Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2 თებერვალი 2010


დღეს „იზვესტია“ მკითხველს ამცნობს, რომ უკრაინა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრ პოროშენკომ განაცხადაო, - წერს გაზეთი და მინისტრის სიტყვები მოჰყავს: ” არც კი ვუშვებ აღიარების შესაძლებლობას, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს.”

გაზეთი „გაზეტა“ კი ამგვარი სათაურით აქვეყნებს სტატიას: ”სამხრეთ ოსეთის წყალობით, სტალინის ბიუსტი ტამბოვის მიწაზე გამოჩნდება”. პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ”კომუნისტები წინადადებას აყენებენ, სტალინის ბიუსტი დაიდგას ტამბოვის ოლქის ქალაქ რასკაზოვოში. ეს ბიუსტი მათ ჩრდილოეთ ოსეთის კომუნისტებისგან მიიღეს, საქართველოსთან ომის დროს სამხრეთ ოსეთისათვის აღმოჩენილი დახმარების ნიშნად. რასკაზოვოს ქალაქის საბჭომ მიმართა ქალაქის ხელმძღვანელობას განიხილოს ეს საკითხი, ძეგლის წინააღმდეგ გაშლილი კამპანიის მიუხედავად.”

განმარტება ამ ამბავთან დაკავშირებით გაზეთს ტამბოვის საოლქო კომიტეტის მდივანმა ანდრეი ჟიდკოვმა მისცა. მისი თქმით, 2008 წელს საქართველომ აგრესია განახორციელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მაშინ ტამბოველი კომუნისტები პირველთა შორის იყვნენ, ვინც რესპუბლიკის მცხოვრებთათვის დახმარების თხოვნას გამოეხმაურა. ტამბოველმა კომუნისტებმა ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს და ჩრდილოეთ ოსეთში გადაგზავნეს, რომ მათ იგი სამხრეთ ოსეთში ჩაეტანათ.

ამ დახმარებისათვის მადლიერების გამოსახატად ჩრდილოეთ ოსეთის კომუნისტების სახსრებით დამზადდა სტალინის რამდენიმე ბიუსტი და ეს ბიუსტები, ტამბოვის გარდა, ორენბურგსა და ნალჩიკშიც გაგზავნეს.
გაზეთი წერს, რომ თავდაპირველად ტამბოველი კომუნისტები სტალინის ბიუსტის დადგმას მიჩურინსკში აპირებდნენ, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა მის მიღებაზე. რასკაზოვოში კი ეს საკითხი აქტიურად განიხილება და აქ, ქალაქის კომკავშირის პარკში, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მთელი კომპლექსი უნდა გაშენდესო, - წერს „გაზეტა“.

მოულოდნელი კუთხით ჩნდება საქართველო გაზეთ „ვედომოსტიში“. პუბლიკაციაში, რომელიც ანტონ ჩეხოვის იუბილეს ეძღვნება, საუბარია ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის დონალდ რეიფილდის წიგნზე ”ანტონ ჩეხოვის ცხოვრება”, რომლის უკვე მეოოთხე გამოცემა მზადდება.

გაზეთი აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს დონალდ რეიფილდთან, რომელიც კითხვაზე, რაზე მუშაობს იგი ამჟამად, ასე უპასუხებს:

„მე ბევრს ვმუშაობ საქართველოს ისტორიაზე და, ალბათ, ხელს მოვაწერ კონტრაქტს წიგნის შექმნასთან დაკავშირებით. ეს დიდი და რთული სამუშაოა.... ჩემს გაოცებას, აი, რა იწვევს: ორი ათასი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ისტორიაში ერთი და იგივე მოტივი მეორდება. რაღაც მომენტებში საქართველო დასახმარებლად დასავლეთს მიმართავს - რომის კეისარს, რომის პაპს, კათოლიკე მეფეებს, გერმანელებს, ინგლისელებს, ამერიკელებს. - დასავლეთი ჰპირდება დახმარებას, მაგრამ არც ერთ წვეთ სისხლს არ გაიღებს. ახლაც ეს ხდება, როცა საქართველომ სამშვიდობო კონტინგენტი გაგზავნა ავღანეთში და იმედი აქვს, რომ დასავლეთი, თავის მხრივ, დაეხმარება მას. საქართველოს სიმყიფე, როგორც ერთიანი სახელმწიფოსი, და, ამავე დროს, მისი საოცარი დღეგრძელობა სრულიად განსაკუთრებული თვისებაა. ტრაგიკული ისტორია... მაგრამ არ შეიძლება არ აღფრთოვანდე ამ ერის გამძლეობით და კულტურით”, - უთხრა დონალდ რეიფილდმა „ვედომოსტის“ კორესპონდენტს.
XS
SM
MD
LG