Accessibility links

logo-print
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების გადამოწმების პროცედურა ოფიციალურად დღეს, 5 თებერვალს, დაიწყო და 15 მარტამდე გასტანს. ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართული 12 საარჩევნო სუბიექტი, ინიციატივების სიმრავლის მიუხედავად, ჯერაც არ შეჯერებულა იმ კონკრეტულ მეთოდოლოგიაზე, რომელმაც არჩევნების შედეგების გაყალბების ალბათობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. პრინციპი კი, რომელსაც პარტიები ირჩევენ, უკვე არაერთხელ აპრობირებული ”კარდაკარია.”

ზუსტი საარჩევნო სიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ”ქრისტიან-დემოკრატებს” ეკუთვნით, საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციასა და პროცესის ერთობლივად განხორციელებას გულისხმობს. ინიციატივის ერთ-ერთი მიმართულებაა პარტიებისთვის სიების მონიტორინგის მიზნით გამოყოფილი თანხის, თითოეულისთვის 100 000 ლარის ოდენობით, ეფექტური ხარჯვა.

დავაფუძნოთ ფონდი, რომელშიც ყველა პარტია გადარიცხავს აღნიშნულ თანხას და, ჯამში, ამ ფონდში მოიყრის 1 200 000 ლარი. მეორე, ამ ფონდის მენეჯმენტი კონკურსის წესით გადავცეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და რომელიც შემოგვთავაზებს ასევე გადამოწმების კონკრეტულ მეთოდოლოგიას.”

ამბობს ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე. თუმცა ერთია მეთოდოლოგია და მეორე კი გადასამოწმებელი უბნების კარდაკარ შემოვლის გეოგრაფია. უბნების სიმრავლის გამო, ქრისტიან-დემოკრატები „კარდაკარის“ განსახორციელებლად პარტიებს საგანგებო წილისყრას სთავაზობენ. უბნების პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დანაწილების ინიციატივას არ იზიარებენ ”ალიანსი-საქართველოს” პოლიტიკური სუბიექტები, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სიების გადამოწმების საველე სამუშაოებში პარტიები დაბლოკებული ფორმით წარდგნენ. მემარჯვენე მამუკა კაციტაძე შენიშნავს:

”ახალი მემარჯვენეები რესპუბლიკელებთან და თავისუფალ დემოკრატებთან ერთად გავაერთიანებთ ჩვენს ფინანსურ და ადამიანურ რესურსს და ერთობლივად ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს. ალბათ, ანალოგიური მოხდება კონსერვატორებსა და ხალხის პარტიას შორის. იქ არიან კიდევ ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც შეიძლება ჩვენ დავაამხანაგოთ ამ პროცესში.”

”ალიანსი - საქართველოს” მიერ საარჩევნო სიების სრულყოფისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სპეციალური დოკუმენტი 13 პუნქტს მოიცავს. ეს წინადადებები, თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან წინასწარ, „კარდაკარის“ განხორციელების დაწყებამდე, იმ გარანტიის მიღების მცდელობაა, რომ „კარდაკარის“ დროს აღმოჩენილი დარღვევები საბოლოო საარჩევნო სიაში აისახება. „ალიანსი“ პოტენციურ ხარვეზთა 7 ძირითად კატეგორიაზე მიუთითებს. მათ შორისაა: ეგრეთ წოდებული მიწერილები, გარდაცვლილები, პატიმრობაში მყოფნი, საზღვარგარეთ მყოფნი, დევნილები და სიაში არმყოფნი.

პარტიების მიერ სიების გაადმოწმების პროცესი 5 თებერვლიდან ოფიციალურად გახსნილადაა გამოცხადებული. ”ალიანსში” აღნიშნავენ , რომ პოლიტიკური პარტიების მიერ სიების მონიტორინგის პროცესის დაწყება 15 თებერვლამდე სხვადასხვა უწყების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ელექტრონული მონაცემების ერთმანეთთან შეუსაბამობის გამო გადავადდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი განგვიმარტეს, რომ პარტიებმა ამ ეტაპზე 1 აგვისტოს მონაცემებით უნდა დაიწყონ სიების მონიტორინგი, 15 თებერვალს კი მათ გადაეცემათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამუშავებული განახლებული ვარიანტი, რომელიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ კომისიას 1 თებერვალს გადაუგზავნა. ამ ვარიანტში აგვისტოდან თებერვლამდე ამომრჩეველთა საერთო სიაში შესული კორექტივებია ასახული. ამას გარდა, 5 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ეგრეთ წოდებული ღია კარის დღე, რაც სიების მონიტორინგის პროცესში ნებისმიერი მსურველის ჩართვის შესაძლებლობას ნიშნავს.

საარჩევნო სიის შესწორების მეთოდოლოგიის შესამუშავებელ ცალკეულ ინიციატივებზე დღეს საქართველოს პარლამენტშიც ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის საუბრის თემა იყო, ერთი მხრივ, სამუშაო ჯგუფი, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და საარჩევნო სიების გადამოწმებას გაუწევს კოორდინაციას, მეორე მხრივ კი, ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც პარლამენტში ასევე საარჩევნო სიების მონიტორინგის მიზნით შეიქმნება.

”ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ სრული მზადყოფნა რომ ამ ჯგუფს ექნება საშუალება იმუშაოს საარჩევნო კომისიასთან, მიიღოს ყველა მისთვის აუცილებელი ინფორმაცია და მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პროცესში, რომელიც წარიმართება საარჩევნო კომისიაში და ეს კიდევ იქნება ერთი დამატებითი პირობა იმისთვის, რომ პროცესები ცესკოში იყოს სრულიად გამჭვირვალე ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებისთვის”, -

განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. დაპირება კი, რომელიც,თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, საარჩევნო სუბიექტების მისამართით გააკეთა, შემდეგია:

”შევუწყობთ ხელს არა მარტო „კარდაკარის“ პროგრამის ჩატარებას და გავუწევთ მას კოორდინაციას იმდენად, რამდენადაც ამის სურვილი მონაწილე პარტიებს ექნებათ, არამედ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი მათ მიერ წარმოდგენილი წინადადება განვიხილოთ და, რამდენადაც ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება დროისა და ტექნიკური თვალსაზრისით, მაქსიმალური დახმარება და ქმედება განვახორციელოთ ამ მიმართულებით.”
XS
SM
MD
LG