Accessibility links

logo-print

კოკოითი ნარკომანიას ებრძვის


ედუარდ კოკოითი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი

ედუარდ კოკოითი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკომანიის პრობლემის გამო დაწყებული ხმაური, რომელიც ედუარდ კოკოითიმ დაიწყო, არ წყდება. ადგილობრივი ტელევიზიით ყოველდღე გადაიცემა რეპორტაჟები ამ პრობლემის შესახებ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მედიას თავად მისცა მითითება ძალოვანი უწყებების მინისტრებთან თათბირის დროს. ცხინვალის ტელევიზიამ ეს თათბირი სრულად გადასცა ეთერში და ბევრი ისეთი დეტალი გახდა ცნობილი, რაც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. მაგალითად, აღშფოთებული კოკოითი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს უყვირის და ყველას დაჭერით ემუქრება, თუ ნარკომანებისა და ნარკორეალიზატორების გამოვლენას სასწრაფოდ არ დაიწყებენ.

ცხინვალში რამდენიმე დღის წინ გამართულ თათბირზე კოკოითიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნარკორეალიზატორების მფარველობაში, რუსული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები კი თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანაში დაადანაშაულა და მათ გაძევებით დაემუქრა. დე ფაქტო ლიდერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობა გამოუცხადა და საქმეში უშიშროების სამსახური ჩართო.

ამავე თათბირზე კოკოითი კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა და უზენაესი სასამართლოს მუშაობის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან მათ არაერთი მომხმარებელი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

კოკოითის ინიციატივას დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტშიც გამოეხმაურნენ - პარლამენტის ვიცე-სპიკერის მირა ცხოვრებოვას აზრით, თუ სასწრაფო და გადამჭრელი ზომების მიღება არ მოხდა, ნარკომანიის მასშტაბების ზრდის გამო სამხრეთ ოსეთი თაობებს დაკარგავს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრის ამირან დიაკონოვის თქმით, პარლამენტში შესაბამისი პროცედურები დაიწყო კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების გამკაცრებისთვის.

ქართველი ესპერტების აზრით, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის პრობლემა დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი არ არის და ომამდეც არსებობდა. ბოლო წლების განმავლობაში ცხინვალი ნარკოტრანზიტის დერეფნად იქცა. რეგიონში მისი მასშტაბების ზრდა კი, პირველ რიგში, უმუშევრობას უკავშირდება. დაბალი ხელფასის გამო ოსური ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ნარკორეალიზატორების მფარველები ხდებიან. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით კოკოითი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებსაც გაუშვებს ციხეში.

აგვისტოს ომამდე ქართული და ოსური კრიმინალური დაჯგუფებები აქტიურად თანამშრომლობდნენ. ცხინვალის გავლით ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხვდებოდა. გორის რაიონში ყველამ იცოდა, რომ ერგნეთის ბაზრობაზე და კოკოითის მიერ კონტროლირებად სოფელ არცევში ნარკოტიკის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამ სოფელში ქართველი ნარკომანები წამლის სანაცვლოდ, ხშირად, ავტომანქანებს ტოვებდნენ, მათი დიდი ნაწილი კი გატაცებული იყო.

ომის შემდეგ ცხინვალთან მისასვლელი გზები და შესაბამისად, ნარკოტიკული მარშრუტებიც ჩაიკეტა, ამიტომ რუსეთიდან შესული ნარკოტიკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება და დაბალი ფასის გამო იგი ბევრისთვის ხელმისაწვდომია.
XS
SM
MD
LG