Accessibility links

logo-print

“პირველი კავკასიური” ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს


"პირველი კავკასიურის" ვებგვერდი

"პირველი კავკასიურის" ვებგვერდი

მოლაპარაკებები პარიზში “საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და ფრანგულ კომპანია “ეუტელსატს” შორის უშედეგოდ დასრულდა. ფრანგულმა კომპანიამ საბოლოოდ შეუჩერა მაუწყებლობა “პირველ კავკასიურ” არხს, რომელიც თანამგზავრის საშუალებით მხოლოდ 2 კვირას მაუწყებლობდა. საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული ფირმის გადაწყვეტილებას “საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიში პრეცედენტი უწოდა”. თავად “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, რომელიც “პირველი კავკასიური” არხის დამფუძნებელია, აპირებს ფრანგულ კომპანია “ეუტელსატს” სასამართლოში უჩივლოს.

პარიზში გამართული სამდღიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობამ პარიზში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ “ფრანგული კომპანია, რომელმაც “პირველი კავკასიურის” თანამგზავრული მაუწყებლობა შეაჩერა, რუსეთის ზეწოლით მოქმედებდა.” როგორც “პირველი კავკასიურის” გენერალურმა პროდიუსერმა ზურაბ დვალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ქართული მხარე აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს “ეუტელსატის” უსაფუძვლო, მისი თქმით, მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება:

“ჩვენ არ გვინდა შეიქმნას ისეთი პრეცედენტი, როდესაც მოსკოვის ზეწოლის შედეგად ილახება დემოკრატიის მთავარი პრინციპები შუაგულ ევროპაში. ეს ძალიან საწყენია. შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ იყო პრეცედენტი, როდესაც, ჩინეთის კომპარტიის ზეწოლის შედეგად, კერძო ტაივანური ტელეკოპანიის სიგნალი “ეუტელსატმა” თავის დროზე მოხსნა სატელიტიდან”, - ამბობს ზურაბ დვალი.

“ეუტელსატთან” სატელიტური მაუწყებლობის დაწყების თაობაზე “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ხელი წლის დასაწყისში მოაწერა და 15 იანვარს რუსულენოვანი ტელეარხი “პირველი კავკასიური” თანამგზავრის მეშვეობით მილიონობით მაყურებლისათვის გახდა ხელმისაწვდომი როგორც ევროპის, ისე აზიის კონტინენტზე. თუმცა 28 იანვარს „პირველი კავკასიური“ სატელიტიდან გამოირთო და ახლა იგი მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს. თანამგზავრიდან ტელეარხის გათიშვას 2 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და ამ ფაქტს “საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიში პრეცედენტი“ უწოდა. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მედიას ამჯერადაც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო:

“იმედია, რომ დემოკრატიის სამშობლოში მთავრობაც, პოლიტიკოსებიც და მედიაც დაეხმარება ამ არხს ეთერში დაბრუნდეს. ეს იგივეა, რომ საქართველოს “ბი-ბი-სი”, “სი-ენ-ენი” ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა პოლიტიკური ნიშნით. მით უმეტეს, რომ რუსული არხები საქართველოში მაუწყებლობენ სწორედ დასავლური სატელიტების მეშვეობით.”

ასეთი ბრალდებების მიუხედავად, ფრანგულ კომპანია “ეუტელსატს”, რომელიც თანამგზავრული მაუწყებლობის ერთ-ერთი ლიდერია, არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. “პირველი კავკასიურის” გათიშვის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული კომპანიის ვებ-საიტზე. რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა “ეუტელსატის” კომუნიკაციისა და პრესის დეპარტამენტის წარმომადგენელ ვენესა ოკონორს, მაგრამ დაპირებული სატელეფონო საუბარი მასთან ვერ შედგა - “ნომერი დაკავებულია, ბატონო. შეგიძლიათ რამდენიმე წუთში დაგვირეკოთ?”

„საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ ხელმძღვანელობა გასულ კვირაში იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკებების გზით შეძლებდა ფრანგულ კომპანიასთან კონსენსუსისთვის მიეღწია და “პირველი კავკასიური” თანამგზავრზე დაბრუნდებოდა. მაგრამ, როგორც ტელეარხის გენერალური პროდიუსერი ზურაბ დვალი ამბობს, “ეუტელსატის” მიერ შეთავაზებული ალტერნატივა მათთვის მიუღებელი და წამგებიანი აღმოჩნდა:

“შემოგვთავაზეს რატომღაც სულ სხვა თანამგზავრი სულ სხვა პარამეტრებით, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჩვენთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში იმ მაყურებელს, რომელიც ჩვენ გვიყურებდა, მოუწევდა კიდევ ერთი თანამგზავრი თეფშის შეძენა, რათა დაეჭირა ჩვენი სიგნალი, რაც ძალინ უხერხულ სიტუაციას ქმნიდა და ძალიან ავიწროებდა იმ სეგმენტს, ვინც ჩვენ გვიყურებდა.”

შექმნილ ვითარებაში ქართული ტელეკომპანია “პირველი მაუწყებლის” მესვეურები აპირებენ ფრანგულ ფირმა “ეუტელსატს” პარიზის სასამართლოში უჩივლონ. თუმცა არხის ხელმძღვანელობას უჭირს იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენ ხანს გასტანს და რას მოუტანს ქართულ არხს მძლავრი ფრანგული ფირმის წინააღმდეგ ფრანგულ სასამართლოში წარმოებული სასამართლო დავა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG