Accessibility links

მაიკლ მაკფოლი: შეხვედრაზე თანხმობა მეტი იყო, ვიდრე უთანხმოება


ოთხშაბათს, 27 იანვარს, ვაშინგტონში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიის სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ეს ჯგუფი ნაწილია იმ ფართო „გადატვირთვის“ პოლიტიკისა, რომელიც გასულ ზაფხულს ორი ქვეყნის ლიდერებმა წამოიწყეს. ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან მაიკლ მაკფოლი - შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთთან დაკავშირებული საქმეების დირექტორი და ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე. რადიო თავისუფლება მაიკლ მაკფოლს პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაესაუბრა.

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა სახელმწიფო კორუფციის აღმოფხვრის საქმეში სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხებოდა. მაიკლ მაკფოლის თქმით, შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა თავიანთ რუს კოლეგებს იმ როლის შესახებ უამბეს, რომელიც ბოლო 3-4 ათწლეულის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეერთებულ შტატებში შეასრულეს, შესაბამისი ინსტიტუტების შექმნის ჩათვლით. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში ერთმანეთს პირდაპირ გაუზიარეს გამოცდილება ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა.

შესაბამისად, პირველი შეხვედრა უფრო გაცნობითი ხასიათის იყო, ამბობს მაიკლ მაკფოლი:

„ორმა ქვეყანამ ერთმანეთს ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება გაუზიარა. ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. რაც შეეხება კონკრეტული შეთანხმების მიღწევას, მე ვიტყოდი, რომ შეხვედრაზე უთანხმოებაზე ბევრად მეტი შეთანხმება მოხდა. მაგალითად, შუადღის სხდომაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის საქმეში მედიას უდიდესი როლის თამაში შეუძლია. მოკლედ, მხარეები ერთმანეთს ბევრ საკითხზე დაეთანხმნენო“, - გვითხრა მაიკლ მაკფოლმა.
მაიკლ მაკფოლი

შეხვედრას ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს ორგანიზაცია რუსეთს მსოფლიოს 20 წამყვან ინდუსტრიალიზებულ ქვეყანას შორის ყველაზე კორუმპირებულს უწოდებს. მაიკლ მაკფოლის თქმით, შეხვედრაზე ღიად ისაუბრეს იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია კვლევის დროს იყენებს, რაც, მისი აზრით, მთავრობების წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაცია იყო. შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს განუცხადებია, „ჩვენ მხოლოდ იმის შესახებ კი არ ვქმნით სტერეოტიპებს, თუ რას აკეთებენ ამერიკელები და რუსები მსოფლიოში, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მსგავს ორგანიზაციებზეც სტერეოტიპული აზრი გვაქვსო.“

მაკფოლის რუსმა კოლეგამ ვლადისლავ სურკოვმა გასულ კვირაში გაზეთ „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეები ერთმანეთისთვის „ჭკუის დარიგებას“ არ აპირებდნენ. მაკფოლი ადასტურებს, რომ შეხვედრა, მართლაც, მშვიდ ატმოსფეროში წარიმართა და მხოლოდ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო:

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თქვენმა მსმენელმა გაიგოს, რომ არსებობს ბევრი სხვა მექანიზმი, საშუალება, პრეზიდენტის განცხადებები, პრეზიდენტებს შორის შეხვედრები, სადაც შეგვიძლია გამოვხატოთ შეშფოთება და უთანხმოება ადამიანის უფლებებთან, კორუფციასა და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით და მე ვიტყოდი, რომ ობამას ადმინისტრაცია ამას საკმაოდ რადიკალური ფორმით აკეთებს“, - ამბობს მაკფოლი და განაგრძობს: „თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იქნებოდა მხოლოდ ეს დაგვესახა რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელ ერთადერთ გზად. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მექანიზმია.“

დეკემბერში - რუსეთის მხრიდან ჯგუფის თანათავმჯდომარედ სურკოვის დანიშვნის შემდეგ - კონგრესის 60-ზე მეტმა წევრმა პრეზიდენტ ობამას საპროტესტო წერილით მიმართა. მათ სურკოვს „რუსეთის ავტორიტარული კურსის ერთ-ერთი შემოქმედი“ უწოდეს და ობამას მოუწოდეს, მის შეცვლამდე ამ შეხვედრებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა. თუმცა მაიკლ მაკფოლი ამ მოწოდებას არ იზიარებს და ამბობს, რომ შეერთებული შტატები ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის დანიშნავს რუსეთი ჯგუფის ხელმძღვანელად.

საბოლოო ანგარიშით, მაკფოლი ამბობს, რომ პირველმა შეხვედრამ ოპტიმიზმის საფუძველი შექმნა:

„დიახ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აცხადებს ის და დასძენს: „როგორც საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, - მათ შორის, მოსკოვში ვიზიტის დროსაც, - ის აქტიური ურთიერთობის მომხრეა მაშინაც კი, როცა ამ ურთიერთობას უთანხმოებამდე მივყავართ. დღესდღეობით რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობას მართლაც მივყავართ გარკვეულ უთანხმოებამდე, მაგრამ უმჯობესია ვიცოდეთ, რომ უთანხმოება გვაქვს, - ამის შესახებ ღიად ვლაპარაკობდეთ, - ვიდრე ჩვენთვის ვიყოთ და იმ მხარესთან, ვისთანაც ვთვლით, რომ უთანხმოება გვაქვს, საერთოდ არ გვქონდეს კავშირი.“

მაიკლ მაკფოლი აღიარებს, რომ რუსეთის გარკვეული წრეების წარმომადგენლებს შორის იგი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს იმ კრიტიკული წერილების გამო, რომლებიც მას ამ ქვეყნის მთავრობის შესახებ აქვს გამოქვეყნებული. თუმცა, განაგრძობს ის, რუსეთის წარმომადგენლებისთვის ჩემნაირ ფიგურასთან ურთიერთობა სასარგებლოა მაშინაც კი, როცა ერთმანეთს არ ვეთანხმებითო. მაკფოლი აცხადებს, რომ ამ ჯგუფის შეხვედრები ხელს უწყობს სტერეოტიპების ნგრევას და შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების გატარებას, და იმედს გამოთქვამს, რომ, საბოლოო ანგარიშით, ეს შეხვედრები რუსეთზეც დადებითად აისახება.
XS
SM
MD
LG