Accessibility links

logo-print

ანდრეი ნეკრასოვი და სხვა რუსი რეჟისორები „სანდენსის“ ფესტივალზე


ანდრეი ნეკრასოვი

ანდრეი ნეკრასოვი

დამოუკიდებელი კინოს პრესტიჟულ „სანდენსის“ ფესტივალზე წელს ძირითად პროგრამაში რუსი რეჟისორის ანდრეი ნეკრასოვის რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, „რუსულის გაკვეთილებს“, უჩვენებენ. ნეკრასოვის გარდა, „სანდენსის“ ფესტივალზე მიწვეულები არიან ახალი თაობის სხვა რუსი რეჟისორებიც. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ნიუ-იორკში, ნიკოლა კრასტევი, მათ თანამედროვე რუსულ კინოსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ელაპარაკა.

ფილმ „ხელმძღვანელში“ ორი ახალგაზრდა მძარცველი შეიპარება სააგარაკე სახლში, რომელიც, მათდა საუბედუროდ, სპეცსამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის. ესაა 20 წუთიანი დრამა, რომელმაც 2009 წელს ფესტივალ „კინოტავრზე“ მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის განკუთვნილ კონკურსში პირველი პრიზი მიიღო, ხოლო ბერლინში ფესტივალ „ინტერფესტ“-ზე სპეციალური სიგელით აღინიშნა. ახალგაზრდა რეჟისორი, რუსეთის პატარა ქალაქ ნოვომიჩურინსკში დაბადებული იური ბიკოვი, თავადაც თამაშობს ამ ფილმში. მართალია, ანდრეი ნეკრასოვის გარდა, სხვა არც ერთი ახალგაზრდა რუსი რეჟისორის ფილმი არ მონაწილეობს „სანდენსის“ ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში, მაგრამ მიწვევასაც კი ავტორები მათი ნიჭის აღიარებად და ამერიკის კინოინდუსტრიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობად მიიჩნევენ. და მართლაც, რუსმა რეჟისორებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლაში, რომლის პროგრამა საუკეთესოდ ითვლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. იური ბიკოვი, რომელსაც დამთავრებული აქვს „ვგიკი“ - მოსკოვის პრესტიჟული კინოსკოლა, ამბობს, რომ გაოცებულია იმ რესურსების სიმდიდრით, რომელზედაც ხელი მიუწვდებათ ახალგაზრდა ამერიკელ რეჟისორებს:

„ფილმის ტექნიკურ, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო ბაზებს შორის შედარებაც კი არაა საჭირო. ამ მოცემულ შემთხვევაში პატრიოტი არ ვარ, თუმცა საკუთარ ეროვნებას, საკუთარ ქვეყანას ვაფასებ და ვუფრთხილდები, მაგრამ არ დავმალავ: იმან, რაც აქ ვნახე, შოკი მომგვარა და ამ დრომდე ერთგვარ დეპრესიაში ვიმყოფები. ნათელი გახდა დაინტერესების რა დაბალი დონე აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კინემატოგრაფისტების აღზრდით არიან დაკავებულნი“, უთხრა რადიო თავისუფლებას იური ბიკოვმა.

ასევე კინორეჟისორია ალისა ხმელნიცკაია, რომლის ფილმი, „ბულვარი“, 2008 წელს კინოფესტივალ „კინოტავრის“ ძირითად პროგრამაში იყო ჩართული. რეჟისორი ამბობს, რომ, კინოწარმოებისთვის საჭირო მოწყობილობების სიმრავლის თვალსაზრისით, ნიუ-იორკისა და რუსეთის კონოსკოლებს შორის აბსოლუტური კონტრასტია, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ, საბოლოო ჯამში, ტექნიკურ უპირატესობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როცა საქმე ამბის თხრობაზე მიდგება:

„დღეს ჩვენ ვიყავით კინოსკოლაში. ვნახეთ კლასები, რომლებმაც, უბრალოდ, ჭკუიდან გადაგვიყვანა. გვქონდა სრულიად სულელური რეაქცია: ვხარხარებდით კომპიუტერიანი მაგიდების უსასრულო რიგის დანახვისას. ჩვენს სკოლებში მატერიალური ბაზა საგრძნობლად ღარიბია, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანია - მთავარი მაინც ამბავი და ისტორიაა, რომელიც შეიძლება 3 დოლარადაც გააკეთო და 300 მილიონ დოლარადაც. სულერთია.“

„სანდენსის“ ფესტივალზე მოსახვედრად სასტიკ კონკურენციაში გამარჯვებაა საჭირო. ფესტივალის ორგანიზატორებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟანრში 6 ათასზე მეტი განაცხადიდან მხოლოდ 70 შეარჩიეს. რუსი რეჟისორები ამბობენ, რომ მათთვის „სანდენსის“ ფესტივალი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ სხვა რეჟისორებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთში მოდის ახალი თაობა, რომელიც ახალ, პოსტსაბჭოთა რუსეთის სინამდვილეზე მოგვითხრობს.

„დედა“ - ასე ჰქვია 2009 წელს ილია კაზანკოვის მიერ გადაღებულ მსუბუქ კომედიას, რომელშიც საზღვაო აკადემიის ორი კურსანტი ტელეფონზე დასარეკად სასწავლებლიდან იპარება. სანკტპეტერბურგელი რეჟისორი ამბობს, რომ „სანდენსის“ ფესტივალი საუკეთესო საშუალებაა როგორც ამერიკული და სხვა უცხოური დამოუკიდებელი ფილმების გასაცნობად, ასევე სწავლების, ცოდნის შეძენის თვალსაზრისითაც:

„მე ამათგან ვისწავლიდი არა თავისუფლების შეგრძნებასა და აღქმას - თავისუფლება სტუდენტებს რუსეთშიც ბლომად აქვთ... უფრო ვისწავლიდი უკან არმიხედვას, წარსულის მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებას, ანუ ვისწავლიდი, ჩემი აზრით, პროფესიონალურ თავხედობას, კარგი გაგებით. მე, ალბათ, ამას ავიღებდი.“

ეკატერინა ტელეგინა კი, რომლის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა აღიარება მოიპოვა „კინოტავრისა“ და „ინტერფესტის“ ფესტივალებზე, ამბობს, რომ აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ ახერხებენ მისი ამერიკელი კოლეგები ფილმისათვის დაფინანსების მოპოვებას, რადგანაც რეგულარული დაფინანსების პრობლემა სულ უფრო მწვავედ იჩენს თავს. „ჩვენში არიან რეჟისორები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამოჩნდება დაფინანსების უშრეტი წყარო და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ, სინამდვილეში, საქმეც ისაა, რომ ასეთი რამ არ მოხდება“, ამბობს ტელეგინა, რომლის აზრითაც, ახალი თაობის რეჟისორები იმითაც განსხვავდებიან წინამორბედი, მძიმეწონიანი რეჟისორებისგან, რომ არ აქვთ „მოსფილმის“ მსგავსი მძლავრი ორგანიზაციის მხარდაჭერა. გარდა დაფინანსებისა, რეჟისორებს ბრძოლა უწევთ აუდიტორიის დაბრუნებისთვისაც. ტელეგინა ვერ ხედავს მემკვიდრეობითობის ნიშნებს საკუთარ და საბჭოთა ეპოქის რეჟისორების ნამუშევრებში:

„დღეს სხვანაირი მაყურებელია - ეს ყველას კარგად ესმის. რეჟისორებიც ცდილობენ ახალ ტალღაზე გადართვას, ცდილობენ ახალი საშუალებისა და ახალი ენის მოძებნას, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არ გამოსდით. ჩვენ ვცდილობთ თავიდანვე მოვერგოთ ამ ახალ სისტემას, რომელიც გზიდან იცილებს ძველს.“

თუმცა იური ბიკოვი, პირიქით, მიიჩნევს, რომ ქვეყნის კინემატოგრაფიულ წარსულთან კავშირი არ გაუწყვეტია. მისი თქმით, ის, რომ რუსმა რეჟისორებმა მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მოიპოვეს, არ ნიშნავს იმას, რომ ხელაღებით უნდა შეელიონ საბჭოთა კინოს მარგალიტებს.

„ჩვენი თაობისგან განსხვავებით, წინამორბედებს - თავისი საქმის ოსტატებს - შეზღუდული ჰქონდათ არჩევანი როგორც დრამატურგიის, ასევე იდეებისა და თემების თვალსაზრისით. მათი ოსტატობის შესწავლა ნამდვილად ღირს, თუმცა ბევრი ახალგაზრდა რეჟისორის პრობლემა ისაა, რომ ეწაფებიან იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებითაც რეკლამები და ვიდეორგოლები კეთდება, მაგრამ რაც შეეხება რეჟისორულ სკრუპულოზობას, სიფაქიზესა და ფილიგრანობას, ამის შესწავლა ნამდვილად ღირს“, უთხრა რადიო თავისუფლებას იური ბიკოვმა.
XS
SM
MD
LG