Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ხელახალ შეთავაზებას ნატო კვლავ წაყრუებით უპასუხებს?


გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეერთებულ შტატებსა და ნატოს მეორედ შესთავაზა გამოიყენონ საქართველოს საჰაერო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა ავღანეთში სამხედრო დანიშნულების ტვირთისა და იარაღის ტრანსპორტირებისათვის. საქართველოს ლიდერის აღნიშნული განცხადება “ასოშიეიტედ პრესით” 28 იანვარს იმ დროს გავრცელდა, როდესაც ლონდონში ავღანეთის ირგვლივ საერთაშორისო კონფერენცია ტარდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ - ნატოსთვის სატრანსპორტო დერეფნის შეთავაზებამ - დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგიერთმა ქართულმა გაზეთმა დაწერა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, ნატოს მოკავშირეთა ავიაციამ ავღანეთში განთავსებული თალიბთა ბანაკები სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან დაბომბოს. სხვაგან დაიწერა, სააკაშვილს აღნიშნული ინიციატივა შეერთებული შტატებისა და ნატოს ქვეყნების გულის მოსაგებად სჭირდებაო. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს ვერც არათანმიმდევრულობას დააბრალებ და ვერც პოლიტიკური მომენტის შეუფასებლობასო, - ამბობს ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტის მაგისტრი, გადამდგარი გენერალი გიორგი გოგაშვილი:

“თანამიმდევრული არის, ყოველ შემთხვევაში, [ეს გადაწყვეტილება] იმიტომ რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს კარებზე აკაკუნებს; გარდა ამისა, იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს ვრცელდება, რომ რუსეთის შეთავაზება, ავღანეთისაკენ რაღაც ტვირთების გატარებას ხელი შეუწყოს, ამერიკისათვის მაინცდამაინც დალაგებული სცენარით არ მიდის.”

ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების - ISAF-ის -მოსამარაგებლად ნატო და მისი მოკავშირეები რამდენიმე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დერეფანს იყენებენ. აქამდე ეს ყველაფერი, ძირითადად, ხორციელდებოდა არაბეთის ზღვის გავლით, გემების მეშვეობით, რომლებსაც ტვირთები შეჰქონდათ პაკისტანში, საიდანაც სახმელეთო ტრანსპორტით სამხედრო დანიშნულების და ლოგისტიკური ტვირთები ავღანეთში იგზავნებოდა. მაგრამ სამი წლის წინ, სატრანსპორტო ქარავნებზე თალიბების გახშირებული თავდასხმების შემდეგ, ალიანსის ხელმძღვანელობამ დაიწყო ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფანზე ფიქრი. სწორედ მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ პირველად შესთავაზა ნატოს და შეერთებულ შტატებს მისი ტერიტორიის ჩართვა ახალ მარშრუტში. რამდენიმე წლის წინ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ კანონიც კი მიიღო, რომელიც შეერთებულ შტატებს და ნატოს უფლებას აძლევს, სამხედრო დანიშულების ტვირთების ტრანზიტისათვის საქართველოს სახმელეთო და საჰაერო დერეფანი გამოიყენოს. ასე რომ, საჭირო იყო მხოლოდ მოკავშირეთა თანხმობა, მაგრამ ნატომ და შეერთებულმა შტატებმა, როგორც ISAF-ის მთავარმა ძალამ, უპირატესობა რუსეთ-ცენტრალური აზიის დერეფანს მიანიჭეს, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი.

“რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ნატომ, ისევე როგორც ამერიკელებმა, უპირატესობა მიანიჭა რუსეთის მარშრუტს. მიდის მოლაპარაკებები და უკვე დაწყებულია ტვირთების ტრანზიტი. ეს იწყება რიგიდან, ლატვიის დედაქალაქიდან. სარკინიგზო ეშელონი გადაკვეთს რუსეთის მთელ ტერიტორიას, შედის ყაზახეთის ტერიტორიაზე, შემდეგ უზბეკეთის ტერიტორიაზე, თერმეზში და შემდეგ გადადის უკვე ავღანეთში“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

ანუ, ლატვიას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ნატო იყენებს იმ მარშრუტს, რომელსაც ავღანეთში ტვირთების ტრანზიტისათვის საბჭოთა კავშირი 1979-1989 წლების ე.წ. ინტერნაციონალური მისიის მოსამარაგებლად იყენებდა. მაგრამ იმხანად დიდი ფუნქცია ენიჭებოდა სამხრეთ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს საჰაერო და სახმელეთო დერეფანს, მათ შორის, შირაქის (კახეთის) და ცხინვალში არსებულ სამხედრო აეროდრომებსო, -ამბობს ირაკლი ალადაშვილი და დასძენს, რომ ამ დერეფნის მნიშვნელობაზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არ არის პოლიტიკური ახირება ან პოლიტიკური პიარი - საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირება ავღანეთში, -ექსპერტის აზრით, - საკმაოდ პერსეპქტიულად გამოიყურება.

