Accessibility links

პოლონეთში ოსვენციმის გათავისუფლების წლისთავი აღნიშნეს


ჰოლოკოსტის საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილმა, საბჭოთა ვეტერანებმა პოლონეთში დღეს ნაცისტების ყველაზე დიდი სასიკვდილო ბანაკის გათავისუფლების 65-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებაში, რომელიც გაეროს 2005 წლის გადაწყვტილებით ჰოლოკოსტის სხოვნის საერთაშორისო დღედ ითვლება, - პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუც მონაწილეობდნენ.

პოლონეთში დაბადებულმა, თელ-ავივის მთავრმა რაბინმა ისრაელ მეირ ლაუმ, რომელიც ნაცისტურ ბანაკს ბავშვი გადაურჩა, - მწუხრის ლოცვა კადიში წაიკითხა ჰოლოკოსტის ხსოვნის წლისთავზე პოლონეთში. ოსვენციმი, რომელიც პოლონეთის ჩრდილოეთში მდებარეობს, ნაცისტური გერმანიის გენოციდის ყველაზე საშინელი სიმბოლოა. გაზის კამერებში, ბანაკური ცხოვრების სისისტიკისა და შიმშილისაგან ოსვენციმის ბანაკში მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს. 1945 წლის 27 იანვარს, როდესაც ოსვენციმი საბჭოთა წითელი არმიის ნაწილებმა გაათავისუფლეს, ბანაკში მხოლოდ გადარჩენილი შვიდი ათასი კაცი გადარჩა. ერთ-ერთი მათგანია ირეჟი მიხნოლი, რომელიც იხსნებდა საპატიმროში გატარებულ დროს.

ირეჟი მიხნოლი: “ერთხელ მივდიოდით დასაბანად და უნდოდათ შიშვლები შევემოწმებინეთ. და მხოლოდ თითის დადებაზე იყო დამოკიდებული შეგიშვებდნენ შიგნით, თუ –არა. ეს იყო ძალიან აღმაშფოთებელი მომენტი, როდესაც შენი მომავალი ეს-ესის ოფიცრის თითის დადებაზე იყო დამოკიდებული.”

ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდნენ ძირითადად ევროპაში მცხოვრები ებრაელები, რომლებიც ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის იდეის “ენდლიოზუნგის” ან “საბოლოო გადაწყვეტის” შედეგად სიკვდილის ბანაკებში გააგზავნეს. თუმცა, არა მარტო ებრაელები – საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდნენ ასევე პოლონელები, ბოშები, ჰომოსექსუალები, პოლიტიკური ოპონენტები და სხვები.

საბოლოო ჯამში, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ევროპაში 6 მილიონი ებრაელი დაიღუპა. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიაზე პოლონეთში მონაწილეობდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ და ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე ირჟი ბუზეკი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამამ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ხსოვნის ღონისძიებაში მონაწილეებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნეს. პოლონეთში, ოსვენციმის გათავისუფლების 65-ე წლისთავზე მიწვეული იყო ასევე რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელმაც “სხვა მოვალეობების” გამო ვერ მოახერხა პოლონეთში ჩასვლა.

ოსვენციმის გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არა მხოლოდ ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგო პატივი, არამედ ისინი, ვინც თავი გასწირა ებრაელთა გადასარჩენად. იმავე შინაარსის იყო განცხადება, რომელიც რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ვატიკანში, ოსვენციმის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით გააკეთა.

“ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ იმ დანაშაულობებს და განსაკუთრებით ტრაგედიას, რომელიც ებრაელ ხალხს დაატყდა თავს და პატივს მივაგებთ იმათ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად წინააღდეგობას უწევდა უგუნურ სისხლისმსმელებს. ეს დრო ჩვენ კვლავ შეგვახსენებს, პატივი ვცეთ ყველა ადამიანის სიცოცხლეს და ადამინების ინდივიდუალობას. ყველა კონტინენტზე მცხოვრები, ყველა ეროვნება და ყველა ხალხი, თავს უნდა გრძნობდეს როგორც ერთი ოჯახი.”

ოსვენციმის ბანაკი საბჭოთა არმიის ნაწილებმა 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლეს. 2005 წელს გაერომ ეს დღე გამოაცხადა ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღედ, რომლის დროსაც იხსნებენ და პატივს მიაგებენ ნაციზმის პერიოდის მსხვერპლთა ხსოვნას.
XS
SM
MD
LG