Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 200 000 ლარი საარჩევნო სიების გადასამოწმებლად


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 11 ოპოზიციური პარტიის განაცხადია შესული. სახელისუფლებო პარტიასთან ერთად, საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში ჩართვას აპირებენ შემდეგი პოლიტიკური ძალები: რესპუბლიკური პარტია, „ახალი მემარჯვენეები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „საქართველოს გზა“, კონსერვატიული პარტია, „ქართული დასი“, პარტია ”ჩვენ თვითონ”, „ხალხის პარტია“, პარტია „თავისუფლება“, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „გაერთიანებული საქართველოსთვის - დემოკრატიული პარტია“. პროცესში მონაწილეობის მიღებას ასევე აპირებენ ქრისტიან-დემოკრატები. განაცხადის შეტანის ვადა 1 თებერვალს იწურება. საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში ჩართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლეიბორისტული პარტია, რადგანაც არ თვლის, რომ ხელისუფლების თამაშში ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. როგორ უყურებენ პასუხისმგებლობის საკითხს სხვა ოპოზიციური ძალები?

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საარჩევნო სიების გადასამოწმებლად პარტიებს სპეციალური თანხა გამოეყოფათ, რაც 1 200 000 ლარს შეადგენს. თანხა პროცესში ჩართვის მსურველმა პარტიებმა თანაბრად უნდა გადაინაწილონ, შესაბამის მექანიზმებზე უნდა შეთანხმდნენ და გადამოწმებული სიები 15 მარტამდე უნდა წარმოადგინონ. ლეიბორისტულმა პარტიამ ხელისუფლების ამგვარ შეთავაზებას ”წინასწარ დაგეგმილი გაყალბებული არჩევნების კარგად შეფუთული მენეჯმენტი” უწოდა და ცივი უარი განაცხადა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნესტან კირთაძე, ორ ძირითად მიზეზს ასახელებს:

”ჯერ ერთი, ასეთ უმოკლეს ხანში სიების სრულად გადამოწმების საშუალება, რა თქმა უნდა, არ იქნება და, მეორე, როდესაც დადგება შედეგი, ანუ ჩვენი კოლეგები არჩევნების გაყალბებაზე დაიწყებენ საუბარს... რომ სიყალბე შეეხებოდა სიას, ურნაში მოხვედრილ ხმას და ასე შემდეგ, მერე უკვე იქნება ხელისუფლების აბსოლუტურად დასაბუთებული პასუხი, რომ მთელი პასუხისმგებლობა სიების სიზუსტეზე აიღო ოპოზიციამ.”

”მთელი პასუხისმგებლობის” აღებას სულაც არ აპირებს ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“, რომელმაც საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში ჩართვა უკვე მოითხოვა. ბაღათურია კარდაკარ ჩამოვლის პრინციპის მომხრეა და პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ იმ კონკრეტულ უბნებზე წარმოუდგენია, რომელთა შემოწმებაც მის პოლიტიკურ ძალას დაევალება. „ქართული დასის“ გადაწყვეტილებას ხელი ვერ შეუშალა მისთვის წინასწარვე ცხადმა მოსალოდნელობამ, რომ სიების სრულყოფილად გადამოწმება პრაქტიკულად გამორიცხულია, დაფინანსების სიმცირის პირობებში. ამასთან, ბაღათურიასთვის, ლეიბორისტების მსგავსად, ცხადია ”ხელისუფლების ჩანაფიქრიც”, მაგრამ ის წინააღმდეგობის გაწევის შანსს მხოლოდ აქტიურობაში ხედავს:

”ვეთანხმები ლეიბორისტებს - ხელისუფლების მიზანი ნამდვილად ის არის, რომ სიების ლეგიტიმაციაზე პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისროს... ჩვენს შორის განსხვავება, უბრალოდ, ის არის, რომ, მე ვფიქრობ - მოქმედებით არ მივაღწევინოთ ხელისუფლებას ამ მიზანს, ხოლო ლეიბორისტები ფიქრობენ, რომ არჩართვით, არმონაწილეობით გააკეთონ ეს... ლეიბორისტები თანმიმდევრულად იქცევიან მათგან განსხვავებით, ვინც ყველაფერს იგნორირებას უკეთებდა და ახლა ფულს მოკრეს ყური და რიგი დადგა... ”

ბაღათურიას უკვირს, რომ საარჩევნო სიების გადამოწმებაზე ასე სწრაფად განაცხადეს თანხმობა იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში. დაახლოებით ასეთივე კონტექსტში კომენტარი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემაც, გააკეთა.

იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც არ ყოფილან საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში, მაგრამ საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში ჩართვას გეგმავენ, „ხალხის პარტიაც“ არის. მისი ლიდერი, კობა დავითაშვილი, შეახსენებს ყველას, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში ოპოზიციის დიდი ნაწილის - და, მათ შორის, „ხალხის პარტიის“ - მოთხოვნებს, საგანგებო მემორანდუმზე დაყრდნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმოვანებდა.

”ეს ჩვენი მოთხოვნებიც იყო, მაგრამ ხელისუფლებამ არც ერთი მათგანი არ გაითვალისწინა... რაც შეეხება სიების გადამოწმებას, ჩვენ აუცილებლად გავაკონტროლებთ ხელისუფლების მხრიდან სიების გაყალბების მცდელობას და ამის შანსს ნამდვილად არ გავუშვებთ ხელიდან.”

საარჩევნო სიების გადამოწმებაზე თანხმობა უკვე განაცხადა პოლიტიკურ გაერთიანებაში „ალიანსი საქართველოსთვის“ შემავალმა ორმა პოლიტიკურმა ძალამ - „ახალმა მემარჯვენეებმა“ და რესპუბლიკელებმა. მესამე ძალას კი - ირაკლი ალასანიას პარტიას - კანონი არ აძლევს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სარგებლობის უფლებას. თუმცა, რომ არა ეს ბარიერი, პარტიის გენერალური მდივნის ზურაბ აბაშიძის თქმით, კოლეგების გვერდით აუცილებლად იქნებოდა პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”. იმისათვის, რომ საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესი შედეგიანი იყოს, რესპუბლიკურმა პარტიამ რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. მათ შორის არის ”ამომრჩეველთა სიების შესადგენად სახელმწიფო დაწესებულებებიდან სანდო ინფორმაციის მიღება და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი უზუსტობების გამოსწორების კონკრეტული მექანიზმების შექმნა.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG