Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუძლია თუ არა საქართველოს ისტორიის გაკვეთილების გათვალისწინება?


რუსეთის ტანკები მოდიან, ბავშვებს ეს დიდად არ ანაღვლებთ...
რუსეთის ტანკები მოდიან, ბავშვებს ეს დიდად არ ანაღვლებთ...
შეუძლიათ თუ არა რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება? 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს შეკითხვა, ალბათ, აბსურდულად გაიჟღერებდა, თუმცა, თუ საკითხს ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, - და, განსაკუთრებით, თუ მას თვალს მივადევნებთ ათენიდან, სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ, - ეს შეკითხვა მხოლოდ მნიშვნელოვანი კი არ ხდება, არამედ მისი პასუხიც გულმხურვალე „დიახ“ შეიძლება იყოს.

როგორც წესი, ომის შედეგები ნაკლებად უკავშირდება ხოლმე “ადგილზე არსებულ ფაქტებს” - მთავარი ისაა, ამ შედეგებს როგორ აღიქვამენ და რანაირ ინტერპრეტაციას უკეთებენ ომში მონაწილე მხარეები და გარეშე დამკვირვებლები. 2008 წლის ომზე საუბრისას, დამკვირვებლების უმრავლესობა აცხადებდა, რომ გამოჩნდა - რუსეთი მშვიდობისდამცველი არ არის. მაგრამ რა იყო მოსკოვის მთავარი მოტივაცია - სურვილი, რეგიონში საკუთარი თავი კვლავ დომინანტურ ძალად ეხილა?

ეს ორი განსხვავებული საკითხია და განხილვას ორივე საჭიროებს, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ან გამორიცხავენ, ან არა. ცხადია, რომ მოსკოვის ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსოფლმხედველობაში შემაშფოთებელ, შიზოფრენიულ გაორებას ვაწყდებით. პარალელურად, მათი ზოგიერთი ქართველი კოლეგა მსოფლიო პოლიტიკის არარეალურ აღქმას ინარჩუნებს - მათი მცდარი წარმოდგენით, ამ პოლიტიკაში საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. ერთი მხრივ, რუსეთში თავის ქვეყანას ბევრი მსოფლიო სარბიელზე მზარდი გავლენის მქონედ აღიქვამს; მეორე მხრივ კი, რუსეთის მოსახლეთა უმრავლესობას აშინებს თავისი ქვეყნის მომავლის ზოგადი პერსპექტივა.
ერთი მხრივ, რუსეთში თავის ქვეყანას ბევრი მსოფლიო სარბიელზე მზარდი გავლენის მქონედ აღიქვამს; მეორე მხრივ კი, რუსეთის მოსახლეთა უმრავლესობას აშინებს თავისი ქვეყნის მომავლის ზოგადი პერსპექტივა.

რუსეთის ქმედებების გაგებაში სწორედ ეს შიდა გაორება დაგვეხმარება. ვისაც რუსეთთან ურთიერთობაში წარმატების მიღწევა სურს, ეს დაყოფა ყველამ უნდა გაიაზროს. არსებული რეალობა იმ პირებმაც უნდა გაითვალისწინონ, ვინც საქართველოში პოლიტიკას განსაზღვრავს. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პოლიტიკური ინტერესების დათმობას არ ნიშნავს - ამით ეს ინტერესები მხოლოდ უფრო რეალისტურ ჩარჩოში მოექცევა. ეს თუ განხორციელდა, საქართველო შეძლებს დადებითი წვლილი შეიტანოს მიმდინარე, კომპლექსურ დიალოგში რუსეთსა და დასავლეთს - და, კონკრეტულად, შეერთებულ შტატებს - შორის. ამ დიალოგში ზედმეტად ნეგატიური მუხტის შეტანის ნაცვლად, მხარეები საქართველოსთან დაკავშირებული უთანხმოებების განხილვას (რომლებიც, სამწუხაროდ, საკითხების ჩამონათვალში დღეს პრიორიტეტს არ წარმოადგენს) ნაკლებად აჟიტირებული და ნევროტული ფორმით შეძლებდნენ.

არსებული მდგომარეობიდან ამ ვითარებამდე მისვლას ცვლილებების განხორციელება ორივე ქვეყანაში დასჭირდება - არა მხოლოდ პოლიტიკის თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების, არამედ აზროვნების და აღქმის თვალსაზრისით. ამ ცვლილებების მოხდენა ორივე ქვეყანას გაუჭირდება გარეშე ძალების დაუხმარებლად. ეს ცვლილებები კი აუცილებლად უნდა მოხდეს - არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის, არამედ რუსეთის მომავლის გულისთვისაც. ამას მარტივი მიზეზი აქვს: თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ კარგ მეზობლებად გადაქცევას, მტრობის შხამი მოწამლავს სტაბილურობის და ეკონომიკური აღმავლობის პერსპექტივებს მთლიანად ჩვენს რეგიონში, იმიტომ რომ ეს ორი ქვეყანა გეოგრაფიულად და ისტორიულად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და მათი დაშორიშორება შეუძლებელია.

