Accessibility links

ორ კორეას შორის საზღარზე ერთმანეთის მიმართულებით ისროლეს


ჩრდილოეთმა კორეამ დღეს საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რასაც სამხრეთმა კორეამ გამაფრთხილებელი გასროლით უპასუხა ორ კორეას შორის საზღვრის დასავლეთ, საზღვაო მონაკვეთზე. ჯერ არაფერია ცნობილი მსხვერპლის, ან ზარალის შესახებ. ჩრდილოეთის განმარტებით, სროლა სამხედრო წვრთნის შემადგენელი ნაწილია და კიდევ გაგრძელდება. საზღვრის ზღვაზე გამავალი მონაკვეთი ორ კორეას შორის მუდმივი სამხედრო დაძაბულობის მიზეზია. გასული წლის ნოემბერში ამ რეგიონში სამხედრო-საზღვაო ძალების დაპირისპირებაც მოხდა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ვონ ტაუ-ჯაემ ჩრდილოეთი დაადანაშაულა დაძაბულობის გამწვავებაში. „გვსურს გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება ინციდენტის გამო, რომელიც მოჰყვა ჩრდილოეთის უკანონო ქმედებას, რომელიც ზედმეტ დაძაბულობას იწვევს საარტილერიო ცეცხლის სროლით. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ასეთი მოქმედება“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა. ჩრდილოეთ კორეას არაერთხელ უცდია დაძაბულობის გამწვავება დიპლომატიური დათმობების მისაღწევად. ბოლოხანს ფხენიანმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, დაუბრუნდეს მრავალმხრივ მოლაპარაკებას მისი ბირთვული პროგრამისთვის ბოლოს მოღებაზე სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც გზას გაუხსნიდა ჩრდილოეთ კორეისთვის უცხოეთიდან დახმარების მიწოდებას.
XS
SM
MD
LG