Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან სახელმწიფო სტრატეგია მოიწონა


საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებისა და დამტკიცების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან სახელმწიფო სტრატეგია განხორციელების ახალ ფაზაში გადადის. კერძოდ, მუშაობა იწყება სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მიმდინარე 6 თვის განმავლობაში უნდა გაიწეროს. სახელმწიფო სტრატეგიის დეტალურ გეგმაზე შეჯერების პარალელურად, საქართველოს მთავრობა სტრატეგიის დოკუმენტის საერთაშორისო გაერთიანებებში - ევროსაბჭოში, ევროკავშირში, ეუთოსა და გაეროში წარდგენას გეგმავს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია საქართველოს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა. ამავე აპარატს ევალება მუშაობაც სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე, რომლის ჩამოყალიბებაში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა თანამშრომლობა უკვე შესთავაზა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. საზოგადოების ეს ნაწილი მონაწილეობდა სტრატეგიის დოკუმენტის შექმნის პროცესშიც. დოკუმენტის სახელწოდებაა ” ჩართულობა თანამშრომლობის გზით”, მის სამიზნე ჯგუფს კი წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით დევნილი ადამიანები. სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების საშუალებით, საქართველოს მთავრობა ამ ადამიანების დაახლოებას და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დანარჩენ საქართველოსთან რეინტეგრაციას გეგმავს. სტრატეგიის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ანექსიის პროცესის შეჩერებას. კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური და მშვიდობიანი ძალისხმევა გამორიცხავს სამხედრო გზას, ვკითხულობთ სტრატეგიის ძირითად პრინციპებში.

”ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მოხდეს ამ რეგიონების იზოლაცია, განსაკუთრებით დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ბედი იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ჯარების და ოკუპანტი ქვეყნის კეთილ ნებაზე. ამდენად, ვაპირებთ აქტიური პოლიტიკა გავატაროთ, რათა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება მიიღოს ნორმალური განათლება, ნორმალური ჯანდაცვა, ჩაერთოს ეკონომიკურ პროექტებში, კულტურულ პროექტებში, ჩაერთოს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ტარდება დანარჩენი საქართველოს მიმართ”, - განმარტავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. მისივე ვარაუდით, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი მოსახლეობის თანამშრომლობაში პირველი რიგის პრიორიტეტულ სფეროებად იქცევა ვაჭრობის, ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობებისა და ჯანდაცვის საკითხები.

სტრატეგიის შექმნით, სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის აუცილებლობა სახელმწიფო რანგში ავიდა. ეს, ოპონენტების აზრითაც კი, დოკუმენტის მთავარი ღირსებაა. ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის აუცილებლობამ, თავის მხრივ, ტერმინოლოგიაში კომპრომისული გადაწყვეტილებები განაპირობა. მაგალითად, სტრატეგია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მარიონეტულ რეჟიმებად არ მოიხსენიებს. ეს დამოკიდებულება მიუღებელი, მაგრამ გასაგებია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავასთვის:

”საერთოდ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, მე ასე ვფიქრობ. მაგრამ თუკი კაცს ეტყვი, რომ მარიონეტი ხარ, ის არ დაგელაპარაკება. ამ კუთხით შეიძლება მხოლოდ გამართლდეს ამ ტერმინის ამოღება ამ დოკუმენტიდან, რაც სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ეს სხვა დოკუმენტებში არ იყოს მოხსენიებული.”

კიდევ ერთი ტერმინი, რომლის მიზანშეწონილობაზეც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს, ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება. ის, რომ სტრატეგიას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ჰქვია, უკვე გამორიცხავს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას სტრატეგიით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროებში, ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და შენიშნავს, რომ დოკუმენტი პოლიტიკურ კონტექსტს მოკლებულია:

„დოკუმენტი კონფლქტს არ აღიარებს, აღიარებს მხოლოდ ოკუპაციას. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ კონფლიქტური მხარეები არ ჩანს. სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს, ვინ არის კონფლიქტური მხარეები. სტრატეგიაში კი განსაზღვრულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხები, პოლიტიკურის გარეშე, რასაც თუ განახორციელებენ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს ვერ გადაწყვეტს პოლიტიკურ საკითხებს.”

კონცეფცია არის არა დეოკუპაციის, არამედ ჰუმანიტარული თანამშრომლობის დოკუმენტი, შესაბამისად, იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსისა თუ უსაფრთხოების საკითხების დაყენებას მიზნად არ ისახავს, - განმარტა, თავის მხრივ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.

საქართველოს მთავრობა აფხაზური და ოსური მხარეებისთვის სტრატეგიის დოკუმენტის მიწოდების მექანიზმებს აზუსტებს. შეიქმნება ნეიტრალური სტატუსის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სტრატეგიის განხორციელებაზე იზრუნებენ. მოგვიანებით გახდება ცნობილი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით იმუშავებენ ეს ჯგუფები.
XS
SM
MD
LG