Accessibility links

იაკობაშვილმა სახელმწიფო სტრატეგია ევროსაბჭოს წარუდგინა


რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია წარადგინა.

თემურ იაკობაშვილმა დოკუმენტი, სახელწოდებით” ჩართულობა თანამშრომლობის გზით” - იგივე „ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგია“ - ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1076-ე სხდომაზე წარუდგინა. სტრატეგია 22 ქვეყნის ელჩმა მოიწონა, გარდა რუსეთისა. სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ თემურ იაკობაშვილი შედეგებით კმაყოფილი იყო:

”ამ დოკუმენტს უზარმაზარი ინტერესით შეხვდნენ. ჩემთვის, გულწრფელად რომ გითხრათ, მოულოდნელი იყო 22 ელჩის გამოსვლა. ამ სახელმწიფოების ელჩებმა ღიად დაუჭირეს დოკუმენტს მხარი. ერთადერთი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი შეეცადა მნიშვნელობა შეემცირებინა ყველაფრისა. ჩვენ მოვუწოდეთ გენერალურ მდივანს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროსაბჭომ არა მხოლოდ სტრატეგიის გეგმის შემუშავებაში, არამედ მის განხორციელებაში.”

როგორი შეიძლება იყოს ევროსაბჭოს როლი სტრატეგიის შესაძლო განხორციელების პროცესში და რა არის საქართველოს მთავარი შეთავაზება და თხოვნაც ევროსაბჭოსადმი? - ვკითხეთ საქართველოს ელჩს ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს პირველი და მნიშვნელოვანი მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგია:

”ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ამ კომპონენტში იყოს საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ჩართული - თუნდაც იმ პრობლემების დაფიქსირების პროცესში, რაც არსებობს ახალგორში, გალში, კოდორში. მიუხედავად ეთნიკური სხვაობისა, ჩვენ გვაინტერესებს, ყველა ჩვენი მდგომარეობის უფლება ამ ტერიტორიებზე როგორ არის დაცული.”

თბილისში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიებმა სტრატეგიის დადებითი შეფასებები დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მხრიდან უკვე გაახმაურეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის პროგნოზით, მოწონების პროცესი კვლავ გაგრძელდება, რაც, თავის მხრივ, რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს:

”დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა ამ სტრატეგიას აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან. მოწონების ეს ტალღა გაგრძელდება საერთაშორისო ფორუმების დონეზე და რუსეთს მოუწევს ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, შეუძლია თუ არა წინ აღუდგეს ადამიანთა შორის კონტაქტების გამყარების პროცესს”, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ევროსაბჭოში სტრატეგიის წარდგენის პარალელურად, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა სტრატეგია უკვე შეაფასა საქართველოს მიერ აფხაზეთის დაბრუნების ინსტრუქციად და განაცხადა, რომ აფხაზეთი ამ სტრატეგიის განხილვას არ აპირებს. საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ბაღაფშს მიაჩნია, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვარი, რომელიც მდინარე ენგურზე გადის, უნდა გამაგრდეს და გადაკვეთის რეჟიმი გამკაცრდეს. ამ განცხადების ფონზე ზურაბ ჭიაბერაშვილს რადიო თავისუფლებამ ისიც ჰკითხა, ხომ არ შეიძლება სტრატეგია, თავისთავად, შეიცავდეს დაფარულ ნაღმებს და მისი განხორციელების პარალელურად გააქტიურდეს რუსული მხარეც:

”სტრატეგია ნაღმებს არ შეიცავს, თუმცა ერთი რამ ცხადია: ბაღაფში, ჯერ ერთი, თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ მოსკოვში, კარგად ხედავენ, რომ იმ გზას, საითკენაც მიდის ეს სტრატეგია, ანუ ხალხთა შორის კავშირების დამყარებას, ალტერნატივა არა აქვს და, დღეს იქნება თუ ხვალ, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით უნდა მოხდეს მარტივად ამ საკითხების გადაწყვეტა და ადამიანებს შეეძლოთ გადაადგილება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე.”

თუმცა ასეთი ოპტიმიზმისგან შორს დგას კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც აფხაზებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ზაქარეიშვილს, გარდა ამისა, კრიტიკული შენიშვნები აქვს სტრატეეგის სათაურსა და შინაარსთან დაკავშირებით - ფიქრობს, რომ მის წარსადგენად ცუდი დროა შერჩეული. ევროსაბჭო მას მოიწონებს, მაგრამ ის, როგორც დოკუმენტი, ვერ იმუშავებს:

”წინასწარ გეუბნებით, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, ასგვერდიანი იქნება ის თუ ათასგვერდიანი, ანეკდოტი რომ ჩაუწერო შიგ ევროსაბჭოს, მაინც მოიწონებენ, იმიტომ რომ არ წაიკითხავენ. რომ დაუდო ტაბურეტი და თქვა, ეს სტრატეგიააო, ტაბურეტს მოიწონებენ. რაც უნდა იდეალური იყოს სტრატეგია, დღეს, ამ წუთში, არ არის მისი დრო - ძალიანი გვიანიცაა მისი წარდგენა და ძალიან ადრეც. ყველაზე უდროო დროა შერჩეული, რადგან ეს-ესაა დამთავრდა ომი, ჯერ კიდევ ეიფორია არ გამქრალა, ხოლო აფხაზები და ოსები კმაყოფილები არიან რუსებით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული პიარ-კამპანიის ნაწილი.”

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ წინასწარ არის ცნობილი, ვის რა პოზიცია ექნება ამ სტრატეგიის მიმართ, ხოლო მოვლენების განვითარების მისეული პროგნოზი ასეთია:

”ევროსაბჭო მოიწონებს სტრატეგიას. შემდეგ ამაზე ორი კვირა ვილაპარაკებთ და მერე ყველას დაავიწყდება ეს საკითხი. შემდეგ ბრიუსელში ჩატარდება დონორთა რაიმე კონფერენცია, გადმოგვიგდებენ 3-4 მილიონ დოლარს და გვეტყვიან, ჩვენ თქვენთან ყველაფერი დავასრულეთ, როგორც გსურთ, ისე დახარჯეთ ეს მილიონებიო...”

მომდევნო რამდენიმე თვეში სტრატეგიის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წარსადგენად დაგეგმილია იაკობაშვილის ვიზიტები ვენაში, ბრიუსელსა და ნიუ- იორკში. სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საქართველოს მთავრობას მომდევნო ექვსი თვე აქვს.
XS
SM
MD
LG