Accessibility links

საარჩევნო სიების შემოწმების პერსპექტივები და პრობლემები


ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო შეთანხმება იმ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურმა პარტიებმა, მმართველ პარტიასთან ერთად, საქართველოში ამომრჩეველთა სიები უნდა შეამოწმონ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი წინასწარვე გულისხმობს, რომ მოკლე დროისა და მცირე დაფინანსების გამო, ამომრჩეველთა სიების სრულყოფილი შემოწმება ვერ მოხერხდება. კვლავაც აქტუალურია პასუხისმგებლობის აღების სადავო საკითხი. როგორ უნდა მოხერხდეს პოლიტიკური პარტიების მუშაობის კოორდინირება?

ამომრჩეველთა სიების შემოწმებას პოლიტიკური პარტიები 5 თებერვლიდან შეუდგებიან, ამომრჩევლებს კარდაკარ მოინახულებენ, აღრიცხავენ და ამჟამად არსებული სიების ჩასწორებულ ვარიანტს 15 მარტისთვის წარმოადგენენ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა პრინციპით გადაინაწილებს სულ რაღაც 38 დღეში შესასრულებელ უზარმაზარ სამუშაოს ის 12 პოლიტიკური ძალა, რომელიც ხსენებულ პროცესში ჩაერთვება. ეს პოლიტიკური ძალებია: „ნაციონალური მოძრაობა“, რესპუბლიკური პარტია, „ახალი მემარჯვენეები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „საქართველოს გზა“, კონსერვატიული პარტია, „ქართული დასი“, პარტია ”ჩვენ თვითონ”, „ხალხის პარტია“, პარტია „თავისუფლება“, მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.

შედეგიანი მუშაობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად პარტიებს შორის კოორდინაცია მიაჩნია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელ დირექტორს ეკა სირაძე-დელონეს. ის თვლის, რომ, იდეალურ შემთხვევაში, კოორდინატორის როლი ცესკომ უნდა შეასრულოს, ”როდესაც ის შეიმუშავებს მეთოდოლოგიას და სისტემას, თუ როგორ უნდა გადაამოწმონ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩეველთა ერთიანი სია.”

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი განმარტავს, რომ პარტიებს შორის კოორდინაციისა და მუშაობის მეთოდოლოგიის შემუშავების უზრუნველყოფას კანონი მის უწყებას არ ავალებს. ცესკოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პარტიებმა საორგანიზაციო საკითხები ერთმანეთში, წესით, თავად უნდა შეათანხმონ.

ჯერჯერობით ამგვარი საერთო შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა პარტიები ცალ-ცალკე უკვე აწყობენ უშუალოდ თავიანთთვის მისაღებ გეგმებს. მაგალითად, გაერთიანებაში „ალიანსი საქართველოსთვის“ შემავალი ორი პოლიტიკური ძალა - ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები - აპირებენ მთლიანად შეამოწმონ დედაქალაქის 700-ზე მეტი უბნის ამომრჩეველთა სიები. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, იზიარებს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, მაგრამ ამბობს, რომ აქტიური მუშაობის პირობებში ხელისუფლებას დათმობებზე წასვლაც მოუწევს:

”რა თქმა უნდა, შესაძლოა, ხელისუფლებამ თავიდან ბოლომდე მოგვაწეროს ჩვენ და გვითხრას, რომ, აი, თქვენ ხომ გადაამოწმეთო... ეს საშიშროება არის, მაგრამ გვაქვს მოფიქრებული დამზღვევი მექანიზმები და სხვა ღონისძიებები, რომლებსაც ეტაპობრივად შევთავაზებთ ხელისუფლებას და რაღაც ნაწილზე, მე მგონი, იძულებული იქნებიან, რომ წამოვიდნენ და დაგვთანხმდნენ. ”

14 პოლიტიკური სუბიექტიდან, რომლებსაც კანონი საბიუჯეტო სახსრებით სარგებლობის უფლებას აძლევს, უარი მხოლოდ ლეიბორისტულმა პარტიამ და ეროვნულმა ფორუმმა განაცხადეს. მაგალითად, ლეიბორისტებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ ამ მასშტაბის სამუშაოს ასე მოკლე დროში შესრულება და, რაც მთავარია, არ სურთ პასუხისმგებლობის აღება სამუშაოზე, რომელიც, წინასწარვე უშედეგო ჰგონიათ.

ამრიგად, ამომრჩეველთა სიების შესამოწმებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1 200 ათასი ლარი გადანაწილდება 12 პარტიაზე: თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარი ერგება. შესასრულებელი სამუშაოს მასშტაბთან შედარებით, თანხა არაერთ ოპოზიციურ პარტიას ეცოტავება. მათ შორის არიან, მაგალითად, ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და ”ქართული დასი”, რომლის ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, თანხის სიმცირეს ხელისუფლების განზრახვასთან აკავშირებს:

”გამოყოფილი რესურსი აბსოლუტურად არასაკმარისი რესურსია და ჩანს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა სურვილი, რომ მთლიანად ყოფილიყო სიები გადამოწმებული...”

ეს საბიუჯეტო თანხაა და ამ ეტაპზე მეტის გამოყოფა არ იყო შესაძლებელი, - ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, რომლის უწყებაც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა საერთო სიის მომზადებაზე მუშაობს. საერთო სია სამოქალაქო რეესტრიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და სასამართლოებიდან უკვე მიღებული სიების შეჯერებისა და შეკრების შედეგად შედგება და ეს სწორედ ის სიაა, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეამოწმონ. ცესკოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და შედეგში დარწმუნების საშუალება თავად ამომრჩეველსაც მიეცემა.

”ყველას ექნება საშუალება, რომ თავისი თავი მოიძიოს სიაში... მანამდე პარტიები კარდაკარ ჩამოივლიან და სიების ნამდვილობას შეამოწმებენ, გამოსწორდება მოძიებული ხარვეზები, გამჭვირვალე და საჯარო იქნება ამა თუ იმ პირის სიიდან ამოღების თუ ჩამატების პროცესი... ვფიქრობ, მთელმა ამ პროცესმა ნდობის მომენტი უნდა გაზარდოს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს პრობლემა. სიების საკითხები და ასეთი ტექნიკური საკითხები არ უნდა ხდებოდეს დიდი პრობლემისა და გაუგებრობის საფუძველი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ხარატიშვილმა.

რამდენად მოხერხდება ამომრჩეველთა ნდობის მოპოვება, ძნელი სათქმელია იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო სიების შემოწმების პროცესში ჩართული ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პრაქტიკულად წარმოუდგენლად მიიჩნევს სასურველი შედეგის მიღწევას.
XS
SM
MD
LG