Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვა და განათლება - 2010 წლის პრიორიტეტები


ამ პრიორიტეტების მიმართულებით წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე გაცხადდა რამდენიმე ინიციატივა. მათ შორისაა ჯანდაცვის ახალი რეფორმა, რომელიც ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემაში დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხება. ეს ღონისძიებები, ერთი მხრივ, სახელმწიფო დაზღვევაში წამლის თანადაფინანსების შემოღებას, მეორე მხრივ კი, 100 საავადმყოფოს პროგრამის სახეცვლილ პროექტს მოიცავს. პროექტის თანახმად, რეგიონებში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაციისა და ახალი საავადმყოფოების მშენებლობის პროცესში სადაზღვევო კომპანიები უნდა ჩაერთონ. საინიციატივო წინადადებების წარსადგენად სადაზღვევო კომპანიებს 3 თვე განესაზღვრათ.

ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კონკრეტული მექანიზმი ჯერ დამუშავების პროცესშია - მათ შორის ისეთი საკითხი, როგორიცაა სამედიცინო დაწესებულების სადაზღვევო კომპანიებისათვის გადაცემის ფორმა.

”ამ ეტაპისთვის ძალიან მიჭირს რაიმე კონკრეტული პასუხის გაცემა, ვინაიდან და რადგანაც 3 თვის ვადა გვაქვს ზოგადად სადაზღვევო კომპანიებს იმისათვის, რომ წარვადგინოთ კონკრეტული პროექტი, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. შეიძლება ზოგი რეგიონი, მართლაც, აღმოჩნდეს ჩვენთვის საინტერესო, თუმცაღა თბილისში გვაქვს ჩვენი სამი კლინიკა, სადაც ბევრი დაზღვეული გვყავს, ქუთაისში გვაქვს ჩვენი ქირურგიული ცენტრი და ბათუმში არსებობს ჩვენი კლინიკა”, - გვითხრა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი-სი-აი-ს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ივჩენკომ. მისი განმარტებით, კომპანიამ საკუთარი სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა 2006 წელს დაიწყო, ანუ მანამ, ვიდრე 2007 წელს სახელმწიფო 100 საავადმყოფოს სახელით ცნობილი ”ჰოსპიტალური განვითარების გენერალურ გეგმას” წარადგენდა. ეს პროექტი 2010 წელს უნდა დასრულებულიყო. ვადების დარღვევის გარდა, პროექტის ამოქმედებიდან გასული სამი წლის განმავლობაში, 100-ის ნაცვლად, სამიოდე მაღალსტანდარტული სამედიცინო დაწესებულება აშენდა. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე ამბობს, 100 საავადმყოფოს პროექტი სადაზღვევო კომპანიების ჩართვის კომპონენტის დამატებით გრძელდება და, შესაბამისად, ვადების გარდა, სტრატეგიაც შეიცვლება.

2011 წლის ივლისიდან სახელმწიფოს შემოაქვს სამედიცინო მომსახურების ახალი ნორმები და სტანდარტები და სადაზღვევო კომპანიაც, შესაბამისად, ნებაყოფლობით გადაწყვეტს, უჯობს თუ არა ამ სტანდარტების დასაცავად საკუთარი სამედიცინო ობიექტის აშენება.

”რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოს პრიორიტეტია სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება. არის გაუმჯობესების 2 გზა: პირველია სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის გაუმჯობესება, რაც, რაღა თქმა უნდა, გააუმჯობესებს სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების ხარისხს. ვინმეს სადაზღვევო ინდუსტრიაში არ გაუჩნდება - ვეღარ გაუჩნდება - იმის სურვილი, რომ ეკონომია გააკეთოს ხარისხზე და პაციენტი მიიყვანოს იქ, სადაც დაბალი ფასები და დაბალი ხარისხია. ეს არის ძირითადი. და, მეორე, ქრონიკული დაავადებებისა და რიგი მწვავე დაავადებების დროს შემოგვაქვს ეგრეთ წოდებული ესენციური მედიკამენტების ნუსხა.”

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2010 წლიდან ამ ნუსხაში შემავალ წამლებს სახელმწიფოს მიერ დაზღვეული 1 200 000 ადამიანი 50 პროცენტიანი თანადაფინანსებით შეიძენს.

მოსახლეობისათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ახალი სტრატეგიიდან, ოპონენტები, ძირითადად, სამედიცინო ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობაში სადაზღვევო კომპანიების ჩართვის ინიციატივას აკრიტიკებენ. ქრისტიან-დემოკრატებმა 28 იანვარს განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სფეროში მთავრობის მიერ აღებული კურსი სფეროს მთლიანად დანგრევას გამოიწვევს. საავადმყოფოები, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სისტემის დამოუკიდებელი სეგმენტები უნდა იყვნენ და სახელმწიფოს ხელშეწყობითა და მეთვალყურეობით არ უნდა ურთიერთკონტროლდებოდნენ - ასეთია პოზიცია, რომლის თანახმადაც, სამედიცინო მომსახურება გაძვირებისა და არაკონკურენტუნარიანობისთვისაა განწირული.

საქართველოში, ”ჰოსპიტალური სექტორის განვითარების” გენერალური გეგმის თანახმად, 100 საავადმყოფოს მშენებლობის კამპანიის დაწყების დროისთვის, ანუ 2007 წელს, სახელმწიფოს ბალანსზე 244 საავადმყოფო იყო. ამ საავადმყოფოების ნაწილი ინვესტორთა ვიწრო წრის ხელში აღმოჩნდა. პირდაპირი მიყიდვის წესით, მათ საავადმყოფოები სიმბოლურ ფასად - 1000 დოლარად - გადაეცათ.

”მთელი საქართველოს მასშტაბით, სადღაც 50-მდე დაწესებულება იქნა პრივატიზებული 2007 წელში. ძირითადი მოთამაშეები ბაზარზე იყვნენ „პეესპე“, „ავერსი“ და „ბლოკ-ჯორჯია“. მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების შეცვლა, ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ხელახლა და „პეესპემ“ და „ავერსმა“ წილი მთლიანად „ბლოკ-ჯორჯიას“ დაუთმეს. იქ არსებობს ასევე ორი პატარა კომპანია.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი თამარ მეტრეველი დასძენს, რომ „ბლოკ-ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე მყარი საბანკო გარანტიების წარდგენის საკითხი ჯერაც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. დღის წესრიგში რჩება სადაზღვევო კომპანიებისათვის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის გადაცემის საკითხიც. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, კონკრეტული განაცხადების მიხედვით იქნება მიღებული.
XS
SM
MD
LG