Accessibility links

logo-print

საგადასახადო კოდექსის ცვლილებამ გარემოვაჭრეები ააფორიაქა


კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი გარე მოვაჭრეების აქციაზე

კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი გარე მოვაჭრეების აქციაზე

პირველი თებერვლიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსის ცვლილება, რომელიც, ერთი შეხედვით, რედაქციული შესწორებაა, თუმცა კი თბილისის ბაზრობებზე ვაჭრობით დასაქმებულთა უკმაყოფილება გამოიწვია. ეგრეთ წოდებული გარემოვაჭრეები გაფიცვით დაიმუქრნენ, თუ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნა მათაც შეეხება. კოდექსის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ პირებს მაქსიმუმ 5 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, თუ არასაცალო პროდუქციის რეალიზებას ეგრეთ წოდებული სასაქონლო ზედნადების გარეშე განახორციელებენ.

საგადასახადო კოდექსის ცვლილების ამოქმედების დღეს თბილისის ზოგიერთი ბაზრობის ვაჭრებმა აკაკი წერეთლის ძეგლთან - იქ, სადაც ბოლო 15 წელია გაცხოველებული გარევაჭრობა მიმდინარეობს, გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს და გაფიცვითაც დაიმუქრნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა გაახმიანა:

”პირველ რიგში, შეჩერდეს და გაუქმდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, და შემდეგ, მომავალში რომ არ მოხდეს ეს ამბავი, დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი.”

იყო, უბრალოდ, ტექნიკური ცვლილება. ის რომ საცალო ვაჭრობას შეეხება, არის ტყუილი და ხალხის შეცდომაში შეყვანა
„ხალხის პარტიის“ ორგანიზებით, გარემოვაჭრეთა და მცირე სავაჭრო ობიექტების მფლობელთა საპროტესტო აქცია ორ თებერვალსაც გაიმართა, ამჯერად - საქართველოს პარლამენტის წინ. გაფიცვა მოაწყვეს ზუგდიდის ბაზრობებისა და მცირე სუპერმარკეტების მოვაჭრეებმაც.

მათი პროტესტის მიზეზით გაკვირვებას ვერ ფარავენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, რადგან სასაქონლო ზედნადების მოთხოვნა საგადასახადო კოდექსში ადრეც იყო და ახლა მხოლოდ ჯარიმების მოცულობა დაკონკრეტდა. მაგრამ ეს მუხლი არც ადრე შეეხებოდა და არც ახლა შეეხება საცალო ვაჭრობას. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოვაჭრეებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ:

”ამ ცვლილებას რაც შეეხება, იყო, უბრალოდ, ტექნიკური ცვლილება. ის რომ საცალო ვაჭრობას შეეხება, არის ტყუილი და ხალხის შეცდომაში შეყვანა.”

გაფიცვის შედეგად დაცარიელებული დახლები თბილისის ერთერთ ბაზრობაზე
საგადასახადო კოდექსის ეს მუხლი ადრეც და ცვლილების შემდეგაც ორ კომპანიას შორის ურთიერთობას შეეხება და ის სწორედ მათ ავალდებულებს სასაქონლო ზედნადების გამოყენებას. ხოლო თუ მყიდველი, მაგალითად, რიგითი მოქალაქეა, არც მცირე და არც მსხვილი სავაჭრო ობიექტი ვალდებული არაა სასაქონლო ზედნადები გასცეს და მას ამისთვის ჯარიმას არავინ დააკისრებს. ეს რომ ასეა, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანი ქათამიძეც ადასტურებს და გაკვირვებას გამოთქვამს ამ დღეებში დაწყებული საპროტესტო აქციების გამო:

„მე თითქოს ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, როცა ვუსმენდი სხვადასხვა გამომსვლელებს, რომ მთავარი პრობლემა მაინც არის ამ ადამიანების ინფორმირებულობა. მათ ჰგონიათ, რომ ლაპარაკია სამომხმარებლო პროდუქტებზე სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშფაქტურის გამოწერაზე. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.”

ექსპერტებისა და მთავრობის წარმომადგენლების განმარტებების მიუხედავად, ბაზრობებისა და მცირე სავაჭრო ობიექტების საპროტესტოდ განწყობილი ვაჭრები მანიფესტაციების გამართვას კვლავაც აპირებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG