Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში გალის რაიონში არსებული ვითარება სპეციალურ თათბირზე განიხილეს


გალის რაიონში არსებული ვითარების გამო, 2 თებერვალს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამართა სპეციალური თათბირი, რომელშიც დე ფაქტო მთავრობის ყველა მაღალჩინოსანი და გალის აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, სერგეი ბაღაფშმა ძალოვან სტრუქტურებს მდინარე ენგურთან საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად კოორდინირებული მოქმედება დაავალა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია გალის რაიონის მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობად და აფხაზეთის დაბრუნების ინსტრუქციად შეაფასა. ბაღაფშის განცხადებით, მისი მთავრობა თბილისის არანაირი პროგრამის განხილვას არ აპირებს და, საპასუხოდ, მდინარე ენგურზე საზღვრის დაცვას და მიმოსვლის რეჟიმს გაამკაცრებს, რათა გალის რაიონში ”მეხუთე კოლონის” შექმნა არ დაუშვას. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ იმ ადამიანებისადმი, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილნი. თავის მხრივ, ნონა უბილავა, ხელმძღვანელი ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”დევნილების უფლებებისათვის”, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკას რუსეთის გუბერნიას უწოდებს, რადგან თვლის, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსკოვის პოზიციას ახმოვანებს. ”რუსეთის სპეცსამსახურები იქ კარგად მუშაობენ და არც მიკვირს, რომ ბაღაფში ასეთ განცახდებებს აკეთებს. დე ფაქტო მთავრობას გალის მოსახლეობის ძალიან ეშინია, რადგან იციან, რომ თუ მათი ინტეგრაცია არ მოხდა, აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებაში მათი გეგმები ვერ განხორციელდება”, - ამბობს ნონა უბილავა.

რაც შეეხება მდინარე ენგურზე საზღვრის დაცვას და მიმოსვლის რეჟიმის გამკაცრებას, ამაზე რადიო თავისუფლება, ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ გასულ კვირაში იუწყებოდა. ვითარება არც ახლა შეცვლილა და, როგორც გალიდან იტყობინებიან, რუსეთის საოკუპაციო ძალები ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე განლაგდნენ და აფხაზი მესაზღვრეები უფუნქციოდ დარჩნენ. ოტობაიელი ქალბატონის ცნობით, რომელმაც ჩაწერაზე უარი განაცხადა, აგვიხსნა, რომ საგუშაგოზე, სადაც აფხაზები იდგნენ, რუსი სამხედროები განთავსდნენ და სიტუაციას არა მარტო ენგურზე, არამედ სოფლებშიც აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG