Accessibility links

ცხინვალის ციხეში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ერთი დაემატათ


ცხინვალი

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ჭიათურის მაცხოვრებლის მალხაზ ახვლედიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აღძრა. ახვლედიანი სოფელ ნიქოზში ნათესავებს სტუმრობდა და მოულოდნელად გაუჩინარდა. არჩუაძეების სახლი, სადაც ახვლედიანი ახლობლებთან იმყოფებოდა, ცხინვალის გარეუბანთან ახლოს მდებარეობს. იქვე ეგრეთწოდებული სასაზღვრო საგუშაგოა განთავსებული. დაკავებულის ნათესავები ორი დღის განმავლობაში მის კვალს უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ იგი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ნიქოზელები მიიჩნევენ, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ახვლედიანი სოფლის ტერიტორიიდან გაიტაცეს.

მალხაზ ახვლედიანი 31 იანვარს გაუჩინარდა, ოსურმა მედიამ კი მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ორი დღის შემდეგ გაავრცელა. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახვლედიანის დაკავება ცხინვალის შემოგარენში მოხდა, მას შემდეგ, რაც მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ამჟამად, ოსი სამართალდამცავები აღნიშნულ ფაქტს იძიებენ.

კოკოითის ხელისუფლებას ახვლედიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ჟენევის მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმებები, რომლებიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს. მიუხედავად ამისა, ოსური მხარე რამდენიმე დღეა უარს ამბობს მალხაზ ახვლედიანის გათავისუფლებაზე, რაც აქამდე მიღწეული შეთანხმებების ღია დარღვევაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მალხაზ ახვლედიანის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულის გათავისუფლების შესახებ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ მართავს. შიდა ქართლის გუბერნატორის ვლადიმერ ვარძელაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში საერთაშორისო დამკვირვებლებიც ჩააყენეს.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. ყველა მათგანს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედება. მათი გათავისუფლების შესახებ მხარეები მოლაპარაკებას უშედეგოდ მართავენ. თავის მხრივ, ოსური მხარე საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი ეროვნების 40-მდე მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG