Accessibility links

25 ოჯახი ბათუმის მერიას აფრთხილებდა, რომ მშენებარე სახლი უსაფრთხო არ იყო


ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მშენებარე 14 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-7 და მე-11 სართულების კედლები ღამით ჩამოინგრა და მახლობლად მდებარე ორსართულიან სახლში მცხოვრებნი დააზარალა. დაშავდა 4 ადამიანი. მათ სანახავად საავადმყოფოში მისულმა აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ ბათუმში საკმაოდ ძლიერი ქარი იყო, თუმცა მომხდარს ექსპერტები და სამართალდამცავები შეისწავლიან და საბოლოო დასკვნას გამოიტანენ.

მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული რევაზ ჯაში ამბობს, რომ ნგრევა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. მან ბინიდან, რომლის მხოლოდ რამდენიმე კედელია დარჩენილი, ვერც ერთი ნივთის გამოტანა ვერ შეძლო. რევაზ ჯაშის მეზობელს, მეგი ბეჟანიძეს, მაშველებმა დღეს დილით ნანგრევებიდან მხოლოდ მაცივარი გამოუტანეს. თავად მეგი ბეჟანიძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ეზოში მცხოვრები 25 ოჯახის წარმომადგენლებმა ბათუმის მერი და ინვესტორი რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ მათ მახლობლად მშენებარე სახლი უსაფრთხო არ იყო, რადგან მუდმივად რაღაც ცვიოდა და რამდენჯერმე სახურავიც ჩაინგრა.


კიდევ ერთი დაზარალებული ალეკო გეგენავა ამბობს, რომ ახალი კორპუსის მშენებლობა ”უცოდინრობით, უდარდელობით და უკონტროლოდ” მიმდინარეობდა. ”აი, შეხედეთ რამხელა სიგრძე აქვს და ყველა 4 ბეტონის შემდეგ არმირება უნდა გაკეთებულიყო, რაც არ არის. ასეა თავიდან ბოლომდე აშენებული. იმის გარანტიას ვინ მოგვცემს, რომ კიდევ არ დაინგრევა. ხომ ხედავთ, კედელი კიდევ გადმოხრილია” ,- გვითხრა ალეკო გეგენავამ.

ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და ეზო ორ მრავალსართულიან კორპუსს შორისაა მოქცეული. დაზარალებული მოქალაქეების დაკვირვებით, ბათუმში სოკოებივით მომრავლებული ახალი სახლები უხარისხოდ შენდება. ამ მოსაზრებას ეთანხმება აჭარის მთავრობის საკონსულტაციო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ნოდარ ჩხეიძე, რომელმაც ამ პრობლემაზე შარშან მერიაში სპეციალურად გამართულ შეხვედრაზეც მიუთითა. ”ბათუმში მშენებლობების 90% მიდის ე.წ. ”სნიპის” მიხედვით - იყო ასეთი სამშენებლო წესები და ნორმები. ვინაიდან დღეს საქართველოში არ გვაქვს ახალი ნორმები და იგი ამჟამად მუშავდება, ძველი ნორმებით ვხელმძღვანელობთ, ყოველგვარი დარღვევით. იმისთვის, რომ გაკეთდეს დიდი ეკონომია და მშენებელმა დიდი მოგება ნახოს, არღვევენ ნორმებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ ჩხეიძემ და ერთ-ერთ მაგალითად ის მოიყვანა, რომ გარეთა კედლებს, მძიმე ბლოკების ნაცვლად, მსუბუქით აშენებენ.

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის გამო? როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით დავითაძე ამბობს, ექსპერტიზა გაარკვევს, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები და რა ხარისხისაა მშენებლობა.
XS
SM
MD
LG