Accessibility links

logo-print
სერბიაში მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი სულ ახლახან აირჩიეს. ეპისკოპოსი ირინეოს გავრილოვიჩი გახდა ამ, სიძველით მეორე, სლავური მართლმადიდებელი ეკლესიის 45-ე მამამთავარი, რომლის სრული სახელწოდებაა: „პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად–კარლოვალის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბიისა“.

სერბიის პატრიარქის არჩევის პროცედურაზე სინოდის თითოეული წევრი წარმოადგენს ხოლმე პოტენციური კანდიდატების სიიდან სამ პირს. თითოეული უნდა იყოს არჩეული, სულ მცირე, სინოდის წევრთა ნახევარზე მეტის მიერ. ამ სამი პირის ვინაობა ცნობილი ხდება, მზადდება სამი დალუქული კონვერტი, შიგნით მათი ვინაობით, და იდება ბიბლიაში. სინოდი ასახელებს ერთ ბერს, რომელიც ამ კონვერტებს ბიბლიიდან იღებს, შემდეგ ერთს ირჩევს და გადასცემს სინოდის თავმჯდომარე ეპისკოპოსს, რომელიც ახალი პატრიარქის სახელს აცხადებს. ეს ეგრეთ წოდებული აპოსტოლური არჩევნები სერბებმა შემოიღეს 1967 წელს, რათა იუგოსლავიის საერო ხელისუფლებას არ ჰქონოდა ეკლესიის საქმეში ჩარევის საშუალება. ეკლესიის ლიდერები ლაპარაკობენ, რომ სულიწმიდა უკარნახებს ბერს, ამოირჩიოს კონვერტი, რომელშიც ღირსი ეპისკოპოსის ვინაობას ვკითხულობთ - სულიწმიდა იმისათვის, რომ არ მოხდეს იქ ადამიანის ჩარევა.

ეკლესიის ისტორიკოსმა მილორად ტომანიჩმა ირინეოსის პატრიარქად არჩევის შემდეგ ჩვენს რადიოს უთხრა:

„უნდა ვთქვა, რომ ის არ არის იმ ეპისკოპოსთა რიგში, რომლებიც საზოგადოებაში ჩანდნენ. ისეთი, ასე ვთქვათ, „ხმამაღალი“ სასულიერო პირების გვერდზე, როგორებიც არიან ეპისკოპოსები არტემი, ამფილოქე ან ბოსნიის ეპისკოპოსი ვასილი კაჩავენდა, ირინეოსი, მართლაც, ცნობილია, როგორც უკონფლიქტო ადამიანი, რომელიც ინციდენტებთან არ არის დაკავშირებული.“



მილორად ტომანიჩი ავტორია წიგნისა „სერბიის ეკლესია ომის დროს და ომი მის შიგნით“. მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, პატრიარქი, როგორც ხალხი ამბობს, პაპი არაა და ეს, მართლაც, ასეა - მას არა აქვს ისეთი ძალაუფლება არც ეკლესიაში, არც მის გარეთო. პატრიარქის პიროვნება შეიძლება იყოს მხოლოდ მორალური მაგალითი ხალხისთვის და მას შეუძლია იზრუნოს მშვიდობისთვის ეკლესიაშიო, ამბობს ტომანიჩ,ი რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ პატრიარქი ირინეოსი ამას მოახერხებს და აი, რატომ:

„რამაც ეჭვი მომგვარა, იყო ვიდეოფირი, რომელზეც ახლად არჩეულ პატრიარქსა და ეპისკოპოს ვასილის ერთმანეთის ხელები უჭირავთ. ვასილი თავდაჯერებული გამოიყურება - თითქოს დარწმუნებულია, რომ პატრიარქი მას ეკუთვნის. აი,ამის მეშინია. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ ეკლესია დაწყნარდება.“

არის კი შესაძლებელი დაწყნარება, როცა ეკლესიაში არიან ბოსნიელები, რომლებსაც სათავეში უდგათ ვასილი, ან კოსოვოს ტერიტორიაზე მოქმედი ეპარქიის ხელმძღვანელი, არტემი? -შეკითხვას სვამს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი და შეახსენებს თანამოსაუბრეს ვიდეოფირს, რომელზეც ვასილი შოვინისტურ სიტყვას წარმოთქვამს.

სერბი ისტორიკოსი განმარტავს, რომ ეს არის, რაც მას აშინებს. მას შესაძლებლად მიაჩნია ვასილის ეზრუნა იმისათვის, რომ პატრიარქად ირინეოსი აერჩიათ, ბოსნიელების ხმების დახმარებით. ეპისკოპოსები კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სულიწმიდამ მიიღო, მაგრამ ეჭვი, ტომანიჩის თქმით, ყოველთვის არსებობდა, რომ ხელისუფლებაც ერევა პატრიარქის არჩევაში. ეს არის შეკითხვა და მე არ მოველი ამ მხრივ დიდ ცვლილებასო, გვითხრა სერბიის ეკლესიის ისტორიის მკვლევარმა.

სანამ პავლე, წინა პატრიარქი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ეკლესიაში დომინირებდა მკაცრი ხაზის მომხრე სამღვდელოება (მაგალითად, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რომის პაპის იქ ჩასვლას), ეპისკოპოს ამფილოქე რადოვიჩის წინამძღოლობით, ანტიდასავლურად განწყობილი სასულიერო პირები ეკლესიას, ასე ვთქვათ, იცავდნენ. ტომანიჩი ამბობს:

„ამფილოქე საკვანძო ფიგურა იყო 90-იან წლებში და შემდგომაც. მასზე ბევრი კარგის თქმა შეიძლება, მაგრამ ... აქამდე არაფერი გამოსდიოდა - რაც კი ისურვა, ყველაფერი ჩაშალა“, -აცხადებს თავის აზრს ამ ეპისკოპოსზე ტომანიჩი.

სერბიის ეკლესია საქართველოს ეკლესიის მსგავსი სტატუსით სარგებლობს და ავტოკეფალური, სამოციქულო ეკლესიაა.

დამაარსებელი სერბიული მართლმადიდებლობისა, ანდრია პირველწოდებულთან ერთად, რომელმაც, ჩანს, იმ არეალშიც იმოგზაურა, სადაც ახლა სერბიაა, საბა სერბიელია, რომელიც მე-12-მე-13 საუკუნეებში ცხოვრობდა. მას მერე სერბეთის ეკლესიის თავზე არაერთი ბორბალი დატრიალდა, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა გამარჯვებულმა ქვეყნებმა დაუშვეს სერბების, ხორვატებისა და სლოვანების სამეფოს (მოგვიანებით იუგოსლავიის სამეფო) დაარსება, შესაძლებელი გახდებოდა სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება და ავტოკეფალიის მიღება. მეორე მსოფლიო ომის დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე კათოლიკე, ეგრეთ წოდებული „უსტაშა ფაშისტების“ გააქტიურებისა და ბატონობის დროს, სამი ეპისკოპოსი და ასეულობით მღვდელი დახოცეს სხვა ათასობით ადამიანთან ერთად. სერბიის მაშინდელი პატრიარქი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. ომის შემდეგ იუგოსლავია ფედერაციულ რესპუბლიკად გამოცხადდა, იქ სოციალისტები გაბატონდნენ. იუგოსლავიაში, სადაც, არადასავლური სამყაროს სხვა ქვეყნებთან შედარებით, თავისუფალი საზოგადოება იყო, ეკლესიასაც, კომუნისტური ქვეყნებისგან განსხვავებით, ფართო მოქმედების საშუალება ჰქონდა. მთავარი განსაცდელი ეკლესიას იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაუდგა. ფაქტი, რომ სერბიის ეკლესიას თავი სერბი ერის მფარველად მიაჩნდა, ულტრანაციონალისტებმა გამოიყენეს. ეკლესიას ის ფუნქცია, რომელიც მან შუა საუკუნეებში, რომის ეკლესიის თუ ოსმალების მუქარისა და ბატონობის დროს იკისრა, კვლავ დაუბრუნდა, მაგრამ ქვეყანა დაიშალა. ამ დაშლის პროცესში, ომების დროს, ეკლესიის მამამთავარი არ იყო ნეიტრალური. იუწყებიან, მაგალითად, რომ პატრიარქმა პავლემ, რომლის გარდაცვალების შემდეგ ის ირინეოსმა შეცვალა, პატივი მიაგო რადოვან კარაჯიჩსა და რადკო მლადიჩს, რომლებიც ნაციონალისტი სერბების სისასტიკის სიმბოლოებს წარმოადგენენ.

ირინეოსს არაერთი პრობლემის მოგვარება მოუწევს ეკლესიაში, მით უმეტეს, ამ დაშლის სტადიაში. სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის ბოლოსწინა ეტაპი, როგორც ითქვა, მსოფლიო ომებს შორის და მათ მერე, უკავშირდებოდა სახელმწიფოს შექმნას და ახლა უკვე მის საკმაოდ მცირე ნაწილებად დაშლასაც. სეპარატისტულად განწყობილი მაკედონიის და ჩერნოგორიის ეკლესიების გარდა, ირინეოსმა ურთიერთობა უნდა მოაგვაროს ვატიკანთან. კათოლიკურ ეკლესიასთან წარსული ურთიერთობაც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს. ასე იყო შორეულ ისტორიაში, როცა მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა უშუალო შეხება და დაპირისპირება ხდებოდა დღევანდელი ბალკანეთის ტერიტორიაზე, და ასე იყო ზემოხსენებული ფაშისტური მმართველობის დროს.

ირინეოსმა, რათა სერბებისთვის საკუთარი პოზიცია ეჩვენებინა, აღსაყდრების შემდეგ სერბიის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა და მას რელიგიური ფერი შესძინა. „კოსოვო ჩვენი იერუსალიმიაო“, - ეს იყო ერთი ფრაზა, მეორე კი ასე ჟღერდა: „სერბია კოსოვოს გარეშე სერბია არ არის“.

მილორად ტომანიჩმა ჩვენს კორესპონდენტს თავისი ოცნება გაუზიარა: ჩვენი ეპისკოპოსებისთვის საუკეთესო იქნება, ათონის მთაზე არსებულ მონასტერში წავიდნენ და იქ ერთ წელი მაინც გაატარონ, იმაზე იმუშაონ, რაც იციან - თეოლოგიას მიუძღვნან თავი, პოლიტიკა კი მათ დაუთმონ, ვინც უფრო რბილია და კომპრომისისთვისაც მზადაა.
XS
SM
MD
LG