Accessibility links

logo-print

ნატოს შტაბბინაში საქართველოზე იმსჯელეს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივები დასახელდა იმ ძირითად თემებად, რომელთა გარშემოც დღეს, 27 იანვარს, ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მსჯელობდნენ. განიხილებოდა ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მოეთხოვება. ერთი დღით ადრე კი, 26 იანვარს, ბრიუსელში, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, ალიანსს საქართველომ 2010 წლის სამოქმედო გეგმის დეტალები შეუთანხმა. როგორ გამოიყურება ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა?

2010 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ბრიუსელში, საელჩოთა პოლიტიკური მდივნების დონეზე, 26 იანვარს განიხილეს, იმ დავალებათა ჩამონათვალია, რომელთა შესრულებაც, უბრალოდ, აუცილებელია ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველოსთვის. იმისათვის, რომ ალიანსის მიერ ღიად დატოვებულ კარში შევიდეს, ქვეყანამ წარმატებით უნდა გაართვას თავი რეფორმებს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკა, განათლება თუ სხვა. მიმდინარე წლის საშინაო დავალების წინა წლისგან განმასხვავებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, როგორც ჩვენ მანამდეც არაერთხელ აღვნიშნეთ, 2010 წლის გაზაფხულის არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნა წარმოადგენს. ალიანსი დაინტერესებულია, რომ მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ობიექტურად, მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ჩატარდეს.

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ

ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში აქტიური მუშაობა საქართველოს მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე მოუწევს, შემდეგ კი ყველაფერი ალიანსის გადასაწყვეტი იქნება:

”ჩვენ გვაქვს უკვე ის ინსტრუმენტი, რომელიც გვჭირდებოდა, რაც მოგვცემს საშუალებას ავამაღლოთ ჩვენი სტრუქტურების დონე ნატოს სტანდარტებამდე და, ამდენად, ახლა ეს 2-3 წელიწადი იქნება მუშაობის პერიოდი. მერე უკვე, რომ იტყვიან, ბურთი იქნება ნატოს მხარეს და ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.”

საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან
ჩაანაცვლა თუ არა ყოველწლიურმა ეროვნულმა პროგრამამ საქართველოსთვის ერთ დროს ასე ნანატრი მეპი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა)? თუ ალიანსში გასაწევრიანებლად მაინც აუცილებელი იქნება მეპის მიღება? როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე პრაქტიკულად გამორიცხულია:

”ამ კითხვაზე პასუხს, ფაქტობრივად, ვერ გაგცემთ ვერავინ, მათ შორის, ვერც ნატოს გენერალური მდივანი და ვერც საქართველოს ხელისუფლება, რადგანაც თავად ნატო არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. გადაწყვეტილება კი ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მისაღებია. ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოსა და ნატოს შორის, არის, ფაქტობრივად, უპრეცედენტო, ანუ უშუალოდ მორგებული საქართველოზე. ამიტომ პასუხი კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველო გახდეს ნატოს წევრი ”მაპის” გარეშე, კვლავაც ღიად რჩება.”

ირაკლი სესიაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა ექსპერტი, დარწმუნებულია იმაშიც, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ხელსაყრელი მოცემულობა სჭირდება. თუმცა იმ დროისთვის საქართველოში უკვე დამკვიდრებული უნდა იყოს ალიანსის მიერ აღიარებული სტანდარტები, სადაც ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას ისევ და ისევ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება წარმოადგენს.

ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო კიდევ ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს ”წვლილის შეტანა ალიანსის მისიაში”და ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი მიმართულება, რომელთან კავშირშიც საქართველო აბსოლუტურად დაფასებულია და გულწრფელ მადლობებს იმსახურებს. ნატოს ლიდერების მხრიდან მუდმივად და საგანგებოდ აღინიშნება მადლიერება იმ ფაქტის გამო, რომ საქართველომ უკვე გაგზავნა დაახლოებით 170-კაციანი სამშვიდობო ასეული ავღანეთში და რამდენიმე თვეში კიდევ დაახლოებით 800 სამხედროს გაგზავნის ქვეყნის ყველაზე სახიფათო სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში.

რაც შეეხება მხარდაჭერას ნატოს მხრიდან, ალიანსის სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების პროცესში დახმარების გარდა, ნატო მუდმივად აღნიშნავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და, პარალელურად, რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებს შეახსენებს. აქვე გავიხსენოთ განცხადება, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გასული წლის 17 დეკემბერს, მოსკოვში ყოფნისას, გააკეთა:

”მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისას მე ნათლად აღვნიშნე, რომ ნატო მტკიცედ მოითხოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას. და მე ასევე მოვუწოდე რუსეთს იმოქმედოს იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად, რასაც 2008 წლის შემოდგომაზე მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.”

ასევე მოსკოვში, რადიო ”ეხო მოსკვის” ეთერში სტუმრობისას, ანდერს ფოგ რასმუსენმა გარკვევით თქვა, ”ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის არმიის გაყვანას საქართველოდანო.” ნატოს გენერალურმა მდივანმა იქვე გამოხატა ერთგვარი გაკვირვება რუსეთის ბრალდებით, თითქოს საქართველო რევანშისთვის ემზადება. ”არ მგონია, რომ უზარმაზარი რუსეთის ფედერაცია უნდა გრძნობდეს დაძაბულობას პატარა საქართველოსგან მოსალოდნელი საფრთხის გამო. მე დაჟინებით მოვუწოდებდი რუსეთს, უზრუნველყოს მშვიდობიანი თანამშრომლობა ყველა მეზობელთან”, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა მოსკოვში ყოფნისას.
XS
SM
MD
LG