საქართველოს ინტერესი, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს, ნათელია, თუმცა იგივე ვითარება უნდა არსებობდეს რუსეთშიც. რუსეთსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობის დამყარება საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ვერასოდეს უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მას დიდი ქვეყნის მეზობლად უწევს ცხოვრება. ამ ფაქტის იგნორირება ან იმის წარმოდგენა, რომ ამის უგულებელყოფისთვის საქართველოს ვინმე რაიმე ალტერნატივას შესთავაზებს, მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკის რეალობის იგნორირების ტოლფასია. ცხადია, სხვებს შეუძლიათ საქართველოს დაეხმარონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჯერ საქართველო დაეხმარება საკუთარ თავს.

ამავე დროს, რუსეთიც დაინტერესებული უნდა იყოს, გარშემო ჰყავდეს მეგობრები, რომლებთანაც ითანამშრომლებს, და არა მუდმივად მშფოთვარე მოწინააღმდეგეები. დღესდღეობით რუსეთის ზოგიერთ მეზობელს თვალი დასავლეთზე - ნატოსა და ევროკავშირზე - უჭირავს, ორი მიზეზის გამო: ჩვენ გვინდა დამოუკიდებელ, ეფექტიან და დემოკრატიულ ქვეყნებად ჩამოვყალიბდეთ და იმის გამო, რომ, ამ თვალსაზრისით, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილოები თუ სწორხაზოვნად რომანტიკულები ვართ, და თანაც სხვა მიმზიდველ ალტერნატივას ვერ ვხედავთ. ადრეულ 1990-იან წლებში, პრაღაში ყოფნისას, ვაცლავ ჰაველთან დაახლოებულმა ერთმა პირმა მითხრა, “თუკი ახლა არ შევაკავებთ რუსეთის ქცევაში გამოკვეთილ გარკვეულ ტენდენციებს იმ რეგიონთან მიმართებით, რომელსაც ისინი “ახლო სამეზობლოს” უწოდებენ, ხვალ, შესაძლოა, რუსები ამავე ფორმით მოექცნენ “შუა სამეზობლოს”, ერთ დღესაც კი, შესაძლოა, “შორეულ სამეზობლოსაც” მისწვდნენო.” ამდენად, მოსწონს მავანს ეს თუ არა, რუსეთს და მის უშუალო სამეზობლოს შორის თანამშრობლობის ხელშეწყობა დასავლეთის ინტერესებში შედის.

რუსეთმაც და საქართველომაც უნდა აღიარონ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის მიღწევა ყველაფერზე პრიორიტეტულია. თუმცა ამის მისაღწევად ორივე მხარეს მოუწევს ისტორიული და გეოგრაფიული შეზღუდვების გადალახვა.
ამის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. პირველ რიგში, რუსეთისა და “ახლო სამეზობლოს” ურთიერთობაში შექმნილი ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ჩიხურ მდგომარეობაში ყოფნისას რუსეთი გლობალურ ასპარეზზე საკუთარ პოზიციას საფრთხის ქვეშ აღიქვამს; მის სამეზობლოს კი სურს, გაექცეს რუსეთის მანკიერ, ძველ, საბჭოთა ტაქტიკას - მისი გავლენის ყოფილ სფეროზე კონტროლის შენარჩუნების მცდელობის საეჭვო “ეროვნული ინტერესების” დაცვის სახელით შენიღბვას. თუმცა საბჭოთა მემკვიდრეობის გარკვეული ასპექტებისგან გათავისუფლება საქართველოსაც ესაჭიროება - განსაკუთრებით, არასწორი აღქმის შეცვლის თვალსაზრისით.

რუსეთმაც და საქართველომაც უნდა აღიარონ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის მიღწევა ყველაფერზე პრიორიტეტულია. თუმცა ამის მისაღწევად ორივე მხარეს იმ ისტორიული და გეოგრაფიული შეზღუდვებისა და არსებული სტერეოტიპების გადალახვაც მოუწევს, რომელიც დღეს მათ მიერ გატარებული პოლიტიკის იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს. როგორც 2008 წლის აგვისტომ აჩვენა, ეს არ იქნება იოლი ამოცანა და მას ორივე მხარის მიერ ეროვნული ინტერესების განსაზღვრასა და გატარებაზე კიდევ უფრო მეტის გაკეთება დასჭირდება.

ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ჯერ კიდევ არსებული რთული და ქაოსური ვითარება. იმ უცნაური იმპერიის დაშლის შემდეგ მისმა მემკვიდრე ქვეყნებმა სახელმწიფოს მშენებლობას მიჰყვეს ხელი, მაგრამ, ბუნებრივია, ყველას თავისი ინტერესები ამოძრავებს. რუსეთისთვის “ძლიერი სახელმწიფოს” აღორძინების იდეაში მთავარი ასპექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენაა. საქართველოს დღევანდელი ლიდერებისთვის - სხვების მსგავსად - სახელმწიფო მშენებლობის პროგრამის მთავარი ელემენტები იყო ქვეყნის გაერთიანება და მისი გაწევრიანება ევროპულ უსაფრთხოების (ნატო) და ეკონომიკურ (ევროკავშირი) ორგანიზაციებში. ცხადია, რომ ეს განსხვავებული მიდგომები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა იქნებ მათი თანაარსებობაც შესაძლებელი იყოს, თუკი ყველა მხარე არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, არამედ სხვების საჭიროებებსაც გაითვალისწინებს.

ამას რამდენიმე დადასტურება აქვს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე პირმა მითხრა, რუსეთი მოხარული ან, უბრალოდ, კმაყოფილი იქნებოდა, საქართველო რომ “სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური” ქვეყანა გამხდარიყო და ნატოში მისწრაფებაზე უარი ეთქვაო. ეს რომ მომხდარიყოო, - ამბობდნენ ის ადამიანები უკვე შემდეგ, - მოსკოვს, შესაძლოა, თავისი დამოკიდებულება შეეცვალაო. ჰიპოთეზის დონეზე, ამ ვარიანტის განხილვა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, საქართველო რომ გეოგრაფიულად, მაგალითად, შვეიცარიის მსგავს ადგილას მდებარეობდეს.

2400 წლის წინ ათენმა გაანადგურა მელოსი მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი არ დათანხმდა დანებებაზე - სპარტელებს კი არაფერი გაუკეთებიათ თავიანთი “მოკავშირის” დასაცავად.
ქართველისთვის, განსაკუთრებით ჩემსავით ათენის პართენონის ჩრდილში მომუშავე პირისთვის, საყურადღებო მაგალითია თუკიდიდეს მიერ გადმოცემული ამბავი, რომელიც ეხება დემოკრატიული, მაგრამ ძლიერი და იმპერიალისტური ათენის და ბევრად პატარა მეზობლის, მელოსის, მშფოთვარე ურთიერთობას პელოპონესის ომის დროს. ეს კარგი მეზობლური ურთიერთობის დამყარების პროცესში გაჩენილი თანმდევი სირთულეების კარგი მაგალითია. ათენს სურდა პატარა კუნძული, მელოსი, ვასალ სახელმწიფოდ გადაექცია. მაგრამ მელოსს, რომელიც სპარტანელთა შორეული მოკავშირე იყო, ნეიტრალურად სურდა დარჩენა და სჯეროდა, რომ მას სპარტელები დაიცავდნენ. ეს შორეული ისტორიული ანარეკლი დღევანდელი ქართველებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო რეალობას ასახავს - ყველას უნდა ახსოვდეს, რომ 2400 წლის წინ ათენმა გაანადგურა მელოსი მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი არ დათანხმდა დანებებაზე, სპარტელებს კი არაფერი გაუკეთებიათ თავიანთი “მოკავშირის” დასაცავად. ეს თანამედროვე Realpolitik-ის რისკიანი თამაშის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, რომელიც დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკისთვის ტიპურად იქცა.

ამდენად, მომავალზე ფიქრისას, ქართველებს რუსეთთან შექმნილი პრობლემების გადაჭრის საქმეში თვალი მხოლოდ შორეულ ძლიერ ქვეყნებზე არ უნდა ეჭიროთ. პრობლემებს მათ თავად უნდა მიხედონ. ამისათვის ჯერ იმის გააზრებაა აუცილებელი, თუ რა სურთ რუსეთსა და საქართველოს, შემდეგ კი - ნდობისა და თანამშრომლობისთვის საჭირო გზების ძიება.

აუცილებელია, პირდაპირ დაისვას გარკვეული მწვავე შეკითხვები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია - ან რა უნდა გააკეთოს - საქართველომ. გარდა ამისა, აუცილებელი იქნება საქართველო ჩამოყალიბდეს მოქმედ, ეფექტიან და სტაბილურ დემოკრატიად, ვინაიდან თუკი ასე არ მოხდა, საქართველო ვერ შეძლებს მომავალ მსოფლიოში ადგილის დამკვიდრებას და არსებულ რისკებთან თუ გამოწვევებთან გამკლავებას. შესაბამისად, ქართველებმა ყველა ამ საკითხზე უნდა დაიწყონ დისკუსია - და აღარ უნდა მოიქცნენ ისე, თითქოს შორიდან მოვა რაიმე ძალა, რომელიც საქართველოს მოუხსნის დამოუკიდებლად აზროვნებისა და მოქმედების აუცილებლობას.

თედო ჯაფარიძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ამჟამად მუშაობს ათენში, შავი ზღვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის თანადირექტორად.
XS
SM
MD
LG