Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 თებერვალი 2010

  • ნიკო ნერგაძე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა დღევანდელი ქართული გაზეთებისთვის ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ტელეკომპანია ”იმედის” შესაძლო დატოვებაა. ”არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დატოვა თუ არა მან არხი”, - უთხრა ”მთელ კვირას” ”იმედის” გენმერალურმა დირექტორმა ოთარ გუბაშვილმა, რომელმაც დასძინა, საკითხი ამ კვირაში გადაწყდება და ჩვენი თანამშრომლობა, შესაძლოა, შედგეს და, შესაძლოა, არაო. კითხვას, არსებობს თუ არა პრობლემა არხის მესვეურებსა და სანაიას შორის, ”იმედის” გენერალური დირექტორი ასე უპასუხებს:”პრინციპში, არანაირი პრობლემა არხსა და ვახოს შორის არ ყოფილა. რაც რეალურად ხდება, არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რომ რაიმე რეზონანსი მიეცესო”.

”კვირის ქრონიკა” კი წერს ორ ვერსიაზე, რის გამოც ჟურნალისტს შეეძლო ტელეკომპანია დაეტოვებინა. გაზეთი სანაიას მიერ ”იმედის” დატოვებას აშუქებს როგორც უკვე გადაწყვეტილ საქმეს, რაც სტატიის სათაურიდანაც ჩანს: ”რატომ დატოვა ტელეკომპანია ”იმედი” ვახო სანაიამ.” გაზეთის პირველი ვერსიის მიხედვით, სანაიამ უარი გადაწყვიტა წაეყვანა 30 იანვრის ”კვირის რეპორტაჟი”, რომელმაც, ”კვირის ქრონიკის სიტყვებით”, ”ისეთ ზეაღმატებით ხარისხში აიყვანა სააკაშვილი, რომ თავად ”ნაციონალების” ფანებსაც კი ზედმეტი სიტკბოებისგან გულისრევის შეგრძნება უნდა დაუფლებოდათ.” მეორე ვერსიით კი, ვახო სანაია ”იმედიდან”გიგი უგულავამ გააგდო, რადგან მან საკადრისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს 23 იანვრის დებატებში.

რაც შეეხება სხვა თემებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თითქმის ყველა გაზეთში შუქდება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია. დავიწყოთ ”კვირის პალიტრიდან”, სადაც ნახავთ ინტერვიუს ექსპერტ არჩილ გეგეშიძესთან, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მიმართ ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე ლაპარაკობს. ”აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ამ მდგომარეობასთან შეგუების და არც ამ მდგომარეობიდან გამოსვლის სტრატეგია არ გააჩნიაო”, - ამბობს არჩილ გეგეშიძე და ამატებს: რუსეთთან დაკავშირებით დღეს ისტერია თუ არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი და ამაში განსაკუთრებით ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურობენო.”

აქვე ნახავთ ინტერვიუს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, რომელიც ამბობს, საქართველო-რუსეთს შორის არსებული 44 გადასასვლელიდან საქართველო დღეს მხოლოდ 24-ს აკონტროლებს, რაც საგანგაშოა - რუსებმა, შესაძლოა, საქართველოს სამხედრო გზა ჩაიგდონ ხელშიო.

დაბოლოს, ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ”რესპუბლიკელ” პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც ჟურნალისტის რეპლიკას, ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიცია რუსეთისკენ იყურება და ვექტორს ცვლისო, ასე უპასუხებს: ”ოპოზიცია ვერანაირ ვექტორს ვერ შეცვლის. ვექტორს ყოველთვის ხელისუფლება ცვლის, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ეს ხელისუფლება კი ეძებს არარსებულ კატას ბნელ ოთახში, იმიტომ რომ თუ მეხუთე კოლონაა, გამოიძიოს და დადოს ფაქტები”.
XS
SM
MD
LG