Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეცია და პოლონეთი ტაქტიკური შეიარაღების შემცირების მოწოდებით გამოდიან


შვეცია და პოლონეთი შეერთებულ შტატებს და რუსეთს მოუწოდებენ შეამცირონ თავიანთი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ევროპაში და აცხადებენ, რომ დადგა დრო, ამგვარი იარაღი დაექვემდებაროს შეიარაღების მაკონტროლებელ რეჟიმს. მოწოდება დაემთხვა პარიზში კონფერენციის გახსნას, სადაც ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

შვეციისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეერთებულ შტატებს და რუსეთს მოუწოდებენ, გადაჭრით შეამცირონ თავიანთი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება და აცხადებენ, რომ ეს იარაღი ევროპას უქმნის საფრთხეს.

კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი ამ მოწოდებით გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ წერილში გამოვიდნენ. ავტორებმა წერილის დაბეჭდვა პარიზში ბირთვული განიარაღების შესახებ სამდღიანი კონფერენციის გახსნას დაამთხვიეს.

ბილდტი და შიკორსკი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს „საშიში წარსულის საშიშ გადმონაშთს“ უწოდებენ და ცივი ომის პერიოდის მეტოქეებს მიმართავენ თხოვნით, „მნიშვნელოვნად შეამცირონ“ ასეთი შეიარაღება - იქნება ეს მოლაპარაკებისა თუ ცალმხრივი ნაბიჯების გზით. საბოლოო მიზანი კი ასეთი იარაღის სრული განადგურება უნდა იყოს.

ბილდტის და შიკორსკის აზრით, დადგა დრო, შეიარაღების მაკონტროლებელმა რეჟიმმა ტაქტიკური ბირთვული იარაღიც მოიცვას. ამჟამად ამგვარი რეგულაცია უფრო მეტად დესტრუქციული, სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების მიმართ მოქმედებს.

საგარეო საქმეთა მინისტრებს მოჰყავთ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების საერთაშორისო კომისიის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგები, რომლის თანახმადაც, შეერთებულ შტატებს ევროპაში, დაახლოებით, 200 ბირთვული საბრძოლო ქობინი აქვს განლაგებული, რუსეთს კი, დაახლოებით, 2,000 - ძირითადად, თავისი ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე.

კონკრეტულად, ბილდტმა და შიკორსკიმ მოსკოვს მოუწოდეს, გაიტანოს ბირთვული იარაღი იმ ადგილებიდან, რომლებიც ევროკავშირს ესაზღვრება - მაგალითად, ბალტიის ზღვაზე მდებარე კალინინგრადის ექსკლავიდან და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კოლის ნახევარკუნძულიდან.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდების გამოქვეყნების პარალელურად, პარიზში ბირთვული განიარაღების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო.

კონფერენციაში მონაწილეობას 200 პირი იღებს - მათ შორის, პოლიტიკოსები, ეროვნული უშიშროების საკითხებში ყოფილი მრჩევლები, ყოფილი სამხედროები, ეკონომისტები, ხელოვანები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

შეერთებული შტატები და რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ახალი დოკუმენტის ირგვლივ, რომელმაც სტრატეგიული შეიარაღების შესახებ 1991 წელს დადებული ხელშეკრულება (START) უნდა შეცვალოს. START-ის მოქმედების ვადა 5 დეკემბერს ამოიწურა ისე, რომ ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.

ბრიუსელში მდებარე საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის, იან დევისის თქმით, ახალი ხელშეკრულება ბირთვული შეიარაღების შემცირების საქმეში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იქნება:

„გლობალური მასშტაბით, დაახლოებით, 23,000 ბირთვული ქობინი არსებობს და ამ 23,000-ის 90 პროცენტს რუსები და ამერიკელები ფლობენ. ამდენად, თუკი ეს ორი მთავარი მოთამაშე არ გადადგამს ნაბიჯებს თავდაცვისთვის დადგენილი „მინიმალური ზღვრული ოდენობის“ მისაღწევად, რაც ორივე მხარისთვის 1,000-ზე ნაკლებ ქობინს ნიშნავს, მაშინ, სავარაუდოდ, არც ბირთვული შეიარაღების მქონე სხვა სახელმწიფოები ჩაერთვებიან სრული განიარაღების მიზნით გამართულ მრავალმხრივ მოლაპარაკებებში“, - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება განსხვავებას ორი ტიპის შეიარაღებას შორის,

ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომლის შესახებაც წერენ ბილდტი და შიკორსკი, უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად არის შექმნილი, სტრატეგიული ბირთვული იარაღი კი მოსახლეობის დიდ ჯგუფებს უქმნის საფრთხეს და, უწინარესად, ზოგადი თავდაცვისთვის გამოიყენება, ვინაიდან მტერს ომის წარმოებას ურთულებს.

ისტორიულად ნეიტრალური შვეციისთვის ბირთვული განიარაღების საკითხი უკვე დიდი ხანია პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს შემუშავებული გეგმის თანახმად, პოლონეთს - ჩეხეთის რესპუბლიკასთან ერთად - თავის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის ელემენტები უნდა განეთავსებინა. სისტემის მიზანი შესაძლო შორი მანძილის თავდასხმების მოგერიება უნდა ყოფილიყო.

მაგრამ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა ამ გეგმის განხორციელებაზე, რაკი რუსეთი მას თავისი ინტერესების წინააღმდეგ შექმნილ საფრთხედ მიიჩნევდა, და ის სხვა გეგმით ჩაანაცვლა.

ახალი გეგმის თანახმად, შეიქმნება საზღვაო და სახმელეთო ინტერცეპტორების უფრო მობილური სისტემა, რომელიც ახლო და საშუალო მანძილის რაკეტებს მოიგერიებს.

პოლონეთის ინტერესების გათვალისწინებით, - პოლონეთისა, რომელიც აცხადებს, რომ შეშფოთებულია რუსეთის საგარეო პოლიტიკაში გამოკვეთილი აგრესიული ტენდენციებით, - ობამას ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა იქ „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების განთავსებაზე, რათა პოლონეთის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG