Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 თებერვალი 2010


”რუსული გავლენა ევროპულ ”სატელიტზე” – ”24 საათი” საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და ფრანგულ სატელიტურ ოპერატორ ”ეუტელსატს” შორის ”პირველი კავკასიურის” მაუწყებლობასთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე წერს. გაზეთისთვის მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს განუცხადებია, რომ ”ეუტელსატს” თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება წერილობით არ წარმოუდგენია. ”ამასთან, რუსული ზეწოლის ფაქტს, ლევან გახელაძის განცხადებით, პირად საუბრებში კომპანიაშიც ადასტურებენ. ამ ფაქტზე მინიშნება გახლავთ ისიც, რომ ქართული ტელეკომპანიისთვის უარის თქმის შემდეგ კომპანია ”ეუტელსატმა” ”გაზპრომმედიასთან დადო კონტრაქტი”, - წერს ”24 საათის” კორესპონდენტი.

”რეზონანსი” წერს: ”სააკაშვილი ამერიკელმა მრჩეველმა მიატოვა. დენიელ კუნინის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, მას ბოლო დროს სააკაშვილის ქმედებებზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული და მის საქმეებში საერთოდ აღარ ერეოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ამ თემაზე საუბარს საერთოდ გაურბიან”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან. ინტერვიუ ეხება სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სტრატეგიის შექმნა 18 წლის დაგვიანებითაც კარგია. ამასთან, ზაქარეიშვილი თვლის, რომ ეს სტრატეგია ”არის გვიანი, ამავე დროს - ნაადრევი”. ზაქარეიშვილი დასძენს: ”შეუძლებელია აქ დაწერილი ყველაფრის შესრულება ჯერ მარტო იმიტომ, რომ სტრატეგიას ჰქვია ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ”. აქ სათაურშივე მთავრდება ყველაფერი, რადგან არც ოსი და არც აფხაზი თავს ოკუპირებულად არ თვლის და, შესაბამისად , ამ დოკუმენტს არ გადაფურცლავენ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და თემურ იაკობაშვილს ურჩევს სტრატეგია ვანო მერაბიშვილთან შეათანხმოს, რადგან, მისი აზრით, მერაბიშვილისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია.

”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი ”ალიას” ეუბნება, რომ ზურაბ ნოღაიდელის მიმართ ”ბევრი პრეტენზია” აქვს: ”ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ლომის წილი პასუხისმგებლობისა არა მარტო ნოღაიდელს, ყველა იმ ფიგურას ეკისრება, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ისე მოხდა, რომ მათგან ბევრი დღეს ოპოზიციაშია. ასეა ბურჯანაძე, ზურაბიშვილი, ალასანია, ოქრუაშვილი”, - ამბობს დავითაშვილი. ”ალიაშივე” კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერ კახა კუკავასთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ: ”ის, ვინც დღეს ამბობს, ნოღაიდელი არ გვინდაო, ერთი წლის წინათ ამბობდა, ბურჯანაძის გუნდი არ გვინდაო, უფრო ადრე კი - პატარკაციშვილი არ გვინდაო... მოკლედ, ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ არსებობს რაღაც ცენტრიდანული ჯგუფები, რომლებიც ოპოზიციის გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან”, - ამბობს კუკავა.

”ცხადია, არჩევნები არის ის გზა, რომელი გზითაც დღეს რეალურად შესაძლებელია სააკაშვილის დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებში და ამას შედეგად კიდევ მოჰყვება რაღაცები” - ამბობს ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი, რომელსაც ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა. დავით ზურაბიშვილი დასძენს: ”თუ ხალხი არ მოვა და ვერ მოვახერხეთ ოპოზიციამ მოსახლეობის მობილიზება, გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება. მერე რამდენიც არ უნდა იძახო, გამიყალბეს შედეგებიო, არავინ არ გამოვა ქუჩაში. მაგრამ, თუ მობილიზება მოახდინე, რეალურად გაიმარჯვე და გაგიყალბეს, რა თქმა უნდა, ხალხი გამოვა და თან ძალიან მობილიზებულად და რადიკალურადაც”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

ლადო პაპავას საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური სტრატეგიის შესახებ ეკითხება ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი. პაპავა ამბობს: ”სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკური სტრატეგია ეს არის ხარაჩოზე შემდგარი მუშების ფონზე პრეზიდენტის სატელევიზიო მოხსენებები. თუკი თქვენ გულისხმობთ, საითკენ მიდის ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ გვინდა ევროინტეგრაცია, რაც აბსოლუტურად სწორია. მეორე მხრივ, პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს სინგაპურული. სინგაპური ეს არის თავისუფალი ეკონომიკა საკმაოდ მკაცრი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში”, - განმარტავს ლადო პაპავა, რომელთან ინტერვიუსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG