Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი კონფერენცია ავღანეთზე: შერიგება და რეკონსტრუქცია


ლონდონში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ავღანეთის მომავალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მანამდე კი ჩვენმა რადიომ - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინამ - უმასპინძლა შეკრებას ასევე ავღანეთში მიმდინარე პროცესების განსახილველად. ჩვენს რადიოში შეკრებილებმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ ამოცანებზე იმსჯელეს და რეკონსტრუქცია იყო ავღანეთის შესახებ ლონდონში ჩატარებული, უფრო მასშტაბური კონფერენციის ერთ-ერთი თემაც.

ლონდონის ერთდღიანი კონფერენციის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ მონაწილე ქვეყნები ავღანეთის მთავრობას დაპირდნენ 140 მლნ დოლარს არა-რადიკალი თალიბების გადასაბირებლად შემუშავებული გეგმის პირველი წლის მანძილზე დასაფინანსებლად. ამ გეგმას მოგვიანებით დავუბრუნდებით.

ერთდღიან კონფერენციაში, რომელიც ბრიტანეთის, გაეროსა და ავღანეთის მთავრობის ეგიდით გაიმართა, 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის გახსნისას მასპინძელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანეთის უწყებებისთვის გადაბარების პროცესი წელსვე უნდა დაიწყოს.

„ ამ კონფერენციით აღინიშნება გარდამავალი პროცესის დაწყება, როცა ერთმანეთს ვუთანხმებთ აუცილებელ პირობებს საიმისოდ, რომ დავიწყოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის თანდათან, სულ უფრო მეტ რაიონსა თუ პროვინციაში გადაბარება საერთაშორისო ძალებიდან ავღანეთის ჯარებისა და ავღანელი ხალხისთვის“, განაცხადა ბრაუნმა.

ლონდონის კონფერენციის დასკვნით დოკუმენტში როგორც ვკითხულობთ, მსოფლიო ლიდერები მართლაც შეთანხმდნენ უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანელებისთვის ჩაბარების განრიგზე. ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. 2011 წლის ოქტომბრამდე ავღანეთში ადგილობრივმა სამხედრო კონტინგენტმა 171 600 კაცს უნდა მიაღწიოს, პოლიციელების რიცხვმა - 134 000-ს. „დღეს ჩვენი გზავნილი ალ ყაიდისადმი ძალიან მკაფიო უნდა იყოს (...) ჩვენ დაგამარცხებთო“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მაგრამ აქცენტი რომ შერიგებისაკენ მიმართულ ძალისხმევაზე კეთდება, ეს კონფერენციაზე ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის გამოსვლამაც ცხადჰყო. კარზაის თქმით, მისი მთავრობა აპირებს მშვიდობისა და შერიგების ევრონული საბჭოს შექმნას. ამ ნაბიჯს უნდა მოჰყვეს ლოია ჯირგას - ავღანეთში ტრადიციული, უხუცესთა საბჭოს მოწვევა, შერიგების პროცესზე მოსალაპარაკებლად.

„ხელი უნდა გავუწოდოთ ყველა თანამემამულეს, განსაკუთრებით ჩვენს იმ ძმებს, რომლებმაც თავი დააღწიეს ჯადოს და არ არიან ალ ყაიდის ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრები, რომლებისთვისაც მისაღებია ავღანეთის კონსტიტუცია,“ - განაცხადა ლონდონის კონფერენციაზე ჰამიდ კარზაიმ, რომლის გეგმაც ითვალისწინებს სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური დახმარების შეთავაზებას თალიბანის არა-რადიკალი წევრებისთვის, თუ ისინი ძალადობაზე უარს იტყვიან და გამოეთიშებიან ამბოხებას. სწორედ ამ გეგმის პირველ წელს დაფინანსებას მოხმარდება ზემოხსენებული 140 მლნ დოლარი.

დღესვე კარზაიმ წარმოადგინა ექვსპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზნად კორუფციის აღმოფხვრა სახელდება. ავღანეთის ლიდერმა პირობა დადო, რომ კორუფციასთან ბრძოლაზე გაკეთდება მთავარი აქცენტი მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს. კარზაის თქმით, „მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კორუფციასთან ბრძოლაში მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, მათ შორის დასაჯოს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს და დააჯილდოვოს, ვინც მას თავს აარიდებს“.

ლონდონის კონფერენციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს კორუფციასთან ბრძოლის განზრახვას. მათივე თქმით, შემდეგ კონფერენციაზე ავღანეთის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვეში ქაბულში უნდა გაიმართოს, წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმას ჰამიდ კარზაის მთავრობის ეფექტიანობის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG