Accessibility links

logo-print
პრაიმერის ინიციატორი პარტიები გაზაფხულზე დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების განახლების მოთხოვნით გამოდიან. საზოგადოების გარდა, აქტიურობისა და აქციებში მონაწილეობისაკენ ისინი არასაპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ ნაწილსაც მოუწოდებენ. საპროტესტო აქციების მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, პრაიმერის წინ ძალთა კონსოლიდირებაა, მეორე მხრივ კი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების პრევენცია.

”საქართველოს გამარჯვების გეგმა” - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც ბოლო ხანებში საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების გამწვავებასა და საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად აქციების მესამე და გადამწყვეტი ტალღის აუცილებლობაზეა ლაპარაკი. გეგმის თანახმად, პირველი საპროტესტო აქცია 9 აპრილს გაიმართება, რასაც 18 აპრილს თბილისის პრაიმერი მოჰყვება, 26 მაისს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გაყალბების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია, 30 მაისს კი -უშუალოდ ადგილობრივი არჩევნები, რომლის მოგების შემდეგაც აქციების მიზანი მოპოვებული ხმების დაცვა და სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟისათვის შემდგომი ბრძოლა იქნება.

”ესაა ჩვენ მიერ წარმოდგენილი გეგმა. საქართველოს სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ერთსულოვნება, საქართველოს სჭირდება გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, 2010 წელი საქართველოს გამარჯვების წელი იქნება. ასევე ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, ცხადია, პრაიმერში. ამ ექვსი პარტიის და მოძრაობის გარდა, რომელიც დღეს ვაწერთ ხელს, პრაიმერის პროცესი ღიაა ყველასთვის. იქაც ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე თარიღია: 21 მარტი, 27 მარტი, 11 აპრილი და, საბოლოო ჯამში, 18 აპრილი - პრაიმერის დღეები. საქართველო 2010 წელს გაიმარჯვებს”, - განაცხადა პრაიმერის ეგრეთ წოდებული საარჩევნო კოდექსისა და ”საქართველოს გამარჯვების გეგმის” ხელმოწერაზე ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის” ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა.

არჩევნებისა და საპროტესტო აქციების ციკლის გამომცხადებელ შეურიგებელ და რეალურ ოპოზიციად, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ, ამ შემთხვევაში, ზემოთაც ითქვა, პრაიმერის ინიციატორი ძალები იგულისხმება. ესენი არიან: ”კონსერვატიული პარტია”, ”მამულიშვილი”, ”მომავლის პარტია”, ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, ”ქრისტიანული საქართველო” და ”ხალხის პარტია.” თუმცა აღნიშნული 6 სუბიექტიდან მინიმუმ ერთ სუბიექტთან ”საქართველოს გამარჯვების გეგმა” შეთანხმებული არ ყოფილა. ასეთია ”მომავლის პარტია.”

”ზოგადად ჩვენთვის უცხო არ არის საპროტესტო ღონისძიებებში მონაწილეობა, მაგრამ ეს გეგმა ჩვენთვის უცნობია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახლა ჩამოყალიბებულ პოზიციას ვერ გაგაცნობთ.”

აღნიშნავს ”მომავლის პარტიის” სახელით ზაზა თაბაგარი, რომელმაც მხოლოდ ერთ დოკუმენტს - წინასწარი არჩევნების, პრაიმერის, შესახებ პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას - მოაწერა ხელი. ეს შეთანხმება მოქმედი ხელისუფლების შეცვლის კომპლექსური გეგმის ერთი ნაწილია, გვითხრა კონსერვატორთა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ პრაიმერში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

პრაიმერის ორგანიზატორმა პარტიებმა, შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად, მიწვევა კიდევ 13 პოლიტიკურ პარტიასა და მოძრაობას გაუგზავნეს, მათ შორის - ”დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს”, ” საქართველოს გზას“, ”ალიანსს საქართველოსათვის“ და ასე შემდეგ. ”ალიანსი საქართველოსთვის”, მაგალითად, როგორც ჩანს, შეთავაზებას არ მიიღებს. მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პრაიმერის ჯგუფმა ზურაბ ნოღაიდელთან ერთად მკაფიოდ გამოკვეთა თავისი პრორუსული საგარეო ორიენტირი და იქცა ერთგვარ იდეოლოგიურ ჯგუფად - ჯგუფად, რომელმაც პრაიმერი სტრატეგიულ ხაზად გაიხადა და არა ინსტრუმენტად, რომელიც ოპოზიციას რაიმეში დაეხმარებოდა. რაც შეეხება აქციებს, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში აქციები არ შეიძლება თვითმიზანი იყოს:

”მთელი ჩვენი რესურსით, მთელი ჩვენი შესაძლებლობებით მობილიზაციას ვახდენთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად და საზოგადოებას მაქსიმალურად შევთავაზოთ არა, უბრალოდ, კრიტიკა, არამედ რეალური ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლებისა. გარკვეული აქციები ჩვენ მიერაც იგეგმება, რომელიც კონკრეტულად არჩევნების იდეას მოემსახურება, რა თქმა უნდა. ჩვენ ვაპირებთ ამას და ამის გამორიცხვა ჩვენი არსენალიდან არ მოხდება, მაგრამ დაანონსებული აჯანყებების იდე ფიქსად ქცეული თარიღების წინააღმდეგნი ვართ მთელი ჩვენი შეგნებით.”
XS
SM
MD
LG