Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას პირველი მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის შესახებ: აქცენტი აშშ-ის ეკონომიკაზე


პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ კონგრესში გამოსვლისას
პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ კონგრესში გამოსვლისას
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველად წარდგა კონგრესის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებით, რომლითაც, ტრადიციულად, პრეზიდენტი ამ (და არაერთ სხვა) ქვეყანაში წელიწადში ერთხელ გამოდის ხოლმე. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ობამამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შეერთებული შტატების ეკონომიკასთან დაკავშირებულ ამოცანებს, თუმცა, საგარეო-პოლიტიკურ მიღწევებზეც ისაუბრა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბარაკ ობამამ ამერიკელ ამომრჩეველს თავი გააცნო ომის მოწინააღმდეგე კანდიდატად. და აი, პრეზიდენტად ინაუგურაციიდან წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, პირველ მოხსენებაში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ობამამ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს ომების დასრულების გეგმას ერაყშიც და ავღანეთშიც.

ამ განცხადების ფონია სწორედ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ, იქ თალიბანის ამბოხების დასამარცხებლად. ობამას კი, მისივე განცხადებით, სჯერა, რომ ომის დასრულება შორის აღარ არის.

„ავღანეთში ვზრდით ჩვენს კონტინგენტს და ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნის პროგრამას, რათა მათ შეძლონ ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება 2011 წლის ივლისიდან და ჩვენმა ჯარისკაცებმა შეძლონ შინ დაბრუნების დაწყება. ჩვენ დავაფასებთ კარგ მმართველობას, ვიმუშავებთ კორუფციის შესამცირებლად და მხარს დავუჭერთ ყველა ავღანელის, როგორც მამაკაცების, ისე ქალების უფლებებს,“ - განაცხადა ობამამ და ამ დაპირებით კონგრესმენების მქუხარე ოვაციები დაიმსახურა.

რაც შეეხება ერაყის ომს - ომს, რომელსაც ობამა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა, ჯერ კიდევ სენატორის რანგში - ისიც მთავრდებაო, განაცხადა პრეზიდენტმა: „მაშინ, როცა განვაგრძობთ ალ-ყაიდასთან ბრძოლას, პასუხისმგებლობით ვტოვებთ ერაყს - მას ერაყელ ხალხს ვუტოვებთ. როგორც კანდიდატმა, პირობა დავდე, რომ ბოლოს მოვუღებდი ამ ომს და ამას ვაკეთებ, როგორც პრეზიდენტი. ჩვენ ერაყიდან ყველა საბრძოლო შენაერთს გავიყვანთ აგვისტოს მიწურულამდე. მხარდაჭერას გავუწევთ ერაყის მთავრობას არჩევნების ჩატარებისას, და განვაგრძობთ თანამშრომლობას ერაყელ ხალხთან რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად“.

ობამამ განვლილი წლის კიდევ ერთ საგარეო-პოლიტიკურ მიღწევად წარმოადგინა თითქმის მიღწეული შეთანხმება, რომელიც იმის გამოა საჭირო, რომ ამოიწურა START 1-ის მოქმედების ვადა. საქმე ეხება შეერთებული შტატების მიერ 1991 წელს საბჭოთა კავშირთან გაფორმებულ ხელშეკრულებას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ. ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ START 2-ის შესახებ შეერთებულ შტატებთან ერთსულოვნების მიღწევა სულ რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.

პრეზიდენტ ობამას შეფასებით, რომელიც მან კონგრესის წინაშე წუხელ გამოსვლისას გამოთქვა, რუსეთთან START 2-ზე მოლაპარაკებამ და სხვა საგარეო-პოლიტიკურმა ინიციატივებმა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დამაჯერებლობა შეჰმატა შეერთებული შტატების მოქმედებას ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან მიმართებით.

ობამას შეფასებით, ამის გამოა, რომ ჩრდილოეთი კორეა მზარდ იზოლაციაში ექცევა და მის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება და კიდევ „ამის გამოა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში მეტი ერთსულოვნება სუფევს და ირანის ილამური რესპუბლიკა უფრო იზოლირებულია. და რახან ირანის ლიდერები კვლავაც უგულებელყოფენ თავიანთ ვალდებულებებს, ეჭვი არ უნდა იყოს: მათაც მოუწევთ შედეგებისთვის თვალის გასწორება. ამას გპირდებით!“

თუ აქამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლის იმ ნაწილზე მოგითხრობდით, რომელიც საგარეო პოლიტიკას შეეხო, ახლა საშინაო პოლიტიკაზე. ობამას მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკას. საქმე ის არის, რომ რეცესია, ეკონომისტების განმარტებით, დაძლეულია, მაგრამ პრობლემად რჩება უმუშევრობა, რომელმაც შეერთებულ შტატებში 10 პროცენტს გადააჭარბა. ამ გარემოებასთან ერთად, ბევრ ამერიკელში იწვევს უკმაყოფილებას ჯანდაცვის სისმეტის რეფორმა.

შედეგად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყოველი მეორე ამერიკელი უარყოფითად აფასებს ობამას მიერ განვლილი წლის მანძილზე გაწეულ სამუშაოს, რაც არცთუ სახარბიელო მაჩვენებელია პრეზიდენტისთვის, რომლის მხარდაჭერაც პირველ თვეებში 75 პროცენტს აღემატებოდა...

ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ რობერტ სპიცერის შეფასებით, ამის გამოა, რომ ობამამ წლიური მოხსენების დიდი ნაწილი დაუთმო შეერთებული შტატების ეკონომოკაზე საუბარს - განმარტებას გეგმისა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება.
„როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ზოგადად, ამერიკელებისთვის ეკონომიკაა ნომერი პირველი პრობლემა. და ამას უკავშირდება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა ობამამ საკმარისი დრო არ დაუთმო ეკონომიკას, რასაც შესაძლოა მისთვის უარყოფითი პოლიტიკური შედეგები მოჰყვა“, განმარტავს სპიცერი. მისივე შეფასებით, ობამას მართლაც სურს აქცენტის გადატანა ეკონომიკაზე, „სადაც უმუშევრობა კვლავაც 10 პროცენტია, სამუშაო ადგილები ძალიან ნელა მატულობს და ეკონომიკა მართლაც ნელა იკრებს ძალას“.

თუმცა შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოში მაინც უდიდესია და ბევრად აღემატება, თუნდაც მომდევნო ადგილებზე მყოფთ, მათ შორის ჩინეთს, რომელმაც ბოლოხანს გაუსწრო მანამდე მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკას - იაპონიას. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ის იმედიანად აფასებს შეერთებული შტატების მომავალს: ქვეყანა ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG