Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრით და ქართველი პოლიტიკოსების რუსეთთან დიალოგის თემით დაიწყო. ორშაბათიდან მოყოლებული, პრესაში რამდენიმე ინტერვიუ დაიბეჭდა ზურაბ ნოღაიდელთან. ”ამ ქვეყანაში მე სკოლის დირექტორი არ ვყოფილვარ. ალბათ, საქართველოში არ არის კუთხე, მე არ ვიცოდე, და ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდე. მე ვასრულებ საქართველოს საზოგადოების შეკვეთას, როცა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ვცდილობ”, - უთხრა „რეზონანსს“ ზურაბ ნოღაიდელმა. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კი განაცხადა: ”ყველამ კარგად ვიცით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გარეშე საქართველო ვერ დაიბრუნებს ტერიტორიებს, გაერთიანებისა და განვითარების შანსს დაკარგავს.”

ორშაბათსვე ამ თემაზე ნოდარ ნათაძეც საუბრობდა გაზეთ „ახალ თაობაში“: “რუსეთის მხრიდან საქართველოზე გენერალური შეტევაა. ნახეთ, ერთდროულად რა ხდება - გამოდის პუტინი და ლაპარაკობს იმაზე, რომ შესაძლებელია საქართველოს აღდგენა. ამაში იმას იგულისხმებ, რასაც გინდა. შეიძლება იგულისხმო საქართველოს მთლიანობის აღდგენა, შეიძლება იგულისხმო საქართველოს შეერთება რუსეთთან. დამაფიქრებელი ისაა, რომ ახლა გამოდის ნოღაიდელი და ვაჟკაცობას სიმულანტობს, ვინც არჩევნებს გააყალბებს, ხელებს დავამტვრევო. აშკარაა, ნოღაიდელი რუსების კაცია, აქ ორი აზრი არ არის”, - უთხრა „ახალ თაობას“ ნოდარ ნათაძემ.

“ახლა ისღა მაკლია, რომ ოპოზიციიდანაც გამოვიდეს ისეთი ხალხი, რომელიც რუსეთის თამაშს თამაშობს ან იმედი აქვს, რომ სტატუსს დაიმკვიდრებს და დემაგოგიურ პოპულიზმს მოიპოვებს”, - ეს კი უკვე სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გახლავთ სამშაბათის „რეზონანსიდან“.

“მაინც რამდენია იმ “დამკვეთი მოსახლეობის” რაოდენობა, რომელსაც რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მოწოდებული პარტიები ეყრდნობიან” - ამის გარკვევას ცდილობდა უკვე მომდევნო დღეს “ვერსია”, რომელმაც ამისათვის სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს მიმართა: “შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთთან მოკავშირეობის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც შეგვიძლია პრორუსობა მივაწეროთ, 2009 წლის მარტის მონაცემებით, სულ 5%-ია... ეს მაჩვენებელი დეკემბერში -4%, სექტემბერში - 5%, ხოლო ივლისში - 6% იყო. ანუ, ფაქტობრივად, ერთი და იგივე. ჩემი შეფასებით, ახლა ტენდენცია მატებისკენ წავიდა, იმიტომ რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობები გააქტიურდა. მაგრამ ეს ერთი ან ორი პროცენტი, ალბათ, არაფერს ნიშნავს”, - უთხრა „ვერსიას“ იაგო კაჭკაჭიშვილმა.

შაბათს პრესის მთავარი თემა კვლავ საქართველოს საგარეო ურთიერთობები იყო, ოღონდ უკვე სრულიად განსხვავებულ რაკურსში. „რეზონანსი“ საქართველოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივას ეხმიანება და წერს, „საქართველოს ტერიტორია შესაძლოა ამერიკისა და ნატოს მიერ ავღანეთში ”თალიბების ” წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების პლაცდარმად იქცესო.“ გაზეთი საქართველოს პრეზიდენტის ”ასოშიეიტედ პრესისათვის” მიცემულ ინტერვიუს მოიხმობს და განმარტავს, რომ საუბარი მიდის სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე, რომლის გამოყენებაც ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით მოხდება.

„რეზონანსის“ შაბათის ნომერში დაბეჭდილია კიდევ ერთი პუბლიკაცია ამ თემაზე, რომელშიც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს: ” მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგან ეს ისეთი თემაა, რომელიც არ შეიძლება გაგვეგო საერთაშორისო მედიიდან. ეს ის საკითხია, რომელიც ქართული საზოგადოების განსჯის საგანია". ირაკლი სესიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივას დადებითი მხარეც აქვს. ”თუ ჩვენს ქვეყანაში სატრანსპორტო ბაზები გამოჩნდება, ეს, გარკვეულწილად, ტენდენციურდ იმოქმედებს რუსეთის ბაზებზე”, - უთხრა მან გაზეთს. - სესიაშვილმა დასძინა, რომ საჭიროა ამ საკითხის გეგმურად განხილვა, თუ რა ტიპის სატრანსპორტო დერეფანს სთავაზობს ნატოს ძალებს ჩვენი პრეზიდენტი, რა ტიპის ინფრასტრუქტურა იქნება ჩართული ამ სისტემაში და როგორი იქნება უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ინიციატივაზე. ექსპერტის აზრით, ერთი მიმართულებით დერეფნის გახსნა სახიფათოა. მით უმეტეს, როცა საუბარია საზღვაო პორტებზე, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონშია. მაგრამ თუ საუბარი იქნება საჰაერო სივრცეზე, ანუ რამდენიმე აეროდრომზე, მიზანშეწონილობის უფრო ღიად ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნებაო”, - ვკითხულობთ „რეზონანსში“.

შაბათს ამ თემას „ალიაც“ ეხმიანება. გაზეთი პარლამენტის თავმჯდომარეს ბრიუსელში დაუკავშირდა. - ”ჩვენ არ ვიცით, პრეზიდენტმა ეს რა კონტექსტში თქვა, ეს დამოკიდებულია ფორმულირებაზე...” - უთხრა დავით ბაქრაძემ „ალიას“.
XS
SM
MD
LG