Accessibility links

logo-print

სტრასბურგში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვა გადაიდო

  • ნინო როდონაია

ამ კვირაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 4 წელი შესრულდა, მომავალ კვირაში კი საქართველოსთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი ამ საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოს უნდა დაეწყო. სხდომა ორ თებერვალს იყო დანიშნული, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან არჩეულმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ აცნობა, რომ საქმისგან თვითაცილების უფლებას იყენებს. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება სტრასბურგიდან საქართველოს მთავრობას აცნობეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ სასამართლოს მიზეზები არ უხსენებია, რადგან ეს მისი რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხია და არ არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობაზე. ლევან მესხორაძის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სთხოვა წარადგინოს ”ad hoc” მოსამართლე, რომელიც, თვითაცილებული მოსამართლის ნაცვლად, მონაწილეობას სპეციალურად ამ საქმის განხილვაში მიიღებს.

ვინაობა ადამიანისა, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე მსჯელობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არჩეულ მოსამართლეებთან ერთად, სტრასბურგში მოუწევს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ლევან მესხორაძე ამბობს, ამჟამად დროებითი მოსამართლის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. მისი წარდგენის ვადა, სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტით, 12 თებერვალს ამოიწურება. გირგვლიანის საქმისგან ქართველი მოსამართლის თვითაცილების გამო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური წრეების ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ზემოქმედების შედეგია. ამ მოსაზრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენელი უსაფუძვლოს უწოდებს. ლევან მესხორაძის თქმით, ევროსასამართლოს მოსამართლე მთავრობის წარმომადგენელი არ არის, ის სასამართლოს მიერ არჩეული და ისეთივე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია, როგორც ყველა დანარჩენი მოსამართლე.

საქართველოდან არჩეულ მოსამართლეზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზემოქმედების შესახებ საჯაროდ არასდროს არაფერი უთქვამს არც სანდრო გირგვლიანის მამას გურამ გირგვლიანს და არც მის ორ ადვოკატს, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ. მისივე განმარტებით: ”ერთადერთი, რაც განვაცხადე და მინდა გავიმეორო, ის არის, რომ არ ვიცი, რა მოტივი გააჩნდა ქალბატონ ნონას თვითაცილებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, მისი უფლებაა და, თუ საფუძველი ჰქონდა, არა მარტო უფლებამოსილი, ვალდებულიც იყო თვითაცილება მიეცა. მაგრამ მე არ ვიცი, რა მოტივი უნდა გაჩენილიყო ამ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, რადგან რაიმე არსებითი ამ საქმესთან დაკავშირებით არ მომხდარა. თუ ეს მოტივი მანამდეც არსებობდა, ამის განცხადება უმჯობესი იქნებოდა უფრო ადრეულ ეტაპზე”. ადვოკატ შალვა შავგულიძის თქმით, საქმისგან მოსამართლის თვითაცილების ფაქტი მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მისი კოლეგა დავით ჯანდიერი უკვე სტრასბურგში იმყოფებოდა, თავად შალვა შავგულიძე და გურამ გირგვლიანი კი გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებმა 2007 წლის ზაფხულში იჩივლეს. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენა შარშან, ნოემბერში, დანიშნა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ პროცესის გადადება ითხოვა. ადვოკატ შალვა შავგულიძის ცნობით, მთავრობის მოტივი ის იყო, რომ პროცესში მონაწილე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები იმ პერიოდში რუსეთის საწინააღმდეგო სარჩელს ამზადებდნენ. 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის 2 თებერვლისთვის გადადებული პროცესის დაწყება ამჯერად საქართველოდან არჩეული მოსამართლის თვითაცილებამ შეაფერხა.

რაც შეეხება თავად სტრასბურგის სასამართლოს დამოკიდებულებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმისადმი, როგორც შალვა შავგულიძე ამბობს, მიდგომა საკმაოდ სერიოზულია. მსგავსი შეფასების საფუძველს ადვოკატს უქმნის ის სრულყოფილი კომუნიკაცია, რომელიც სასამართლოს მომჩივან და მოპასუხე მხარეებთან ჰქონდა. თითოეული მათგანისთვის სტრასბურგიდან დასმული შეკითხვების რაოდენობა და შინაარსი, ასევე ის ფაქტი, რომ მხარეებმა პოზიციები უკვე ორჯერ გაცვალეს, შალვა შავგულიძისთვის იმის ნიშანია, რომ სასამართლო საქმის განსახილველად სერიოზულად მოემზადა. ადვოკატი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმეს ზეპირად, ანუ მომჩივანი და მოპასუხე მხარეების უშუალო მონაწილეობით განიხილავენ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან არსებულ ინტერესს ადვოკატი იმით ხსნის, რომ თავად ფაქტია არაორდინარული, რადგან დანაშაულის ჩამდენად პოლიციის 4 ოფიცერია აღიარებული. გარდა ამისა, მომჩივანი მხარე სასამართლოს წინაშე სვამს საკითხს, რომ დანაშაულის დაფარვაში, ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებაში, დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შემსუბუქებასა და, დასაბუთებული ეჭვის მიუხედავად, სხვა პირებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობდა. ”პროკურატურამ აბსოლუტურად არაობიექტური და არასრული გამოძიება ჩაატარა. შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლომ საქმე საპროცესო ნორმების აბსოლუტური იგნორირებით განიხილა და მკვლელობაც კი არ დაარქვა იმას, რასაც არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს, თუ არა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა... პარლამენტი იღებდა კანონებს, რომელიც ამ საქმეში ბრალდებულებს მდგომარეობას და პასუხისმგებლობას უმსუბუქებდა. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა უმაღლესი ხელისუფალის მიერ ამ პირთა შეწყალებით. რა თქმა უნდა, როცა საჩივარში ასეთი პრეტენზიაა და მას სერიოზული დასაბუთება ახლავს, ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს საქმე მეტად მნიშვნელოვანია, საერთოდ, სასამართლო პრაქტიკისთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შალვა შავგულიძემ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგში დროებით დანიშნული მოსამართლე საქმის გასაცნობად გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. შესაბამისად, განისაზღვრება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვის ახალი თარიღიც. ამ პროცესის შედეგად კი, საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის მუხლები, რომელიც სიცოცხლის - ასევე სამართლიანი სასამართლოს -უფლებებს უზრუნველყოფს და ადამიანის წამებას კრძალავს.
XS
SM
MD
LG