Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 იანვარი 2010


”სიურპრიზი ოპოზიციისთვის” - ამ სათაურით ”24 საათში” გამოქვეყნებულ სტატიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივებზე წაიკითხავთ: ”ზურაბ ხარატიშვილი პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას, ანუ თამაშის ახალ წესებზე შეთანხმებას, სთავაზობს. შეთავაზება ორ ძირითად შეტყობინებას შეიცავს - ერთი მხრივ, უშუალო მონაწილეობა სიების გადამოწმებაში, დავებისა და ზოგადად ცესკოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში, მეორე მხრივ კი - პარტიების მიერ პარტიული კვოტით წარდგენილი კომისიის წევრების უკან გაწვევაზე მორატორიუმის გამოცხადება.”

დღეს რამდენიმე ქართული გაზეთი წერს 26 იანვარს ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ეძღვნებოდა. ”ნოღაიდელის უკან პრიმაკოვი დგას”, - წერს ”ახალი თაობა”. სტატიაში წაიკითხავთ: ”ექს-პრემიერის საეჭვო და საქმიან ვიზიტებს ქართველი ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. მათი უმეტესობა ნოღაიდელის ”დვიჟენიებს” იწუნებს. ეს ამბავი არც ”ექსპერტთა კლუბში” მოსწონთ. აქ მიაჩნიათ, რომ ნოღაიდელის სამოქმედო სცენარი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კაბინეტებში იწერება და ევგენი პრიმაკოვის მიერ შემუშავებული გეგმის შემადგენელი ნაწილია.”

”ნოღაიდელს კონფერენცია ჩაუვარდა” - ასეთია ”24 საათის” სათაური. ავტორი წერს: ”კონფერენციაზე სამ ათეულზე მეტი პოლიტიკოსი და ექსპერტი იყო მიწვეული. მათგან ნოღაიდელის ”ხვალინდელ დღეზე” მსჯელობა მხოლოდ ორმა არ ითაკილა.”

”კარგი იყო, მსგავსი შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულიყო და ასეთ სერიოზულ საკითხებზე იქ გვემსჯელა”, - ამბობს 26 იანვრის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ადრე, ”ვარდების რევოლუციამდე”, მსგავსი შეხვედრები საგარეო სამინისტროში იმართებოდა და ექსპერტების მოსაზრებებს ისმენდნენ. ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, თუ რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები საგარეო კურსთან დაკავშირებით”, - ამბობს კლიმიაშვილი.

”ვერსიის” სათაურია - ”შერიგება, თუ გარიგება... რუსეთთან. მოსახლეობის რამდენი პროცენტის დაკვეთას ასრულებს ნოღაიდელის დე ფაქტო ალიანსი?”. ”ვერსია” ნოღაიდელთან ინტერვიუსაც აქვეყნებს: ”საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინ რას სთავაზობს საგარეო პოლიტიკაში. სხვანაირად არაფერი გამოვა. მე, მაგალითად, ვერაფრით დავადგინე, რას გვთავაზობენ ამ კუთხით სხვა პარტიები. საერთოდ, ტერმინებს - პრორუსული და პროდასავლური თავი დავანებოთ.”

”ვერსიაში” ქვეყნდება პარტია ”თავისუფლების” პოლიტიკურ მდივან სანდრო ბრეგაძესთან ინტერვიუც. ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას პარტიიდან წასვლის განზრახვის შესახებ. ბრეგაძე აგრეთვე ამბობს: ”ნამდვილად მინდა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, არც ის მინდა, პრეზიდენტად ვიღაც დონ ვიტო კორლეონე დამიჯდეს. ყველაფერი ერთ თვეში გამოჩნდება. პროცესი ნათელი გახდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი, რა პროცესები წავა, ვინ რა გზას დაადგება და ვინ ვისთან აღმოჩნდება”, - ამბობს ბრეგაძე, რომელსაც ”ვერსიის” კორესპონდენტი ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG