Accessibility links

ორი კორეა მოლაპარაკებას განაახლებს საზღვარზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად


ორი კორეა აპირებს, ორშაბათს განაახლოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მოლაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეის არტილერიამ ცეცხლი გახსნა სამხრეთ კორეასთან საზღვრის დასავლეთ, უთანხმოების გამომწვევ საზღვაო მონაკვეთზე. სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთმა დაამტკიცა თავისი დელეგაციისთვის განკუთვნილი გეგმა, ხმელეთზე გამავალი საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ამ მოლაპარაკებით განახლდება კონტაქტი, რომელიც 21 იანვარს წარუმატებლად დასრულდა. ამასობაში, სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპმა“ გაავრცელა ცნობა, რომ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ორ საგანგებო წარმომადგენელს გააგზავნის ჩრდილოეთ კორეაში გაეროს და ფხენიანს შორის ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე შეწყვეტილ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, რომ გაეროს დელეგაცია წამოჭრის ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების გარშემო ჩიხში შესული მოლაპარაკების განახლების საკითხსაც.
XS
SM
MD
LG