Accessibility links

logo-print
პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში ბრიფინგი გამართა და ჟენევის დისკუსიის მე-9 რაუნდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების თანათავმჯდომარეები, ისე ქართული მხარე ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღებას, რომელიც მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

ჩოჩიევის განცხადებით, ოსური მხარისთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მზადდება. ბოლო პროექტით დისკუსიის თანათავმჯდომერეებმა როგორც რუსულ, ისე ოსურ და აფხაზურ მხარეებს მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება მოსთხოვეს. ჩოჩიევის აზრით, ჟენევის კონსულტაციები ოსური მხარისთვის უფრო მეტად ზიანის მომტანია - ვიდრე სარგებელისა, ამიტომ მე-10 რაუნდზე გადაწყდება გააგრძელებს თუ არა მასში მონაწილეობას.

ქართული მხარის პოზიცია ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის შესახებ ცნობილია. მისი აზრით, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება უნდა მოხდეს და ამის შემდეგ გაგრძელდეს კონსულტაციები.

სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დისკუსიის მე-9 რაუნდის წინ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ქართული მხარე ოკუპანტთან რაიმე შეთანხმებაზე წასვლას არ აპირებს, ვიდრე მისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან არ გავა.

ჟენევის დისკუსიის მე-9 რაუნდზე, ახალგორისთვის ბუნებრივი აირის, ქართული სოფლებისთვის კი ცხინვალიდან სასმელი წყლის მიწოდების საკითხი განიხილებოდა. დღის წესრიგში ასევე შეტანილი იყო როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაკავებულების გათავისუფლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხი. კონკრეტულ შეთანხმებამდე მხარეები ვერ მივიდნენ. დისკუსიის მე-10 რაუნდის გამართვა მარტშია დაგეგმილი. ოსური მხარე მიიჩნევს, რომ ჟენევის კონსულტაციები ჩიხშია შესული და მასში მონაწილეობას აზრი აღარ აქვს.
XS
SM
MD
LG