Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეჯვრისხეველებს სასმელი წყალი არ აქვთ


გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევს თითქმის სამი თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება, ნაწილი კი წვიმის წყალს აგროვებს. წყლის სათავე ნაგებობა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სოფელ ღრომის ტერიტორიაზე მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაგებობა დაზიანებულია, მეჯვრისხეველები კი მის შესაკეთებლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ღრომელები მეჯვრისხეველებს წყლის მიწოდებაში ფულს სთხოვენ. ღრომს კი, თავის მხრივ, ენერგოპროჯორჯიას დავალიანება აქვს.

როგორც მეჯვრისხეველები ამბობენ, წყლის სანაცვლოდ რუსი და ოსი ჯარისკაცებისთვის თანხა არაერთხელ გადაუხდიათ, მაგრამ ამჟამად მათთან კონტაქტი გაწყვეტილია.

მეჯვრისხეველები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

გორის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მილსადენის აღდგენა ვერ მოხერხდება. აგვისტოს ომის შემდეგ, გორის რაიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში წყლის პრობლემის შექმნისთანავე, ხელისუფლებამ იქ რამდენიმე ჭაბურღილი დაამონტაჟა, მაგრამ ამჟამად ჭაბურღილები უფუნქციოა, რადგან სოფელს ელექტროენერგიის დავალიანებაც დაუგროვდა. გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გივი ხუროშვილის განცხადებით, პრობლემა დენის საფასურის გადახდის შემდეგ მოგვარდება.

სოფლის დავალიანება 2 000 ლარს აჭარბებს. გარდა ამისა, მეჯვრისხეველების თქმით, ჭაბურღილებიდან მიღებული წყალი მთელი სოფლისთვის საკმარისი არ არის. სისტემის მუშაობა კი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოითხოვს, რომლის საფასურის გადახდაც მოსახლეობას არ შეუძლია.
XS
SM
MD
LG