Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 3 თებერვალი 2010

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი გაზეთები ბევრს წერენ მოვაჭრეების პროტესტზე. ”ამ ზედნადებს რომ მთხოვენ, მწერალი ვარ? იმ თათარმა ქალებმა, ვისგანაც საქონელს ვყიდულობ, წერა-კითხვა არ იციან და ზედნადები როგორ უნდა შეავსონ და გამომატანონ?” - უთხრა ”ვერსიას” აქციის ერთმა მონაწილემ.

”ვერსია” აქვეყნებს ასევე ერთგვარ განმარტებით სტატიას, რომელიც ხსნის, თუ რა არის ზედნადები და რას მოიტანს, ავტორის აზრით, ცვლილება საგადასახადო კანონში. ”სინამდვილეში ამ ცვლილებით გარევაჭრობა იკრძალება”, - წერს ”ვერსია”. – ”აბა, ქუჩაში გამოსული თბილად ჩაფუთნული ადამიანი, რომელსაც ხელში ორი კოლოფი სიგარეტი უჭირავს, ზედნადებს რომ ვერ დაგიყოლებთ, რად უნდა ლაპარაკი.”

და კიდევ ერთი პუბლიკაცია ”ვერსიიდან”. გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან, სათაურით ”ალასანია მერაბიშვილს სასამართლოში უჩივლებს”. ”ალიანსის” ლიდერი ამბობს, მომავალში ცილისწამებისათვის აუცილებლად ვუჩივლებ მერაბიშვილის მიერ კონტროლირებად ტელევიზიასო. ”ამას იმიტომ კი არ გავაკეთებ, რომ წყენა მაქვს ან შურისძიება მამოძრავებს, იმიტომ ვიჩივლებ, რომ ქვეყანაში გაჩნდეს პრეცედენტი და ცილისწამებისთვის დაუსჯელი არავინ დარჩეს”, - უთხრა ალასანიამ ”ვერსიას”.

”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის გეგმებზე წერს ”რეზონანსიც”, რომლის მოწინავე სტატიის სათაურია: ”ალასანია მიუნხენში სიტყვით გამოვა”. მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციისთვის საქართველოს პრეზიდენტი ვერ მოიცლის. სამაგიეროდ, როგორც ”ალიანსში” ამბობენ, კონფერენციას ირაკლი ალასანია დაესწრება და სიტყვითაც გამოვა. იგი ოპოზიციიდან ერთადერთია, ვინც კონფერენციაზე ოფიციალურად მიიწვიესო, - უთხრეს ”რეზონანსს” ‘ალიანსში’ ”.

გაზეთი ასევე აქვეყნებს სტატისტიკას საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაჩვენებლებით და გაეროს კვლევის თანახმად, საქართველოში, ამ მხრივ, ცუდი ვითარებაა. ერთის მიხედვით, საქართველო 224 ქვეყანას შორის 104-ე ადგილზეა, მეორის კი - 195 ქვეყანას შორის 125-ეზე. სპეციალისტები ჩვილთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ინფორმაციის ნაკლებობას, ასევე ორსულობამდე და ორსულობის შემდეგ მომავალი დედების უყურადღებობას მიიჩნევენო, - წერს ”რეზონანსი”.

”ახალ თაობაში“ კი წაიკითხავთ ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუასთან, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს. ”მიმაჩნია, რომ აქ თვითმკვლელობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი ვერსიით, გამსახურდია მოკლულია”, - ამბობს სიგუა და რამდენიმე პასუხგაუცემელ კითხვასაც ასახელებს, რის გამოც მას ეჭვი შეაქვს ყოფილი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსიაში.
XS
SM
MD
LG