაცხადა 2009 წლის სექტემბერში რუსეთის სამხედრო ფლოტის მეთაურმა ვლადიმირ ვისოცკიმ:

"რუსეთს ეს გემი საქართველოსთან ომის დროს რომ ჰყოლოდა, შავი ზღვის ფლოტი სულ 40 წუთს მოანდომებდა იმ ამოცანის შესრულებას, რომელსაც 26 საათი დასჭირდა."

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ რუსეთის მხრიდან „მისტრალის“ შესყიდვას საქართველო განსაკუთრებით ეწინააღმდეგება. ნოემბერში, პარიზში ყოფნისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამოსვლისას თქვა, თბილისი უკიდურესად შეშფოთებულია მოსკოვის მხრიდან ფრანგული გემით დაინტერესების გამოო.

შეშფოთება შეიმჩნევა ნატოს ახალ ბალტიისპირელ წევრებშიც, რომლებსაც მოსკოვთან, ტრადიციულად, დაძაბული ურთიერთობა აქვთ. როცა ნოემბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, ოფიციალურად მიმართა საფრანგეთის მთავრობას „მისტრალის“ შესახებ, მან თქვა, რუსეთი ამ ხომალდს „სადაც საჭიროდ ჩათვლის, იქ გამოიყენებსო.“ გასული წლის ბოლოს ესტონეთმა და ლატვიამ განაცხადეს, რომ რუსეთის საკუთრებაში არსებული „მისტრალის“ კლასის ხომალდის ბალტიის ზღვაზე გამოჩენა რეგიონში „ძალთა ბალანსს“ შეცვლიდა და საპასუხო ზომებს გამოიწვევდა, და საფრანგეთს სთხოვეს, არ მიეყიდა ეს გემი რუსეთისთვის. ამასთან, დიპლომატიური არხებით ბალტიისპირელებმა საქმეში ჩარევა ვაშინგტონსაც სთხოვეს.

ვისოცკი: რუსეთს ეს გემი საქართველოსთან ომის დროს რომ ჰყოლოდა, შავი ზღვის ფლოტი სულ 40 წუთს მოანდომებდა იმ ამოცანის შესრულებას, რომელსაც 26 საათი დასჭირდა.
ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ ერთი ან მეტი „მისტრალის“ ტიპის გემის შესყიდვა არ გაუტოლდება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის პირდაპირ საშიშროებას.

ლონდონში მცხოვრები საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი, ჯონატან ეიალი, ფიქრობს, რომ „გამალებული შეიარაღება ამ ეტაპზე არც რუსეთის და არც ნატოს ინტერესებში არ შედის“.

თუმცა ეიალი იქვე დასძენს: ის გარემოება, რომ საფრანგეთი და სხვა რამდენიმე დასავლეთევროპული ქვეყანა თითქოს მზად არის რუსეთს აღჭურვილობა მიჰყიდოს, აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების პროტესტის მიუხედავად, ნატოს წევრებს შორის არსებულ სოლიდარობის განცდას ეჭვქვეშ აყენებს:

„ნატოს შიგნით ახლა ძალიან სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ მაინც რას ნიშნავდა ნატოს გაფართოება და რამდენად მზად არის ალიანსი იბრძოლოს თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ეს საკითხი ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შესახებ მიმდინარე დისკუსიის შემადგენელი ნაწილია“, - აცხადებს ეიალი.

ამ დისკუსიის ღერძი, როგორც ჩანს, ის არის, თუ ვინ რამდენად სახიფათოდ აღიქვამს რუსეთის ფაქტორს. ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას და პოლონეთს სურთ ნატომ რუსეთი ღიად აღიაროს პოტენციურ საფრთხედ. ამ პოზიციის გასამყარებლად, ეიალის თქმით, საჭირო იქნება „დასავლეთის აღჭურვილობის წინასწარ პოზიციებზე განლაგება და პირველადი თავდაცვითი გეგმების შემუშავება“.

