Accessibility links

საპრეზიდენტო არჩევნები ქართველი დამკვირვებლების გარეშე


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ქართველი დამკვირვებლები აღარ დაესწრებიან. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. მანვე მოუწოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ქართველ წევრებს აღარ ჩაერთონ არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის პროცესში და სამშობლოში დაბრუნდნენ.

ჩვენი ამოცანა არ ყოფილა უკრაინის არჩევნებში ჩარევა და რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა, განაცხადა 3 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება უკრაინის არჩევნებსა და ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნო:

”ჩვენ ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ორივე კანდიდატს შორის სრული ნეიტრალიტეტი იქნეს დაცული და ის კეთილგანწყობა შევინარჩუნოთ, რაც, ტრადიციულად, ისტორიულად არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პირთან ვითანამშრომლებთ და მზად ვართ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. რაც შეეხება ქართველ დამკვირვებლებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არჩევნების მეორე ტურზე, იმის გამო, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველი დამკვირვებლების საკითხმა, საქართველო არ გაგზავნის დამკვირვებლებს უკრაინაში.”

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე საქართველოდან 2000-მდე დამკვირვებელი იყო მივლინებული, ოფიციალური განმარტებებით, კიევთან შეთანხმებითა და მოთხოვნით. თავიდან მათ ”მოხალისეების სტატუსი” განესაზღვრათ, მოგვიანებით კი უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსი არ მისცა და არჩევნებზე არ დაუშვა.

საქართველოდან უკრაინაში დამკვირვებლებად წარგზავნილთა ნაწილმა ალტერნატიულ გზას მიმართა და არჩევნების მონიტორინგის პროცესში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ერთად უშტატო რეპორტიორების სტატუსით ჩაერთნენ. ამას მოჰყვა დონეცკის რაიონული პროკურატურის მიერ ყალბი ჟურნალისტური მოწმობების გამოყენების ფაქტზე დაურეგისტრირებელი ქართველი დამკვირვებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და ასე შემდეგ. ”დონეცკის რეგიონში ჩასული ფიზიკურად ძლიერი ადამიანების ჩუმი მასა, რომელსაც იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერის მიზნით არჩევნების ჩაშლა სურდა” - უკრაინისა და საქართველოს პოლიტიკური წრეების გარკვეულ ნაწილში საბოლოოდ ასე შეფასდა ქართველი დამკვირვებლების სკანდალური მისია უკრაინაში. მომხდარის გამოძიებას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში კვლავაც დაბეჯითებით ითხოვენ, „ალიანსში საქართველოსთვის“ კი იმასაც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ თავისი შეცდომა აღიარა, როცა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აღარ გაუშვას ქართველი დამკვირვებლები.

”არანაირი შეცდომის აღიარებაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. რაში იყო შეცდომა, რომ დამკვირვებლები ჩავიდნენ და დააკვირდნენ პროცესს? როგორ შეიძლება ეს შეცდომად მივიჩნიოთ? ვიღაცა დააკვირდა, ვიღაცა ადგილზე პოლიტიკური აჟიოტაჟის გამო არ იქნა დაშვებული ძალიან ლოგიკურ და მშვიდობიან მისიაში მონაწილეობის მისაღებად. რაშია აქ შეცდომა?“ - ამბობს დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის მოწოდების მიღმა კონკრეტული არგუმენტები იგულისხმება და რომ არ არის გამორიცხული, ცალკეულ რეგიონებში ქართველი დამკვირვებლების მიმართ პროვოკაციების საფრთხეც არსებობდეს.

დავით დარჩიაშვილი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს ეუთო-ოდირის მანდატით აკვირდებოდა. მეორე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პრეზიდენტის მოწოდების ადრესატად მიიჩნევა, არის ”სამართლიანი არჩევნები.” ”სამართლიანი არჩევნები” ”სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ევროპული ქსელის” წევრი ორგანიზაციაა საქართველოდან. ამ მისიის ფარგლებში უკრაინაში ორგანიზაციის 6 გრძელვადიანი დამკვირვებელი იმყოფება, იგეგმებოდა კიდევ 26 მოკლევადიანი დამკვირვებლის გაგზავნა. როგორც ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა სირაძე-დელონემ გვითხრა, იგი რთული არჩევანის წინაშე დგას:

„მე ამ გადაწყვეტილებას ვერანაირად ვერ მივიღებ, სანამ არ დავუკავშირდები მისიას და მისიისგან არ გავიგებ მათ დამოკიდებულებას. ყველაფერი უკვე გაწერილია, ყველაფერი დაგეგმილია. ის, რომ ჩვენი დამკვირვებლები შეიძლება არ წავიდნენ უკრაინაში, შესაძლოა მისიისათვის სერიოზული დარტყმა იყოს, იმიტომ რომ არ დაიფაროს ის ოლქები, რა ოლქების დაფარვაც არის განსაზღვრული. ამიტომ ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რას ვიზამთ და როგორ ვიზამთ.”

“სამართლიანი არჩევნების ”აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა სირაძე-დელონემ გადაწყვეტილება მიიღო: პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში დააკვირდებიან. ეკა სირაძე-დელონეს განმარტებით, ორგანიზაციაში კარგად ესმით პრეზიდენტის მოწოდების, თუმცა ვალდებულნი არიან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. “როგორც არჩევნების პირველ ტურში, მეორე ტურშიც ”სამართლიანი არჩევნების” უკრაინაში აკრედიტებული წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპს, ანუ ჩაურევლობის პრინციპს დაიცავენ”, - ამბობს ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი.
XS
SM
MD
LG