Accessibility links

logo-print

ტონი ბლერი ერაყის ომის საგამოძიებო კომისიის წინაშე: არ არსებობდა საიდუმლო გარიგება ბუშთან


ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ და პოპულარულ ლიდერად ითვლება. მაგრამ პარასკევს საზოგადოებამ ის არცთუ სასიამოვნო როლში იხილა: ტონი ბლერს ლონდონში, საგანგებო საგამოძიებო კომისიის წინაშე მოუწია თავისი გადაწყვეტილებების განმარტება - კერძოდ, დაცვა გადაწყვეტილებისა ერაყში სამხედრო ინტერვენციის შესახებ.

რაც უნდა მოჰყვეს ერაყის ომის საგამოძიებო კომისიის წინაშე ტონი ბლერის გამოსვლას, ორი რამ წინასწარვე ნათელი იყო. ჯერ ერთი, საზოგადოებრივი აზრი ბრიტანეთში ტონი ბლერის წინააღმდეგ შეტრიალდა, როცა მან 2003 წელს, პრემიერ-მინისტრის რანგში, მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებას ერაყში სამხედრო ინტერვენციის შესახებ.

საზოგადოებრივი აზრის მიმდინარე თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ როგორც აჩვენა, რესპონდენტების 52 პროცენტს სჯერა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა განზრახ შეცდომაში შეიყვანა ქვეყანა ერაყში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მეტიც: გამოკითხულების 25 პროცენტის აზრით, ტონი ბლერს სამხედრო დანაშაულების ბრალდება უნდა წაუყენონ...

და კიდევ ერთი რამ, რაც წინასწარვე ცხადი იყო: ბლერის გამოსვლა ერაყის ომის საგამოძიებო კომისიის წინაშე დიდწილად განსაზღვრავს, როგორ გაიხსენებენ მომავალში მას და პრემიერ-მინისტრად მის 10-წლიან საქმიანობას. ამ შეფასებას გამოთქვამს რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების მიმოხილველი, ჩარლზ რეკნაგელი.

ბლერს რამდენიმე საათი მოუწია მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა ლონდონის ცენტრში მდებარე საკონფერენციო დარბაზში. ამ შეკითხვებს მას ხუთკაციანი კომისიის წევრები უსვამდნენ, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე, ჯონ ჩილკოტი.

„ერაყის შესახებ გამოძიების მიზანია, დადგინდეს სანდო ინფორმაცია ერაყში 2001-2009 წლებში გაერთიანებული სამეფოს მოქმედების შესახებ და გავაკეთოთ დასკვნები, რომელთაც მომავალში გაითვალისწინებენ მთავრობები, თუ ასეთივე პირობებში აღმოჩნდებიან. ამით არის გამართლებული ჩვენი საქმიანობა. გამოძიება სასამართლო არ არის! კომისია, რომლის წინაშეც იმყოფებით, დამოუკიდებელი და არაპოლიტიკურია“, - ეს სიტყვები წარმოთქვა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიდრე კომისიის შეკითხვებზე პასუხის გაცემას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი შეუდგებოდა.

ბლერის გამოსვლა, ალბათ, კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს პროცესში, რომელიც ნოემბერში დაიწყო ერაყის ომის საგამოძიებო კომისიის მიერ მთავრობის ყოფილი წევრების გამოკითხვით.

ტონი ბლერმა ენერგიულად დაიცვა შეფასებები და ნაბიჯები, რომელთაც 2003 წლის მარტში ერაყში შეჭრა მოჰყვა. ბლერის თქმით, 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერაქტებმა შეცვალა დამოკიდებულება სადაზვერვო ინფორმაციისადმი, რომელიც ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის რეჟიმიდან მომდინარე რისკებს ასახავდა - მათ შორის ინფორმაციისადმი მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ. როგორც ცნობილია, 2003 წელს ერაყში სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად ვაშინგტონი და ლონდონი აცხადებდნენ, რომ ერაყიდან მომდინარეობს საფრთხე, მის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღის გამო.

ტონი ბლერმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება 11 სექტემბრის საკვანძო მნიშვნელობაზე - ეს ტერაქტები რომ არ მომხდარიყო, ბრიტანეთის მთავრობა, უდავოდ, სხვაგვარად შეაფასებდა სადამ ჰუსეინის მმართველობიდან მომდინარე საფრთხეს. „მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენი ხედვა, ამერიკელების ხედვა შეიცვალა, მან დრამატული ცვლილება განიცადა“, - აცხადებს ბლერი.

ერაყში სამხედრო ინტერვენციაში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზი, ირწმუნება ბლერი, იყო არა სადამ ჰუსეინის რეჟიმის შეცვლის სურვილი, არამედ ის გარემოება, რომ სადამ ჰუსეინი აბუჩად იგდებდა გაეროს რეზოლციებს. და კიდევ - ტონი ბლერი უარყოფს ვარაუდს, თითქოს ერაყში ომის თაობაზე რაღაც საიდუმლო გარიგება არსებობდა მას და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შორის.

ბლერის რომ ყველას არ სჯერა - ეს პარასკევსაც გამოჩნდა. მაშინ, როცა ის ჩვენებას აძლევდა ერაყის ომის საგამოძიებო კომისიას, გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მის მონაწილეებს შორის ერაყის კონფლიქტში დაღუპული 180-მდე ბრიტანელი ჯარისკაცის ახლობლებიც იყვნენ.
XS
SM
MD
LG