Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში, სავარაუდოდ, ახალი საავადმყოფო აღარ აშენდება


ქუთაისი
ქუთაისი
პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოში ახალი სადაზღვევო პაკეტი ამოქმედდება, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს რეგიონებში საავადმყოფოების აშენებას ავალდებულებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ გზით მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

ქუთაისში, სადაც რამდენიმე თანამედროვე კლინიკა ფუნქციონირებს, ახალი საავადმყოფოს აშენება შეიძლება არც გახდეს საჭირო. ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორის კახა ნურალიძის აზრით, აქცენტი იმ რეგიონებზეა, სადაც ჯერ კიდევ დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაა. კახა ნურალიძის თქმით, ახალი სადაზღვევო პაკეტი არ გულისხმობს ძვირ სერვისს. ის სადაზღვევო კომპანიებისთვისაც და პაციენტებისთვისაც მომგებიანი იქნება.

სადაზღვევო კომპანიების ადგილობრივი წარმომადგენლები ხელისუფლების ინიციატივაზე სასაუბროდ მზად არ არიან. მათ რადიო თავისუფლებას სათავო ოფისებთან დაკავშირება ურჩიეს.

ბენეფიციარები, რომლებსაც სახელმწიფო აზღვევს, ხელსუფლების ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი ამბობენ, რომ ბევრი ექიმი დაზღვევის მქონე პაციენტს უარით ისტუმრებს. კახა ნურალიძე ამ პრობლემას სადაზღვევო კომპანიების მიერ კლინიკებისთვის თანხების დაგვიანებით გადარიცხვას აბრალებს, რის გამოც ექიმი ხელფასს დროულად ვერ იღებს.
ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობები თანდათან წესრიგდება. მისი თქმით, ურთიერთობები კიდევ უფრო დარეგულირდება, რადგან არაკეთილსინდისიერი კომპანიები კონკურენციას ვერ გაუძლებენ და თანდათან დაიხურებიან.

მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო სისტემა ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და გამართული, დაზღვეული ადამიანების რიცხვი იზრდება. ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში წლის განმავლობაში 35-დან 38 ათასამდე პაციენტი მკურნალობს. აქედან 60% დაზღვეულია.
XS
SM
MD
LG