Accessibility links

logo-print
”ახლა ისღა მაკლია, რომ ოპოზიციიდანაც გამოვიდეს ისეთი ხალხი, რომელიც რუსეთის თამაშით თამაშობს ან იმედი აქვს, რომ თავის სტატუსს დაიმკვიდრებს და დემაგოგიურ პოპულიზმს მოიპოვებს”, - აცხადებს „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას. ის ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ბოლო პერიოდში რუსეთში ვიზიტებს მოუხშირა, ”მარგინალებს” უწოდებს. მისი აზრით, ამ დიალოგს არც აზრი აქვს და ერთადერთი შედეგი, რაც მას შეიძლება მოჰყვეს, არის დივერსია. იმის მაგივრად, რომ მთავარ საკითხზე ვიყოთ ორიენტირებულნი, სერიოზული მოძრაობა წავიდეს ამ მიმართულებით და შევცვალოთ ხელისუფლება, ხდება აქცენტების გადატანა, რაც შეიძლება ჩვენი ბრძოლის შემაფერხებელი იყოს, - აცხადებს ზურაბიშვილი.

რისთვის ჩამოდიან ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები? როგორც გაზეთ ”რეზონანსში” ვკითხულობთ, თებერვლის დასაწყისში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფი ჩამოდის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იძიებს. რუსული მედია ამტკიცებს, რომ მოსამართლეები თბილისს რუსეთის სარჩელის საფუძველზე ეწვევიან, რომელშიც საქართველო ომის დაწყებასა და ოსი ხალხის გენოციდშია დადანაშაულებული. ოფიციალური თბილისი ამას უარყოფს. ამ ვიზიტის შესახებ ქართული მხარე ნაკლებინფორმირებულია. ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად ვინ შედის ამ დელეგაციაში. როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი ლია მუხაშავრია აბობს, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, რადგან თვითონ გამოძიების პროცესია საიდუმლო. როგორც მუხაშავრია ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეები დატოვა ომის საფრთხის პირობებში, დაცვისა და მფარველობის გარეშე, ეს ფაქტია. და თუ ეს კარგად დასაბუთდება, შეიძლება ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული დადგინდეს, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია”, - აცხადებს მუხაშავრია ”რეზონანსთან’ საუბრისას.

არასაპარლამენტო ოპოზიცია გივი თარგამაძისა და ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, წერს გაზეთი ”რეზონანსი”. მათი მტკიცებით, ხელისუფლებისა და ”კანონიერი ქურდების” კავშირი უდავოა, რაც, საქართველოს კანონმდებლობით, ისჯება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ”კანონიერი ქურდი” ”ხმელო” უკრაინაში გივი თარგამაძის ბიზნესპარტნიორია. სანამ ხელისუფლება დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ოპოზიცია გივი თარგამაძის, სოდ-ის უფროსის ერეკლე კოდუასა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

აღნიშნულ თემას ეხმაურება გაზეთი ”ახალი თაობაც”. ”ალიანსი საქართველოსათვის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის, განცხადებით, გივი თარგამაძის წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი გივი თარგამაძესა და ვანო მერაბიშვილს შორის ისევ აქტუალურია, წერს ”ახალი თაობა”. თარგამაძე ჩანაწერის არსებობას არ უარყოფს. დავით უსუფაშვილს საკმარისად მიაჩნია აღნიშნული მასალა იმისათვის, რომ გამოძიება დაინტერესდეს გივი თარგამაძის პიროვნებით და აღიძრას საქმე.

”ჟვანიას სიკვდილს ფარდა აეხდება?!” - წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”. როგორც ამბობენ, ჟვანიას სიკვდილის საიდუმლო მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. ამ რამდენიმე ადამიანიდან რამდენიმე დღეს ოპოზიციაშია და, ადრე თუ გვიან, ისინი ამ საიდუმლოს, ალბათ, გაახმაურებენ. ამ საიდუმლოს გამჟღავნებით ჩვენი არაერთი პოლიტიკოსი დაიმუქრა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ეს საქმე ყველამ სამომავლოდ გადადო. მათ შორის იყო ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი ზურაბ ნოღაიდელიც. არ არის გამორიცხული, რომ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით ნოღაიდელმა 3 თებერვლისთვის სკანდალური განცხადება გააკეთოს, წერს გაზეთი ”ახალი თაობა”.

ლეიბორისტების ლიდერი გაზეთ ”ალიას”, ასევე გაზეთ ”ალიას” განცხადებით, სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. საქმე კი 7 ნოემბრის დარბევას ეხება. როგორც შალვა ნათელაშვილმა ”ალიას” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, მომიტინგეები უკრაინულმა სპეცრაზმმა დაარბია: ”7 ნოემბრის ავადსახსენებელ დარბევამდე 5 დღით ადრე ჩვენთან მოვიდა ალექსეევკას სამხედრო ნაწილის ქართველი ოფიცრების წარმომადგენელი და განგვიცხადა, რომ აეროპორტში ჯდება თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინელი სპეცრაზმელებით არის სავსე. სიმართლე გითხრათ, ეს რომ მოვისმინე, სერიოზულად არ აღვიქვი”, - აცხადებს ნათელაშვილი და იქვე განაგრძობს, -

„რადგან ვიფიქრე, სააკაშვილს ყველგან სპეცრაზმი ჰყავს და რაში დასჭირდებოდა უკრაინიდან სპეცრაზმის ჩამოყვანა-მეთქი.” როგორც ნათელაშვილს მიაჩნია, იმის დამტკიცება, რომ 7 ნოემბრის აქციის დარბევაში უკრაინელი სპეცრაზმელებიც ღებულობდნენ მონაწილეობას, მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების წასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

”ირაკლი კოდუა საფრანგეთს თავშესაფარს სთხოვს?” - კითხვის ნიშნით სრულდება დღევანდელი ”ალიას” მორიგი სათაური. სტატია კულუარულ და კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით არის დაწერილი და არ ზუსტდება თითქმის არც ერთი ინფორმაცია. ”ალიას” ატყობინებენ, კოდუა საფრანგეთში გადადის სამუდამოდო. როგორც ჟურანლისტი წერს, მან უკვე სთხოვა თავშესაფარი საფრანგეთის მთავრობას. შსს-ში უკვე არავინ უარყოფს ინფორმაციას, რომ მალე სოდი და კუდი გაერთიანდება და ამ მონსტრს სათავეში ახალაია ჩაუდგებაო. როგორც ჟურნალისტს შეუტყვია, ირაკლი კოდუა თურმე სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, მაგრამ ამას არ ახმაურებენ.
XS
SM
MD
LG