Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენსია = საარსებო მინიმუმს (ოღონდ ჯერ არა)


”ქართული დასის” ლიდერი ორი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. არსებული პენსიის დადგენილ საარსებო მინიმუმთან გათანაბრება და თითოეული პენსიონერისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქის უზრუნველყოფა უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისით - ეს ის კანონპროექტებია, რომლებითაც ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია საგაზაფხულო პოლიტიკურ სეზონს ხსნის. 2 თებერვალს პარლამენტის წინ შეკრებილი ათობით პენსიონერი პენსიის 150 ლარამდე გაზრდას მოითხოვდა.

”79 ლარი მაქვს პენსია, შვილი მყავს უმუშევარი, სკამიც კი არ მაქვს, რომ დავჯდე, ძალიან გაჭირვებული ვარ, საჭმლის ფულადაც კი არ მყოფნის ეს პენსია, ნახევარზე მეტი მშიერი ვარ.” - ამ 85 წლის ქალბატონის მსგავსად, პარლამენტის წინ კიდევ რამდენიმე ათეული პენსიონერი შეიკრიბა. მათი შეკრების ერთადერთი მიზეზი არსებული პენსიის, ანუ მაქსიმუმ 90 ლარის, დადგენილ საარსებო მინიმუმამდე გაზრდაა. პარლამენტის წინ შეკრებილი პენსიონერების უკან დაახლოებით 900 000 პენსიონერი დგას.

ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არ არის დემონსტრაცია, რომლითაც ჩვენ ვინმეს დავემუქრებით, ეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის დემონსტრირება, რაც მე დამეხმარება დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო, - განაცხადა ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის წინ პენსიონერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

”ქართულმა დასმა” საგაზაფხულო პოლიტიკური სეზონი ორი კანონონპროექტის დარეგისტრირებით გახსნა. ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაში ეს იქნება ნამდვილი რევოლუციური გარდაქმნა, აცხადებს ჯონდი ბაღათურია:

”ვითხოვთ, რომ მინიმალური პენსია გაიზარდოს 150 ლარამდე, მეორე კანონპროექტის მიხედვით კი, თითოეული პენსიონერი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისით. ასეთი, დაახლოებით, ორი მილიონი ადამიანია და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გამოვგლიჯოთ შიმშილს ხელიდან. მე ახლავე დავარეგისტრირებ ამ კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივას და წარვუდგენ პარლამენტს”, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

”ქართული დასის“ საკანონმდებლო ინიციატივას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ ლეიბორისტული პარტიის, პარტია ”თავისუფლებისა” და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერები. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, პირველ ეტაპზე აუცილებელია პენსია დადგენილ მინიმუმს მიუახლოვდეს და შემდეგ უკვე დაიწყება ზრუნვა იმისათვის, რომ ის კიდევ უფრო გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი გაზრდილია და ის ქვეყნის ბიუჯეტის 25 პროცენტს შეადგენს, ეს მაინც არ აძლევს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ პენსია 150 ლარამდე გაიზარდოს, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებულ ის ფაქტორიც, თუ რას უნდა მოაკლოს ხელისუფლებამ ის თანხა, რომლის საშუალებითაც პენსია გაიზრდება. გარდა ამისა, ოთარ თოიძის განცხადებით, თითქმის 70 ლარით პენსიის გაზრდა უახლოეს მომავალშივე გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდასაც:

”სოფლის მეწარმე, რომელმაც იცის, რომ პენსია გაიზარდა, მაშინვე გაზრდის საკუთარი პროდუქტის ფასს. გარდა ამისა, საკითხავია, რას უნდა მოვაკლოთ ის თანხა, რომლითაც პენსიას გავზრდით.”

პენსიონერები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე
პარლამენტის წინ შეკრებილმა ათეულობით პენსიონერმა მოაწერა ხელი მოთხოვნას მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების შესახებ. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ პენსია, რომელიც ამ ეტაპზე მაქსიმუმ 90 ლარს შეადგენს, საკვების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით:

”ექიმმა მითხრა, დღეში ოთხჯერ უნდა ჭამოო. ოთხჯერ კი არ ვჭამ, ოთხჯერ ვსვამ ცარიელ ჩაის, შიმშილი რომ დავიოკო. 150 ლარმა იქნებ ცოტა ხნით მაინც შეგვინარჩუნოს სიცოცხლე”, - ამბობს 80 წლის პენსიონერი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კი უახლოეს მომავალში პენსიის ზრდის აი, ასეთ პერსპექტივას სახავენ:

”სანამ არ აშენდება საწარმოები, სანამ არ დასაქმდება ხალხი, სანამ თითოეული მოქალაქე არ გადაიხდის იმ თანხას, რომელიც გააძლიერებს ბიუჯეტს და სანამ ხალხი არ მიხვდება, თუ რისგან შედგება პენსია, მანამდე ჩვენ ამ საკითხში ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯებით წავალთ წინ”, -განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოთარ თოიძემ.
XS
SM
MD
LG