Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ერთობლივი მონიტორინგისთვის ემზადებიან


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა
თბილისში 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც მათ 2010 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი იტვირთეს და, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, კოორდინირებულად თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

მემორანდუმი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის შესახებ სულ ოთხი მთავარი პუნქტისაგან შედგება და მასში აღნიშნულია, რომ არასამთავრობოები აქტიურად ითანამშრომლებენ, კოორდინირებულად იმოქმედებენ და მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას გაცვლიან და შეაჯერებენ. მემორანდუმს, დღევანდელი მონაცემებით, 27 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

”დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, განუზომლად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს”, - ამბობს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე, რომელიც მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერია. არჩევნების კანონიერად, მაქსიმალურად ნაკლები დარღვევებით ჩატარება ყველას ინტერესებში შედის. განსაკუთრებულად მობილიზება ელის სამოქალაქო სექტორს და მედიას:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესებში ენიჭება სამოქალაქო სექტორს და ჟურნალისტებს. თუ არა მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის არჩევნების შესახებ, ჩვენ მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს და თითოეული ჩვენგანი საკუთარ პასუხისმგებლობას მშვენივრად აცნობიერებს” - ამბობს ია მამალაძე.

კოორდინაცია აღნიშნულ 27 არასამთავრობოს შორის იქნება როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დროს და შემდეგ.

”ეს კოორდინაცია იმისთვისაა საჭირო, რომ არ მოხდეს გადაფარვა, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ინფორმაციის დაკარგვა..”, - აცხადებს კოალიცია ”სამოქალაქო განვითარებისათვის” წარმომადგენელი კახაბერ სოფრომაძე. ყველა ინფორმაცია, ანალიზი, პრობლემა არასამთავრობოთა შტაბში მოიყრის თავს და კოალიციის ვებგვერდზე აიტვირთება. მემორანდუმს მალევე უნდა მოჰყვეს კონკრეტული, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, თუ არასამთავრობოთა რა ნაწილი იმუშავებს, მაგალითად, მედიის მონიტორინგის კუთხით, სამართლებრივ პრობლემებზე და ა.შ. სფეროები არასამთავრობოების გამოცდილების მიხედვით გადანაწილდება.

მედია-მონიტორინგი არჩევნების დროს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება. ადვოკატთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი ლალი აფციაური ამბობს, რომ ამავე პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან საგანგებოდ საარჩევნო სამართალში მომზადებული ადვოკატები.

მემორანდუმის ხელმომწერებს შორის არის ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „სამართალი და თავისუფლება“, „კანონი ხალხისათვის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი“, „ახალი თაობა, ახალი ინიციატივა სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სხვები.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG