Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში რუსეთიდან ჩასულ მშენებლებს აყაჩაღებენ და ავიწროებენ


ცხინვალში რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული მშენებლების შევიწროება დაიწყეს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით. ადგილობრივ მოსახლეობასა და განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიელ მშენებლებს შორის გარჩევები ძალიან ხშირია. ამ ამბავმა იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ცხინვალელებს შემწყნარებლობისკენ მოუწოდა, სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას კი აღნიშნა, რომ თითოეული მუშის უფლებების დაცვის გარანტი თავად იქნება. კოკოითიმ სტუმარი მშენებლების შევიწროება პროვოკატორებს დააბრალა.

ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე კოკოითიმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ჩრდილოკავკასიელი მშენებლები დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანაში დაადანაშაულა. კოკოითი მაშინ ყველა ნარკორეალიზატორს ცხინვალიდან გაძევებით დაემუქრა. ამის შემდეგ ადგილობრივმა კრიმინალურმა ჯგუფებმა სტუმრების შევიწროება დაიწყეს.

კოკოითის მიერ ერთი კვირის განმავლობაში გაკეთებული ორი განცხადება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მშენებლების ნარკორეალიზატორებად მოხსენიების შემდეგ, როგორც ჩანს, მას კრემლიდან თითი დაუქნიეს, ამიტომ მეორე განცხადება ამავე მშენებლების უფლებების დასაცავად გააკეთა. პირველი განცხადების შემდეგ კი ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფებიც წაახალისეს და მათ მუშების დაყაჩაღება დაიწყეს.

რადიო თავისუფლებას ცხინვალიდან კომპეტენტურმა წყარომ, რომელმაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცნობა, რომ ცხინვალში ჩასული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები თვეობით სახლში დაუბრუნებლად მუშაობენ და ხელზე სოლიდური თანხა უგროვდებათ - სწორედ ამის გამო ისინი კრიმინალების სამიზნეები ხდებიან. გარდა ამისა, ყოველი თვის ბოლოს, ხელფასის აღების დღეებში, მათთვის ფულის შეწერაც ხდება. წყაროს თქმით, ფულის შეწერაზე კოკოითისთან დაახლოებული კლანების წარმომადგენლებიც არ ამბობენ უარს.

ეს პრობლემა დე ფაქტო რესპუბლიკაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდანვე გაჩნდა. იყო შემთხვევები, როცა მშენებლებზე ყაჩაღური თავდასხმები ტრაგიკულად დასრულდა. ოსური მედია ამ ფაქტებს ჩქმალავს, მაგრამ რუსულ მედიაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ოფისის შეიარაღებული დაყაჩაღებისას დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი მშენებელი. როგორც ცნობილია, მაშინ ამ კომპანიამ ცხინვალი საერთოდ დატოვა. საქმე კი კვლავ გაუხსნელია. ადგილობრივი სამართალდამცავები ხშირ შემთხვევაში კრიმინალებთან ბრძოლაში უძლურები არიან, რადგან ამ კრიმინალებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ კოკოითის ხელისუფლებაში.
XS
SM
MD
LG