Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოდგება ტაჯიკური სამშვიდობო მოდელი ავღანეთისათვის?


დუშანბე, ტაჯიკეთი
დუშანბე, ტაჯიკეთი
სულ რაღაც 10 წლის წინ ავღანეთის ჩრდილოელმა მეზობელმა შეძლო წარმატებით დაესრულებინა სისხლიანი ცივი ომი, ის კონფლიქტი, რომელიც ისლამისტებმა ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ წამოიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სიღარიბისა და ბევრი პრობლემის წინაშეა, ტაჯიკეთი მყარად ადგას მშვიდობის გზას. ამ თვალსაზრისით, ტაჯიკეთის შემთხვევა, შესაძლოა, სასარგებლო გაკვეთილად გამოდგეს ავღანეთისათვის.

ოლიმ ოდილოვი ბიზნესგეგმაზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ ბანკიდან აღებული სესხით მცირე წარმოებას გახსნის. ამაში არაფერია უცნაური, გარდა ერთისა: ოდილოვი ქალაქ რაშტში ცხოვრობს, ტაჯიკეთის აღმოსავლეთ რეგიონში, და 10 წლის წინ, ისლამური ოპოზიციის რიგებში, მთავრობის წინააღმდეგ იბრძოდა.

“ეს იყო დრო, როდესაც რაიმეზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო, არავის ჰქონდა ნათელი წარმოდგენა, თუ რა ხდებოდა. სამთავრობო ჯარები ჩვენს რეგიონში შემოვიდნენ და ხელში იარაღი ავიღეთ, რათა ჩვენი სახლი და ჩვენი ოჯახები დაგვეცვა.“

სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში 1992 წლიდან 1997 წლამდე გრძელდებოდა. ერთმანეთს პრომოსკოვური, სეკულარული ხელისუფლება და ისლამისტურ პოზიციებზე მდგარი - გავრცელებული მოსაზრებით, ირანის მხარდაჭერილი – ტაჯიკეთის გაერთიანებული ოპოზიცია უპირისპირდებოდნენ. ბრძოლებში, დახლოებით, 50 ათასი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და შვიდმილიონიანი მოსახლეობიდან მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.

სამოქალაქო კონფლიქტი ტაჯიკეთში დაზავებით დასრულდა. საერთაშორისო შუამავლებმა - მათ შორის, გაერომ, რუსეთმა, ირანმა, უზბეკეთმა და ავღანეთმა - მოლაპარაკების მაგიდასთან დასხეს ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონოვი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი საიდ აბდულო ნური. ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა მუჰიდდინ კაბირმა, რომელიც იმ დროს ეროვნული შერიგების კომიტეტის წევრი იყო, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მშვიდობის მისაღწევად მხარეებს სერიოზულ კომპრომისზე წასვლა მოუხდათ:

“მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს ძირითად პრინციპებზე. ისლამისტურის ნაცვლად, მთავრობის სეკულარულ ინსტიტუტს დავეთანხმეთ და ემომალი რახმონოვი მთავრობის მეთაურად ვაღიარეთ.”

ოპოზიციამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ განეიარაღებინა 7000 მებრძოლი და 3 წლის განმავლობაში ისინი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაება. თავის მხრივ, ტაჯიკეთის მთავრობა დათანხმდა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი სამთავრობო თანამდებობების 30 პროცენტი ტაჯიკეთის ოპოზიციას დაეკომპლექტებინა, იმისდა მიუხედავად, რომ კანდიდატებს ყოველთვის არ ჰქონდათ სათანადო კვალიფიკაცია.

ტაჯიკეთის ოპიზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მუჰიდდიმ კაბირი, ამბობს, რომ ავღანეთში, სადაც სამოქალაქო ომი ათწლეულობით გრძელდება, მშვიდობის დამყარებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. მაგრამ ავღანეთის მთავრობამ და საერათაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაყოს თალიბანი “ზომიერებად” და “შეურიგებლებად” - მოლაპარაკება ყველა დაპირისპირებულ მხარესთან უნდა შედგეს. მეორე ტაჯიკი პოლიტიკოსი, იბროჰიმ უსმანოვი კი ფიქრობს, რომ ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში უნდა ჩაერთოს რეგიონის ყველა სახელმწიფო, მათ შორის - რუსეთი და ირანი.

“რუსეთი და ირანი თავიანთი მდგომარეობით ავღანეთის კონფლიქტში მონაწილე სხვადასხვა ჯგუფებზე ახდენენ გავლენას. ავღანეთის სამშვიდობო პროცესში ამ ქვეყნების მონაწილეობაზე ან არმონაწილოებაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორი იქნება მათი გავლენა – სასარგებლო თუ საზიანო. თუ ისინი ჩართული იქნებიან სამშვიდობო პორცესში, მაშინ შეეცებიან პოზიტიური როლი ითამაშონ.”

მშვიდობის მისაღწევად კი უმთავრესია მოქიშპე მხარეებს შორის ნდობის ატმოსფერო შეიქმნას. ტაჯიკეთის ოპოზიციას, ყველაფერთან ერთად, მიღებული ჰქონდა ხელშეუხებლობის პირობა, როდესაც მის მომხრეებს იარაღის დადება უბრძანეს. რა თქმა უნდა, ისინი რისკავდნენ კიდეც. იყო იმედგაცრუებაც და პირობის გატეხის შემთხვევებიც. ტაჯიკეთში ემომალი რახმონოვი და მისი სახალხო დემოკრატიული პარტია ერთიმეორის მიყოლებით იგებს არჩევნებს, აყალბებს ბიულეტენებს და ავიწროებს ოპიზიციურ პარტიებს. ისლამური აღორძინების პარტიამ ტაჯიკეთში ბოლო არჩევნებზე 63 მანდატიან პარლამენტში მხოლოდ ორი მანდატი მოიპოვა. მაგრამ როცა განვლილ დროს აანალიზებს, პარტიის ამჟამინდელი ლიდერი მუჰიდდინ კაბირი ამბობს, რომ არ ნანობს. “არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ ეს უკვე მშვიდობიანი დროისათვის დამახასიათებელი პორბლემებია. ომი და სისხლისღვრა დასრულდა და ეს ყველაზე უფრო მთავარია”, - ამბობს მუჰიდდინ კაბირი, ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების პარტიის ამჟამინდელი ლიდერი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG