Accessibility links

logo-print

ნატომ საქართველოს 2010 წლის ”საშინაო დავალების” გეგმა განიხილა


26 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის მორიგ შეხვედრაზე, ალიანსის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ახალი გეგმა განიხილეს. საუბარია 2010 წლის სამოქმედო გეგმაზე, რომლის შესრულებაც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოს სტანდარტებთან და რაც, თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად. ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. რას ითვალისწინებს 2010 წლის ”საშინაო დავალება” და რა მოთხოვნა დაემატა მას, წინა წლისგან განსხვავებით?

ნატო-საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ალიანსს უკვე მეორე წლის სამოქმედო გეგმა შეუთანხმა. 26 იანვარს ბრიუსელში საელჩოების პოლიტიკური მდივნების დონეზე გამართული შეხვედრის შედეგებს თბილისში ელოდებოდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე. სამშაბათს, დღის ბოლოს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტს, მთლიანობაში, ”ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე გამოიკვეთა შენიშვნები და რეკომენდაციები. მოადგილის ბრიუსელიდან დაბრუნებამდე გიორგი ბარამიძე მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება:

”აქ არც ერთი რეკომენდაცია და შენიშვნა არ არის ისეთი, რის გათვალისწინებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. ალბათ, უკვე მომავალ კვირას დამტკიცდება ეს დოკუმენტი ნატოში ინტეგრაციის კომისიის მიერ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ამ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის განხილვა უკვე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე მოგვიწევს. მექნება საშუალება ჩავიდე ბრიუსელში და, საბოლოოდ, ნატოსთან დავამტკიცოთ ეს დოკუმენტი.”

დოკუმენტის საბოლოო დამტკიცება 15 თებერვლამდეა მოსალოდნელი და მასში, ბარამიძის თქმით, უცვლელად დარჩება ძირითადი მოთხოვნები. ესენია, მაგალითად: რეფორმების გაგრძელება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში; ცალკეული სტრატეგიული დოკუმენტების გადასინჯვა რუსეთთან ომის გაკვეთილების გათვალისწინებით; საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და საგარეო პოლიტიკის გეგმები. აქვე საუბარია დამოკიდებულებაზე რუსეთთან და ურთიერთობაზე აშშ-სა და ევროკავშირთან.

ეს ის საკითხებია, რომლებიც ასევე გათვალისწინებული იყო 2009 წლის სამოქმედო გეგმაში, რომლის შესრულებაც ალიანსმა, ძირითადად, დადებითად შეაფასა გასული წლის 18 ნოემბერს ელჩების, ხოლო 3 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ითქვა, რომ ”საქართველომ პროგრესს ბევრ სფეროში მიაღწია”, თუმცა აღინიშნა ასევე ”შემდგომი პროგრესის საჭიროება” და დაიდო პირობა, რომ ამ პროგრესს თავად ”ნატო შეუწყობს ხელს.”

3 დეკემბრის სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ალიანსი "დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას 2010 წლის გაზაფხულზე" და რომ საქართველომ უნდა "გააღრმავოს მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები".

სწორედ მაისის არჩევნებთან დაკავშირებულ მოთხოვნას ასახელებს გიორგი ბარამიძე ერთ-ერთ იმ მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის 2010 წლის სამოქმედო გეგმას 2009 წლისგან განასხვავებს:

”უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩატარდება მაისის ბოლოს, იქნება სერიოზული გამოცდა საქართველოს დემოკრატიისთვის და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ერთი, რომ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ შეცდომები და არჩევნები უნდა ჩავატაროთ ობიექტურად, უმაღლესი ევროპული სტანდარტით და, მეორე მხრივ, ამას ემატება უსაფრთხოების საკითხიც. კონკრეტული საფრთხეა მომდინარე რუსეთიდან, რომელიც ელოდება საბაბს, როგორ დაძრას თავისი ტანკები თბილისისკენ... აქედან გამომდინარე, ნატოს ინტერესიც არის და, ბუნებრივია, ეს საკითხი სერიოზულად არის წარმოდგენილი ჩვენს დოკუმენტში.”

2010 წლის სამოქმედო გეგმაში ასევე გვხვდება სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. საუბარია როგორც მედიის თავისუფლების ხარისხზე, ასევე მუშაობის გაგრძელებაზე სასამართლოს რეფორმის მიმართულებით.

ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნატოსთან ურთიერთობა, სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის თქმით, კიდევ 2-3 წელიწადს მოუწევს. თუკი ამ პერიოდში საქართველომ რეფორმებს წარმატებით გაართვა თავი, შემდგომი ნაბიჯი უკვე ალიანსის გადასადგმელი იქნება. როგორი იქნება ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ჯერ არავინ იცის. გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორის ექსპერტები ასახელებენ როგორც რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე ნატო-რუსეთის დამოკიდებულებასა და მსოფლიო გლობალურ პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG