Accessibility links

logo-print

ავღანეთში იშვიათი სახეობა - ლელიანის დიდნისკარტა ბეღურა - აღმოაჩინეს


ლელიანის დიდნისკარტა ბეღურა

ლელიანის დიდნისკარტა ბეღურა

ავღანეთის შორეულ რეგიონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველის სახეობა აღმოაჩინეს. ორნითოლოგების აზრით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კონკრეტულად ამ სახეობის შესწავლის, ისე სამომავლო აღმოჩენების საქმეში.
ლელიანის დიდნისკარტა ბეღურა (Acrocephalus ornius) პირველად 1867 წელს ინდოეთში შეამჩნიეს. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს 2006 წლამდე, როცა ტაილანდში გამოჩნდა.

მეტიც - ამ პატარა, მომწვანო-მოყავისფრო ჩიტის შესახებ არსებული ინფორმაცია იმდენად მწირი იყო, რომ კონსერვაციის ორგანიზაცია „Birdlife International”-ი მას „მსოფლიოში ყველაზე უცნობ ფრინველის სახეობას“ უწოდებდა.

ახლახან კი ვითარება შეიცვალა - ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე რეგიონში ამ ფრინველით დასახლებული ადგილი აღმოაჩინეს, რომელიც სწრაფი გამრავლებით გამოირჩევა.

ეს ადგილი შეერთებულ შტატებში მოქმედი გარემოს დაცვის ერთ-ერთი ორგანიზაციის, Wildlife Conservation Society-ს ექსპერტმა, რობერტ ტიმინსმა, შემთხვევით - ფრინველის ხმების აუდიოჩანაწერით - აღმოაჩინა.

როგორც მკვლევარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, აღმოჩენამ ამ სახეობის ბევრ მახასიათებელს მოჰფინა ნათელი:
„უწინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი ფრინველი იყო, რომელიც შორ მანძილზე ვერ გადაადგილდებოდა. არადა, ტაილანდსა და ავღანეთში ნაპოვნი ამ ფრინველის გენეტიკა იმდენად იდენტურია, რომ ეს ერთი ჯგუფი უნდა იყოს, რომელიც ამ ქვეყნებს შორის დაფრინავს. ამ მიგრაციული შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ტიმინსი.

ხეობა, სადაც დიდნისკარტა ლელიანის ბეღურა აღმოაჩინეს, ტაჯიკეთს, პაკისტანსა და ჩინეთს შორის მდებარეობს და მაღალი მთებით არის გარშემორტყმული. რეგიონში ძუძუმწოვრების არაერთი სახეობა ბინადრობს - მათ შორის, მარკო პოლოს ცხვარი, ციმბირის ჯიხვი, ფოცხვერი და თეთრი ლეოპარდი.

ტიმინსის თქმით, ფრინველის ამ სახეობის აღმოჩენა მოწმობს, რომ ხეობასა და მთლიანად ავღანეთში ჯერ კიდევ ბევრი ბიოლოგიური საიდუმლო იმალება.

ექსპერტების აზრით, ფრინველის გამრავლების ადგილი - მდინარის ნახევრად კულტივირებული სანაპირო - ერთგვარი „ოაზისია“ ფრინველთა 50-ზე მეტი ადგილობრივი და მიგრაციული სახეობისთვის.

ტიმინსის თქმით, მდინარე ამუ-დარიას სანაპიროზე, ტაჯიკეთის მხარეს, თითქმის აღარ გვხვდება სახეობების გამრავლებისთვის აუცილებელი ხშირი ბუჩქნარი, მაგრამ ავღანეთის მხრიდან ვითარება სხვაგვარია და ჯერ კიდევ შესაძლებელია ბუჩქნარის გადარჩენისთვის ბრძოლა:

„მდინარეების გასწვრივ ხშირი ბუჩქნარის არსებობა ვეგეტაციის ნამდვილი მაგნიტია იმ სახეობებისთვის, რომლებიც ამ რეგიონს აფარებენ თავს. ამ ბუჩქნარს ადგილობრივი მოსახლეობაც იყენებს. იქ დინამიკური ეკვილიბრიუმია შექმნილი“, - ამბობს ტიმინსი და დასძენს: „ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა, საით გადაიხრება პროცესები. ტაჯიკეთის მხრიდან თუ შევხედავთ საზღვარს, აშკარა ხდება, რომ იქიდან განხორციელებულმა ზეწოლამ დიდწილად ამ ჰაბიტატის დაკარგვა გამოიწვია. ავღანეთის მხარეს კი ჯერ კიდევ არსებობს ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ასეთი ადგილების მომავლის დასაცავად.“

ამდენად, ეს აღმოჩენა ავღანეთისთვის კარგი ამბავია, ვინაიდან ეს არაერთი პრობლემის მქონე ქვეყანა ახლა გარემოს დამცველთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა.
XS
SM
MD
LG