“საქართველოს პრეზიდენტმა რაც თქვა დერეფანთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საჰარეო და სახმელეთო დერეფანი გამოყენებული იქნეს ნატოს ISAF-ის ოპერაციის მოსამარაგებლად ევროპიდან ავღანეთში, - ეს არ არის ცუდი აზრი იმ გაგებით, რომ ამან შეიძლება მოგვცეს დამატებითი ფინანსური სახსრები. ეს მარშრუტი შეიძლება იყოს აღმოსავლეთ ევროპიდან, მაგალითად, ვარნას ან კონსტანცის საზღვაო პორტებიდან შავი ზღვის გავლით, ფოთის ან ბათუმის პორტებამდე, შემდეგ რკინიგზით აზერბაიჯანამდე, კასპიის ზღვით – თურქმენეთამდე და თურქმენეთის გავლით უშუალოდ ავღანეთში გადასვლა.”

თუკი, პერსპექტივაში, ნატო დათანხმდება საქართველოს დერეფნის გამოყენებას ISAF-ის მოსამარაგებლად, ამ პროექტს, ფინანსური მოგების გარდა, სერიოზული პოლიტიკური შედეგიც ექნება და სასიკეთოდ იმოქმედებს იმ საფრთხეების განეიტრალებაზე, რომელიც შეიძლება არა მარტო საქართველოს, მთელ რეგიონს შეექმნას, - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ლევან ცუცქირიძე და უარყოფს აზრს, თითქოს მსგავსი ინიციატივების ხშირი განმეორება საქართველოს ტერორისტების სამიზნედ გადაქცევით ემუქრებოდეს:

“ვერ ვიტყვით იმას, რომ ან ახლა, ან თვალსაწიერ პერსპექტივაში საქართველოსათვის იარსებებს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ტერორისტული საფრთხე, ვიდრე რუსული საფრთხეა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს იმას, რომ რუსული საფრთხე შემცირდეს, პოლიტიკური მონაწილეობა შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოებისა, რომლებიც შტატებს მხარს უჭერენ ამ საქმეში [ISAF-ში], გაიზარდოს საქართველოში და, შესაბამისად, შემცირდეს ის საფრთხე, რაც რუსეთიდან მომდინარეობს. ბუნებრივია, გაჩნდება სხვა საფრთხეები. მაგრამ ესეც, მე ვფიქრობ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ასაწონ-დასაწონია. და ამ საფრთხეების წინააღმდეგაც, შესაძლებელია, რომ მიღებული იქნეს ზომები.”

მაგრამ საქართველოს წინადადება ჯერ ალიანსის წევრებმა უნდა აწონ-დაწონონ და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამოიყენებენ თუ არა საქართველოს სახმელეთო და საჰაერო დერეფანს ნატოში მყოფი მრავალეროვნული სამხედრო ძალის, ISAF-ის, მოსამარაგებლად. წინა წლებში საქართველოს ამ წინადადებას ბრიუსელი და ვაშინგტონი, როგორც იტყვიან, “ცნობად ღებულობდნენ” და ქათინაურებს არ იშურებდნენ საქართველოს ასეთი მხარდაჭერის დემონსტრირებისათვის. მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ მზადყოფნის ხელმეორედ დადასტურებას, ჩანს, იგივე ბედი ელისო, - ამბობს დენიელ კორსკი, ლონდონში არსებული ევროსაბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

“საკითხავი ისაა, რამდენად არის იგი, საქართველო, ლოგისტიკურად მზად ამისათვის, ანდა რამდენად გამოსადეგია მისი ინფრასტრუქტურა. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეს შეთავაზება მაგიდაზე ერთი წელიწადია დევს, ნატო, აშკარად, მიიჩნევს, რომ მისთვის უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა პაკისტანის მარშრუტი და უფრო ჩრდილოეთით არსებული მარშრუტი, რომელიც რუსეთს და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანას გაივლის.”

ქართველი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. მისი თქმით, ავღანეთისაკენ სამხრეთ კავკასიის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც ამცირებს გზას და სატრანსპორტო ხარჯებს, ბევრად უფრო მომგებიანია ყველა დაინტერესებული მხარისათვის და, პირველ ყოვლისა კი, საქართველოსათვის. “მაგრამ ის, რომ ამერიკელებიც და ნატოც თავს იკავებენ ამ დერეფნის გამოყენებაზე, მიანიშნებს იმას, რომ არსებობს პოლიტიკური ბარიერები”, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG