Accessibility links

logo-print

”მსოფლიო დონის” ქველმოქმედება


მარცხნიდან მარჯვნივ: მარჩელო ალვარესი, ამბროჯიო მაესტრი, პაატა ბურჭულაძე და მიშელ კრაიდერი

მარცხნიდან მარჯვნივ: მარჩელო ალვარესი, ამბროჯიო მაესტრი, პაატა ბურჭულაძე და მიშელ კრაიდერი

რუსეთის პატრიარქის კირილეს სიტყვებს, ჰაიტელები, რომლებიც ბუნებრივი უბედურების მსხვერპლნი გახდნენ, საკუთარი ცხოვრებით ამას იმსახურებდნენო, მკვეთრი რეაქცია მოჰყვა მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც. რუსული ეკლესიისთვის უკიდურესად მემარჯვენე იდეები ახალი არ არის, მაგრამ აქამდე რუსული ეკლესიის არც ერთ წინამძღვარს არ უთქვამს ასე საჯაროდ, სიღატაკე და შიმშილი ”ცოდვაა” და ამისათვის ადამიანები მიწისძვრით ისჯებიანო... არადა, სწორედ ასე გამოვიდა და ”გამოვიდა” ბუნებრივად - როცა ეკლესია სოციალურ სფეროს თითქმის უყურადღებოდ ტოვებს, როცა გაჭირვებულების დახმარება არ წარმოადგენს მისი მოღვაწეობის პრიორიტეტულ სფეროს, როცა თავად ოქრო-ვერცხლში ”ლივლივებს”, თავის მრევლს კი ეუბნება, გამდიდრებაზე ფიქრი ცოდვააო, ჰაიტის შესახებ გაკეთებული კირილეს განცხადება სიურპრიზად არ უნდა აღვიქვათ... საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც შეშფოთებას ვერ მალავენ ქართულ ეკლესიაზე რუსეთის საპატრიარქოს გავლენის გამო... უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი, გარკვეული თვალსაზრისით, მოელოდა კიდეც, რომ საქართველოს საპატრიარქო გაიზიარებდა კირილეს პოზიციას... ან, უბრალოდ, უკომენტაროდ დატოვებდა ჰაიტის ტრაგედიასაც და კირილეს სიტყვებსაც. მაგრამ ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით მოხდა: 21 იანვარს, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე, რომელიც, ამავე დროს, იყო საქველმოქმედო კონცერტი, ჰაიტიზე კატასტროფული მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გამართული, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დარბაზიდან დალოცა მიწისძვრის დროს განადგურებული ჰაიტი:

”მე ბედნიერი ვარ, რომ პაატა ბურჭულაძის ღონისძიება პოულობს ასეთ ფართო გამოხმაურებას და რომ ჩვენ შეგვიძლია ჰაიტის დახმარება გავუწიოთ. გულითადად მივესალმები ცნობილ მსახიობებს. ღმერთმა დალოცოს ჰაიტი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმ ადამიანების სულები, რომლებიც გარდაიცვალნენ.”

ჰაიტი და საქართველოს პატრიარქის განცხადება ამ საღამოს სიურპრიზი იყო, თუმცა სიურპრიზი გალაკონცერტის დაწყებასაც თან ახლდა... კონცერტის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე პაატა ბურჭულაძესთან, რბილად რომ ვთქვათ, ”გაბუტულმა” ქართულმა ტელეარხებმა ყველასათვის მოულოდნელად ხელახლა გაიხსენეს ქართველი ბანის და მის მიერ დაარსებული ფონდის, ”იავნანას”, ღვაწლი... თუკი ”იავნანას” წინა აქცია მთავარმა ქართულმა ტელეკომპანიებმა არ გააშუქეს, უფრო მეტიც, საინფორმაციო გამოშვებებშიც კი არ ახსენეს ბურჭულაძის საქველმოქმედო საღამო (იმ დღეებში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ზაზა აზმაიფარაშვილს ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორის თანამდებობა იმიტომ დაატოვებინეს, რომ ბურჭულაძის კონცერტში მონაწილეობაზე დათანხმდა)... მოკლედ, თუკი აქამდე ბურჭულაძე ლამის ”მოღალატედ” იყო შერაცხული იმის გამო, რომ მოსკოვში, ე.ი. ”მტრის ტერიტორიაზე”, გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა, ახლა მისი ყველა დამსახურება გაიხსენეს და კონცერტი პირდაპირ ეთერში გადასცეს... წამყვანის მისია კი ქართული ტელევიზიის ვარსკვლავს, მაია ასათიანს, დააკისრეს.

მიშელ კრაიდერი, მარჩელო ალვარესსა და ამბროჯიო მაესტრისთან ერთად, ერთი დღით ჩამოვიდა თბილისში. როგორც პაატა ბურჭულაძემ გვითხრა, ეს საღამო, რომელიც ქართველი მომღერლის დაბადების 55 წლისთავს დაემთხვა, იქნება საქველმოქმედო კონცერტების სერიის დასაწყისი... არ მინდოდა, რომ ეს აქცია ”უცხო ქვეყანაში” დამეწყოო, ბრძანა ქართველმა ბანმა ტელეკომპანია ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ”უცხო” ქვეყანას გულისხმობდა. საერთოდ, მას ურთიერთობის გარკვევა არ დაუწყია იმ ჟურნალისტებთან, რომლებმაც სულ რაღაც 2 თვის წინ აწყენინეს… უფრო პირიქით, 21 იანვარს გამართულ საქველმოქმედო საღამოზე ხაზგასმულად კარგ გუნებაზე იყო.

ძნელია იმის თქმა, რამდენად ეფექტური იყო თბილისში გამართული ეს საქველმოქმედო გალა-კონცერტი, ე.ი. რამდენად დაეხმარა ”იავნანა” ჰაიტიზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთ. თუმცა კონცერტის მსვლელობის დროს წამყვანები განუწყვეტლივ ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ - ქართველები - სხვებზე უკეთ გავუგებთ ამ ადამიანებს...

იდენტიფიკაციის თუ ემპათიის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია საქველმოქმედო საქმიანობაში... სხვა არის, როცა სიკეთეს ანგარებით აკეთებ და სხვა არის, როცა მსხვერპლს, რომელსაც ეხმარები, განიხილავ მოძმედ, ახლობლად, ოჯახის წევრად. ვინც მეტნაკლებად იცნობს ”იავნანას” საქმიანობას, დაგვეთანხმება, ალბათ, რომ პაატა ბურჭულაძის ფონდის საქველმოქმედო აქცია ცნობილი ბანის აბსოლუტურად გულწრფელი ჟესტი იყო... თუმცა კარგი რეკლამა, რომელიც ამ კონცერტს ჰქონდა, ეჭვს ბადებს, რომ მედიისთვის ეს უფრო პოლიტიკური აქცია იყო - საქართველო პატარაა, არც ისე მდიდარი... თავადაც უჭირს, თავადაც იცის, რა არის უსახლკაროდ დარჩენა, მაგრამ საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილია და, აი, უკვე ჰაიტიზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთ ეხმარება... თანაც, მაშინ, როცა რუსეთის პატრიარქი, შეიძლება ითქვას, ”იწყევლება”, ხმამაღლა აცხადებს, ამ ქვეყანამ დაიმსახურა ეს ტრაგედიაო.

იმ დროს, როცა ჰაიტის დასახმარებლად ამერიკელებმა, მათ შორის ამერიკელმა არტისტებმა, 305 მილიონი დოლარი შეაგროვეს... პაატა ბურჭულაძის ფონდმა თბილისში გამართა კონცერტი, მსოფლიო სცენის ვარსკვლავების მონაწილეობით, - საქველმოქმედო საღამო, რომლის დასრულების შემდეგ დასახელდა შემოსული თანხა - 45 ათასი ამერიკული დოლარი... თუმცა მთავარი ციფრები არაა.. მთავარი ისაა, რომ საქართველო ”ცივილიზებულ მსოფლიოს” შეუერთდა... თანაც, როგორც მაია ასათიანმა ბრძანა, ”სხვამ თუ არა - ჩვენ ხომ შეგვიძლია გავუგოთ”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG