Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუცნაშვილი სააკაშვილს გარიგებას სთავაზობს


ზაქარია ქუცნაშვილმა 28 იანვარს მოწვეულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილს გარიგება შესთავაზა და მისი მამის, პროფესორ ომარ ქუცნაშვილის ნაცვლად ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდომის თხოვნით მიმართა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ომარ ქუცნაშვილის მიმართ ძალაში დატოვა ძველი განაჩენი, რომლის თანახმად, მას საპყრობილეში კიდევ 30 თვის გატარება მოუწევს. ის უკვე 18 თვეა პატიმრობაშია. ომარ ქუცნაშვილი ქართველი უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმართა სიაშია შესული. პოლიტიკური დევნის ობიექტად ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამაც აღიარა. ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ამოიწურა განაჩენის გასაჩივრების ყველა ინსტანცია:”მე ვთავაზობ ხელისუფლებას მძევლების გაცვლის წინადადებას. ასეთი წინადადებით ჩვენი მოქალაქეები ხან კოკოითს მიმართავებ, ხან - ბაღაფშს და ხანაც - სააკაშვილს. ბატონო სააკაშვილო, თუ თქვენ მამაჩემს, უდანაშაულო ადამიანს გაათავისუფლებთ მისი ღირსების შემლახავი შეწყალების გარეშე, მე მზად ვარ დავიკავო მისი ადგილი საქართველოს ნებისმიერ საპყრობილეში და მოვიხადო დარჩენილი 30 თვიანი ვადა. ჩემი წინადადება უსაფუძვლოდ რომ არ მიიჩნიოთ, მე მზად ვარ ჩავიდინო დანაშაული”. ზაქარია ქუცნაშვილი არ აკონკრეტებს რა ტიპის დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ის თავისი ქმედებით ზიანს არ მიაყენებს არც ქვეყანას და არც მის მოქალაქეებს.
XS
SM
MD
LG