საპირისპირო ბანაკი საფრანგეთსა და გერმანიას აერთიანებს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ კონრტპროდუქტიული პროვოკაცია იქნება. მათი აზრით, დასავლეთი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად უნდა მოეკიდოს, რომელიც თანდათან უნდა ინტეგრირდეს ევროპაში.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან ვაშინგტონისთვის მიმართვას ჯერჯერობით მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია.

ევროპის უსაფრთხოების ბრიტანელმა მკვლევარმა, ალისტერ კამერუნმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დეკემბერში შეერთებული შტატების სენატორების ჯგუფმა მათ ქვეყანაში საფრანგეთის ელჩს წერილობით მიმართა. სენატორების თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა მოწმობს, რომ ის სანდო პარტნიორი არ არის. შესაბამისად, წერდნენ სენატორები, რუსეთის მხრიდან „მისტრალის“ მსგავსი მაღალგანვითარებული აღჭურვილობის შეძენამ, შესაძლოა, დასავლეთის ინტერესებს ზიანი მოუტანოსო.

კამერუნის თქმით, საფრანგეთის პასუხი ის იყო, რომ ქვეყანა კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლის ერთგული რჩება და ამ საკითხმა შეერთებული შტატები არ უნდა შეაშფოთოს.

ანალიტიკოსების აზრით, ამ საკითხში პირდაპირმა ჩარევამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ წამოწყებულ „გადატვირთვის“ პოლიტიკას რუსეთთან. ამავე დროს, ურთიერთობის გაფუჭების შიშით, ვაშინგტონი თავს იკავებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმის მითითებისგან, თუ ვის მიჰყიდონ აღჭურვილობა და ვის არა.

საფრანგეთს „მისტრალის“ გაყიდვაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ დათანხმდება, ეს ყველაზე მსხვილი გარიგება იქნება, რომელიც ნატოს წევრ და არაწევრ ქვეყანას შორის ოდესმე მიღწეულა. ცნობილია, რომ საფრანგეთს რუსეთთან კავშირების განმტკიცება სურს. პარიზმა 2010 წელი „რუსეთის წლად“ გამოაცხადა - შესაბამისად, რუსეთში იგივე წელიწადი „საფრანგეთისად“ იქცა.

რუსეთის მიმართ საფრანგეთის ასეთ ენთუზიასტურ დამოკიდებულებას დიდწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნის ამბიცია, მსოფლიო პოლიტიკაში ევროკავშირი შეერთებული შტატების საპირწონე ძალად აქციოს. შიდაევროპულ კონტექსტში მნიშვნელოვანი ფაქტორია საფრანგეთის გერმანიასთან ერთგვარი „შეჯიბრიც“ - ბოლო დრომდე ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის განვითარებაში მთავარ როლს ხომ სწორედ ბერლინი ასრულებდა.

საფრანგეთის გარდა, საბრძოლო გემების შესყიდვის შესაძლებლობის შესახებ რუსეთმა ჰოლანდიას და ესპანეთსაც მიმართა.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთმა გაიაზრა, რომ მისი სამხედრო-ინდუსტრიული სექტორი თანამედროვე მოთხოვნებს აღარ პასუხობს და ამ სფეროს მასშტაბური მოდერნიზაცია წამოიწყო. სამხედრო ფლოტის გაზრდის გარდა, რუსეთი აუმჯობესებს თავის ბირთვულ არსენალს, სარაკეტო სისტემებს და საჰაერო ძალებს. მრავალფეროვანი, მაღალგანვითარებული აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს სკანდინავიის ქვეყნებთან, იტალიასთან, ისრაელთან და რამდენიმე სხვა ქვეყანასთან.

ამასთან, როგორც ჩანს, რუსეთი დასავლეთის გამოცდილების შესწავლას და გადაღებას აპირებს. ადმირალ ვისოცკის განცხადებით, რუსეთი გეგმავს „მისტრალი“ ერთგვარ მოდელად გამოიყენოს და კიდევ 3-4 მსგავსი ხომალდი ააგოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG