Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპით და ხარისხით უკმაყოფილოა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ რუსული სამშენებლო კომპანიების წარმომადგელები ცხინვალში ჯერ ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანაში, შემდეგ კი საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. კოკოითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპით და ხარისხით უკმაყოფილოა. 2009 წლის 10 დეკემბრისთვის სამშენებლო კომპანიებს 400-ზე მეტი აღდგენილი სახლი უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ამ დროისთვის 100 სახლის მშენებლობაც არ დასრულებულა. კოკოითიმ მშენებლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.

მშენებლებთან თათბირის დროს კოკოითიმ აღდგენილი სახლების ჩაბარების მორიგ თარიღად 10 თებერვალი დაასახელა და სამშენებლო კომპანიებს შეუსვენებლად მუშაობა უბრძანა.

დე ფაქტო ლიდერი მშენებლობის ხარისხითაც უკმაყოფილოა. მისი თქმით, აღდგენილ ობიექტებში ჩატარებულმა რევიზიამ ბევრი ხარვეზი გამოავლინა, ზოგან ნალესი აიყარა, ზოგან კი საღებავი ჩამოცვივდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ფინანსებს კრემლი გამოყოფს. სამუშაოების დასაწყისში ცხინვალში ჩარიცხული ფულიდან ნახევარი მილიარდი რუბლი უკვალოდ გაქრა, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ ფინანსური ოპერაციებისთვის დამატებითი რგოლი, ე.წ. სამხრეთის განყოფილება შექმნა. შესაბამისად, დაფინანსება პირდაპირი გზით კოკოითამდე არ მიდის და მშენებლებთან მოლაპარაკებასაც ეს განყოფილება მართავს. ექსპერტების აზრით, კოკოითი განაწყენებულია, რომ მნიშვნელოვანი ფინანსები დაკარგა და იმ სამშენებლო კომპანიების ცხინვალიდან გაძევებას გეგმავს, რომლებიც მის მითითებებს არ ასრულებენ და დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებიან.
XS
SM
MD
LG