Accessibility links

logo-print

მთავრობა გარემოვაჭრეთა პროტესტის დაშოშმინებას ცდილობს


კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ოფიციალურად, წერილობით დაადასტურა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მოთხოვნები ბაზრობებზე საცალო ვაჭრებს და გარემოვაჭრეებს არ შეეხება. ამით მთავარმა ფინანსურმა უწყებამ „ხალხის პარტიისა“ და მის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წერილს უპასუხა. „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა გუშინ ფინანსთა სამინისტროს კოდექსის ოფიციალური განმარტების მოთხოვნით მიმართა.

მთავრობის წარმომადგენლები და, განსაკუთრებით, ფინანსთა მინისტრი გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც საგადასახადო კოდექსის ერთი - თითქოს უწყინარი - სარედაქციო შესწორების გამო ზუგდიდში, ფოთსა და თბილისში ბაზრობების ვაჭართა ერთი ნაწილი გაიფიცა და საპროტესტო აქციები გაიმართა. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის მცდელობა პრობლემა პრესაში გაკეთებული განცხადებებით გადაეჭრა, უშედეგო აღმოჩნდა. ბაინდურაშვილი ეგრეთ წოდებულ ელიავას ბაზრობასაც ესტუმრა და იქ დასაქმებულ მოვაჭრეებს გაესაუბრა. სიტყვიერმა განცხადებებმა იმის შესახებ, რომ სასაქონლო ზედნადების მოთხოვნა ბაზრობებზე საცალო ვაჭრობას არ შეეხება, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები არ დააკმაყოფილა. და თუ რატომ, „ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებიდან ჩანს:

ვაჭრების საპროტესტო აქცია, 2 თებერვალი, თბილისი
”ფინანსთა მინისტრმა შექმნას დოკუმენტი, ეს იყო ჩემი მოთხოვნა. ამ დოკუმენტს გავამრავლებთ და მივაწვდით მოვაჭრეებს, რათა როდესაც მიადგება საგადასახადო ინსპექცია და მოსთხოვს, აჩვენონ ფინანსთა მინისტრის წერილი და არ ჰქონდეთ თან ვიდეომაგნიტოფონი, ტელევიზორი და კასეტა, ფინანსთა მინისტრის გამონათქვამის ჩანაწერით.”

კობა დავითაშვილმა ასეთი მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს 3 თებერვალს ოფიციალურად მიმართა. ოფიციალურ წერილს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, ასევე ოფიციალურად, მეორე დღესვე წერილობითი ფორმით უპასუხა. ბაინდურაშვილმა სამინისტროს ბლანკიან ფურცელზე დაწერილი განმარტება სპეციალურ ბრიფინგზე ტელეკამერების წინ წაიკითხა:

”ეს არის ბლანკიანი ოფიციალური დოკუმენტი. საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც ეწევიან საცალო ვაჭრობას ბაზრობებზე, მცირე მაღაზიებში, სავაჭრო ჯიხურებში ან გარე ვაჭრობას. ეს არის კანონის ოფიციალური განმარტება და პასუხი კობა დავითაშვილის წერილზე”.

ბაინდურაშვილმა იქვე დასძინა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებით შეცდომაში შეიყვანეს ბაზრობაზე და გარედახლზე მოვაჭრეები, რომლებსაც საერთოდ არ ეხება საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი კობა დავითაშვილი კი ირწმუნება, რომ ვაჭრების პროტესტი თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსის წერილმა გამოიწვია, რომელიც ბაზრობაზე დასაქმებულებმა და მცირე მაღაზიების მფლობელებმა 28 იანვარს მიიღეს.

გარევაჭრობა თბილისში
დავითაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ ფინანსთა მინისტრის ოფიციალური წერილობითი პასუხი დააკმაყოფილებს. ჯერჯერობით მას ეს პასუხი არ მიუღია.

ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, ფინანსთა მინისტრის განმარტების აუცილებლობა საგადასახადო კოდექსის ორაზროვანმა შინაარსმა განაპირობა, რომელიც საგადასახადო ინსპექტორს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანი ქათამიძის კომენტარი:

”სავალდებულოა, რომ ჩვენს საგადასახადო კოდექსს მოჰყვეს ძალიან დეტალური და ნათელი განმარტებითი ბარათები, იმიტომ რომ რაღაცეები იგულისხმება, რასაც ჩვენ, მკითხველები, სტრიქონებს შორის ვერ ვხედავთ.”

საგადასახადო კოდექსის უფრო ცხადად და კონკრეტულად ჩამოყალიბების აუცილებლობა არაერთხელ აღუნიშნავთ ეკონომიკის სხვა ექსპერტებსაც. მთავრობას კი გადაწყვეტილი აქვს უახლოეს მომავალში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა გააერთიანოს, რაც ხარვეზების გამოსწორების საშუალებასაც იძლევა.
XS
SM
MD
LG