Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილი პედაგოგები კომპენსაციის აღდგენას ითხოვენ


ზუსტად ერთი თვის წინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი დევნილი პედაგოგების ხმამ ჯერჯერობით ვერც პრეზიდენტამდე მიაღწია და ვერც განათლების მინისტრამდე. 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად კოდორის ხეობიდან და სამაჩაბლოდან დევნილი პედაგოგები იმ კომპენსაციის შენარჩუნებას იხოვენ, რომელსაც ისინი 2009 წლის განმავლობაში იღებდნენ და რომელიც 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აღარ არის.

3 თებერვალს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეკრებილი დევნილი პედაგოგები მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა სამინისტროდან მათ არავინ გამოხმაურებია. როგორც ისინი აცხადებენ, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლება თავიანთი გასაჭირით ვერ დააინტერესეს:

”დღემდე არავინ შეგვხვედრია, უპატრონოდ ვართ მიტოვებულები, პასუხის გამცემიც კი არავინ არის, ვერანაირ კომუნალურ გადასახადს ვერ ვიხდით, სიბნელეში და სიცივეში ვსხედვართ. ბარემ იქ დავხოცილიყავით, რა აზრი აქვს, აქ რომ ვდგავართ”, - აცხადებს დევნილი პედაგოგი სამაჩაბლოდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნულ საკითხზე საუბარს თავს არიდებს და მხოლოდ მცირე კომენტარით იფარგლება: ”ჩვენ იმ ბიუჯეტიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2010 წლისთვის დაამტკიცა.”

საქართველოს პარლამენტმა კი 2010 წლის ბიუჯეტი შემჭიდროებულად დაამტკიცა, გვიხსნის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის ფორმირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს განხილვების შედეგად მოხდა:

”მთავრობამ არ ჩათვალა ეს საკითხი პრიორიტეტად და იმიტომ არ იქნება ის 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. თუკი ეს საკითხი ისევ წამოიწევს წინ და მთავრობის განსახილველ თემად იქცევა, მაშინ ამისათვის არსებობს მთავრობის ფონდი და პრეზიდენტის ფონდი, საიდანაც მათთვის თანხები გამოიყოფა, მაგრამ ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში უნდა დადგეს”, - აცხადებს ცოტნე ყავლაშვილი.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი აღნიშნავს, ის დევნილი პედაგოგებისათვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს იანვრის დასაწყისში ესაუბრა და მათგან პირობა მიიღო, რომ დევნილი პედაგოგების კომპენსაციის საკითხს გაითვალისწინებდნენ:

”ისინი სიკვდილით შიმშილისათვის არიან განწირულები”, - აცხადებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი. მისივე თქმით, 3 თებერვალს გამართული აქცია კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ დევნილი პედაგოგებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა შედგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგთა პროფესიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი კვირიდან პერმანენტული აქციები დაიწყება.
XS
SM
MD
LG